Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაწყნარდეს ქვეყანა...რა დროს გართობაა“ - POSTV-ზე ირმა სოხაძის გადაცემა შეჩერდა


მომღერალი და ტელეწამყვანი ირმა სოხაძე
მომღერალი და ტელეწამყვანი ირმა სოხაძე

ტელევიზია POSTV-ზე შეჩერდა შუადღის გადაცემა „დღის პოსტი“. ეს გადაცემა მომღერალ ირმა სოხაძეს თანაწამყვანთან, მანო მურღულიასთან ერთად მიჰყავდა. ირმა სოხაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გადაცემის შეჩერების ინიციატორი თავად იყო. მიზეზად „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასახელებს.

„არავის არაფერი არ დაუხურავს, ჩემი თხოვნა იყო გაჩერება, გავაჩერეთ გადაცემა გაურკვეველი დროით. არ ვიცი დავბრუნდები, ისევ ამ გადაცემას წავიყვან, სხვას თუ რას ვიზამ, მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ არ შეიძლება გასართობი, მსუბუქი გადაცემა, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემიძლია წავიყვანო. მქონდა თხოვნა, გაიზიარეს ჩემი თხოვნა და გააჩერეს გადაცემა“, - უთხრა ირმა სოხაძემ რადიო თავისუფლებას.

მომღერალს არ აქვს პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა POSTV-სთან თანამშრომლობის გაგრძელებას, თუმცა რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ „მისთვის გადაცემა ტელევიზიის მენეჯმენტს არ დაუხურავს“ და რომ ეს მცდარი ინფორმაციაა.

„მე არ წავიყვან ამ გადაცემას და გავაჩეროთ-მეთქი? - გავაჩეროთო. ყველა დამეთანხმა, დაწყნარდეს, დამშვიდდეს ყველაფერი და მერე ვილაპარაკოთ, რა იქნება. დაწყნარდეს ქვეყანა, რა დროს ჩემი გადაცემაა, გართობა და მხიარულება. ვითომც აქ არაფერი, მე არ შემიძლია ასე“, - ამბობს მომღერალი.

შუადღის გადაცემის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დროში ემთხვევა ირმა სოხაძის ინტერვიუს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“. მომღერალმა და ტელეწამყვანმა ამ ინტერვიუში თქვა, რომ ხელისუფლება უნდა შეელიოს კანონპროექტს, რომ ევროპისკენ სვლა კონსტიტუციის 78-ე მუხლითაა გარანტირებული და რომ საჭირო არ არის განსხვავებული აზრის დევნა, შეთქმულების თეორიების განხილვა.

„მე არ ვიცი, ეს კანონი რუსულია, ფრანგული თუ ამერიკული და არც მაინტერესებს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ ვნებათაღელვას იწვევს. სტრატეგიული პარტნიორების უმეტესობა გვაფრთხილებს, თქვენთვის ეს არ ივარგებს და არ გააკეთოთო, ამიტომ უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება. გავაკეთოთ ის, რაც ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის. პროტესტს ხელოვნურად ვერ გავაჩერებთ, ვერაფრით შევეწინააღმდეგე", - განაცხადა ირმა სოხაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

ირმა სოხაძე ამბობს, რომ ინტერვიუს გამოქვეყნების მომენტისთვის მისი გადაცემა უკვე შეჩერებული იყო და ტელევიზიის მენეჯმენტისგან არც მითითება და არც რაიმე მინიშნება არ მიუღია კრიტიკული პოზიციის გამო.

„ეს პოზიცია არავისთვის იყო სიურპრიზი, ამას გასულ წელსაც ვამბობდი მეგობრებთან, სამსახურში, ჩემი სტუდიიდან, ჩემი გადაცემიდანაც მაქვს განცხადება გაკეთებული.

გეუბნებით, რომ მე ვითხოვე. ასეთი ესკალაცია თბილისში შარშან არ ყოფილა, ამიტომ ანაქრონიზმად მიმაჩნია ჩემი გადაცემა, მხიარულება და სიმღერები...

ნეტა ვცდებოდე და არ იყოს ეს კანონი საფრთხეების შემცველი, ნეტავ და მე პირველი ვიტყვი, რომ შევცდი”, - ამბობს მომღერალი.

POSTV-ის დილის გადაცემას, „პოსტალიონს“, აღარ წაიყვანს მსახიობი ანა ამილახვარი. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში 15 მაისს ვრცელ პოსტში დაწერა. ანა ამილახვარი ამბობს, რომ არხი განსხვავებული პოზიციის გამო დაატოვებინეს.

„ორი კვირის წინ, აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ დავწერე კომენტარი, რომელიც იყო მიმართული არა ძალადობისკენ და გაოცება იმაზე, რომ ეს კანონი კიდევ განიხილება, ერთი წლის შემდეგ. ზუსტად ვიცოდი, რომ მალევე დამიბარებდნენ, ერთხელ მქონდა პრეცენდენტი (მერია და კალაძე მოვნიშნე და ამაღებინეს) მოკლედ, დაველოდე და ისე მალე მომიხმეს გამეცინა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან ზრდილობიანად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა. უბრალოდ ჰუმანური პოზიციაც კი მიუღებელია. დავიშალეთ, მე ჩემს გზაზე, ისინი თავისაზე", - წერს ამილახვარი.

მსახიობის თქმით, გათავისუფლების შემდეგ შეიტყო, რომ ამ არხზე დასაქმებულ სხვა თანამშრომლებსაც გაუწყვიტეს ხელშეკრულებები. ანა ამილახვარი მათ ვინაობას არ ასახელებს.

„გაოცებული ვარ ამ დემოკრატიულ, სინათლით სავსე ქვეყანაში რანაირად მოხდა ასე, მაგრამ რას ვიზამთ?! ეხლა გამოხტებიან ზოგ-ზოგიერთები ჩემს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე დიდად გული რომ შესტკივათ და მკითხავენ მანდ საერთოდ რატომ მუშაობდიო?! არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო ამიტომ თავი შეიკავეთ გთხოვთ”, - ამბობს ამილახვარი და ფეისბუკში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატუსს აქციაზე გადაღებულ ვიდეოს ურთავს.

ის სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო მსვლელობებისა და აქციების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას.

ათავისუფლებს თუ არა "ხალხის ძალის" პროპაგანდისტული ტელევიზია სამსახურიდან განსხვავებული პოზიციის მქონე თანამშრომლებს? - ამ კითხვით რადიო თავისუფლება არხის ერთ-ერთ მეწილეს, შალვა რამიშვილს დაუკავშირდა. რამიშვილი კითხვებს არ პასუხობს, რადგან „რადიო თავისუფლება არ მოსწონს“ და „მასთან თანამშრომლობა არ სურს“.

„ხალხის ძალის" ტელევიზია POSTV ღიად პროსახელისუფლებო მედიაა. არხის მენეჯმენტი მხარს უჭერს "აგენტების კანონს" და მათ მიერ მომზადებული გადაცემები კანონის საწინააღმდეგო აქციების დისკრედიტაციას ემსახურება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG