Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ამოწმებს ანტიკორუფციული ბიურო „აირჩიე ევროპას“ და რატომ არის საშიში ეს პრეცედენტი?


"აირჩიე ევროპა" - სამოქალაქო მოძრაობის წარდგენა, 11 ივლისი, 2024 წელი
"აირჩიე ევროპა" - სამოქალაქო მოძრაობის წარდგენა, 11 ივლისი, 2024 წელი

ანტიკორუფციულმა ბიურომ სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ ფინანსური შემოწმება გადაწყვიტა. 10 დღის წინ, 6 სექტემბერს, ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლების შესახებ ფინანსური ინფორმაციის მიღების უფლება მოითხოვა.

მოსამართლე ციცინო როხვაძემ ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა იმავე დღეს, მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა და ბიუროს დართო უფლება ბანკებს მოსთხოვოს ინფორმაცია სამოქალაქო მოძრაობისა და მისი დამფუძნებლების შესახებ.

ანტიკორუფციული ბიურო აპირებს, შეისწავლოს არა მხოლოდ ორგანიზაციის, ანუ იურიდიული პირის, არამედ მისი ექვსივე დამფუძნებლის, ანუ ფიზიკური პირების ფინანსური ინფორმაცია.

სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ 2024 წლის 11 ივლისს შეიქმნა, არის რეგისტრირებული ა(ა)იპ. ორგანიზაციის მიზანია „დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი“. მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან ხათუნა ლაგაზიძე (უსაფრთხოების ექსპერტი), ლელა ჯეჯელავა (თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი), გიორგი რუხაძე (ექსპერტი ევროპული პოლიტიკის საკითხებში), ლაშა ძებისაშვილი ("საქართველოს უნივერსიტეტის" პროფესორი) და ივა ჭყონია (ბიზნესმენი). მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს აერთიანებს.

რატომ ითხოვს ანტიკორუფციული ბიურო „აირჩიე ევროპის“ ფინანსურ მონიტორინგს?

ანტიკორუფციული ბიუროს გეგმები ლელა ჯეჯელავამ, მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და თსუ-ს პროფესორმა, 11 სექტემბერს შეიტყო, მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანება ჩაჰბარდა. იმავე დღეს შეიტყვეს ფინანსური მონიტორინგის შესახებ მოძრაობის სხვა დამფუძნებლებმაც:

„ყველაფერი პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ. მოსამართლე ციცინო როხვაძემ, ყოველგვარი წინასწარმოკვლევისა და განხილვის გარეშე, ისე, რომ მხარედაც არ ჩაგვთვალეს, ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო ჩვენი „დახვრეტა, ჩამოხრჩობის“ გადაწყვეტილება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლელა ჯეჯელავა.

ლელა ჯეჯელავა, "აირჩიე ევროპის" თანადამფუძნებელი
ლელა ჯეჯელავა, "აირჩიე ევროპის" თანადამფუძნებელი

„სასამართლოს ბრძანებაში მოყვანილია ჩემი და ორგანიზაციის დირექტორის, ხათუნა ლაგაზიძის სატელევიზიო ღია გამოსვლები. ჩემი შემთხვევა განსაკუთრებით გროტესკულია. მტკიცებულებად აქვთ წარმოდგენილი ჩემი საჯარო ეთერი ტელეკომპანია „ფორმულაში“, სადაც ვყვები სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრის ამბებს და ვაკეთებ დასკვნას, რომ მოსახლეობამ კარგად იცის, რატომ უნდა აირჩიოს ევროპა, რას მოუტანს მას ევროპული კეთილდღეობა, რატომ უნდა მისცენ ხმა პროდასავლურ პარტიებს და არა 41-ს.

აი, ეს არის ის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც რაჟდენ კუპრაშვილმა [ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი - რ.თ.] და მოსამართლე ციცინო როხვაძემ გადაწყვიტეს, რომ მე მაქვს გაცხადებული პოლიტიკური საარჩევნო მიზნები. მშობლიური ენის მესამე კლასის გრამატიკის ცოდნა სრულიად საკმარისი იქნებოდა მათთვის, რომ მიმხვდარიყვნენ, რომ მესამე პირში ვერ მოხდება გაცხადებული საარჩევნო მიზნების გამოცხადება, რადგან მე გადმოვცემდი მოსახლეობის აზრს. ეს არის სრული აბსურდი ყველა თვალსაზრისით - სამართლებრივი, პოლიტიკური და, გნებავთ, ლინგვისტური თვალსაზრისითაც“, - ამბობს ლელა ჯეჯელავა.

ანტიკორუფციული ბიურო, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, 2022 წლის 30 ნოემბერს შეიქმნა. ბიუროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განსაზღვრა, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და გეგმის შესრულების მონიტორინგი. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ამოცანაა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის გამოვლენა და თავიდან აცილება.

ანტიკორუფციული ბიუროს უფლება აქვს შეისწავლოს პოლიტიკური პარტიებისა და გაცხადებული პოლიტიკური საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციათა და ადამიანთა ფინანსური საქმიანობა.

ანუ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვიტა, რომ სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ „გაცხადებული პოლიტიკური/საარჩევნო მიზნის მქონე“ ორგანიზაციაა.

ამის დასადასტურებლად ბიურომ სასამართლოს შუამდგომლობაში „აირჩიე ევროპის“ სამოქალაქო აქტივობების შინაარსსა და მისი დამფუძნებლების საჯარო განცხადებებზე გაამახვილა ყურადღება.

სასამართლომ კი ისინი სწორედ ისეთ წინასაარჩევნო პოლიტიკურ განცხადებებად მიიჩნია, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის - „ქართული ოცნების“ "მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს ემსახურება" და გადაწყვიტა, რომ ორგანული კანონის შესაბამისად, ფინანსურ მონიტორინგს ექვემდებარება.

„აირჩიე ევროპას“, ცხადია, არანაირი გაცხადებული საარჩევნო მიზანი არც ჰქონია და არც აქვს. პირიქით, არაერთგზის განგვიცხადებია და მედიასაც სულ ამაზე ველაპარაკებით, რომ ეს მოძრაობა შეიქმნა სამოქალაქო აქტივიზმისთვის და მისი მანდატი მხოლოდ ამ მიზნით შემოიფარგლება. ამ მოძრაობას ერთადერთი მიზანი აქვს, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენი არჩევანი ევროპა და მისკენ სვლაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვირჩევთ დემოკრატიულ, პროდასავლურ პოლიტიკას“, - ამბობს ლელა ჯეჯელავა.

როგორ კითხულობს კანონს ანტიკორუფციული ბიურო და როგორ კითხულობენ მას იურისტები?

იურისტი კახა კოჟორიძე სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპისა“ და მისი დამფუძნებლების ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში დაიცავს.

13 სექტემბერს, სამოქალაქო მოძრაობამ და მისმა დამფუძნებლებმა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და გადაწყვეტილებას მომდევნო ათ დღეში ელოდებიან:

კახა კოჟორიძე, იურისტი
კახა კოჟორიძე, იურისტი

„არც „აირჩიე ევროპას“, როგორც იურიდიულ პირს და არც მის დამფუძნებლებს, როგორც ფიზიკურ პირებს, არ აქვთ განცხადება გაკეთებული არც საჯაროდ და არც წესდებაში უწერიათ, რომ აქვთ გაცხადებული საარჩევნო მიზანი და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანული კანონის ამ კრიტერიუმს „აირჩიე ევროპა“ და მისი დამფუძნებლები არ აკმაყოფილებენ და, შესაბამისად, ანტიკორუფციულ ბიუროს მონიტორინგის უფლება არ აქვს“, - ეუბნება კახა კოჟორიძე რადიო თავისუფლებას და საუბარს ერთი კითხვით აგრძელებს:

„მაშ, რა საფუძვლით მოითხოვა ანტიკორუფციულმა ბიურომ ამ ადამიანების მონიტორინგი? მათ გამოიყენეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მეოთხე პუნქტის ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერი".

რა წერია კანონში: ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაღებულ ფულად თანხაზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით გაცემულ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე (მათ შორის, შეღავათიან კრედიტზე), მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი თანხის, ფასეულობის ან/და მომსახურების მიმღები სუბიექტი.

„კანონში არსებული ამ ჩანაწერის თანახმად, თუკი პირს გაკეთებული აქვს განცხადება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ხმის მიცემისგან თავის შეკავების მიზნით და თუკი მას მიღებული აქვს რაიმე სერვისი, მომსახურება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ამ სერვისის მიმღები თუ გამცემი, მაინც ექვემდებარება მონიტორინგს. ეს არის ბუნდოვანი ნორმა, რომელიც იძლევა როგორც სწორი, ისე მცდარი ინტერპრეტაციის საშუალებას.

...ვხედავთ, რომ სახეზეა ნორმის არასწორი ინტერპრეტაცია, როდესაც ივიწყებ კონსტიტუციას, ორგანულ კანონს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს და კონვენციებს, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

ეს არის ძალიან საშიში ლოგიკა.

მაგალითად, 200-ათასიან მიტინგზე, ხალხმა რომ გააკეთოს განცხადება, მოდი, შევპირდეთ ერთმანეთს, რომ ანტიდასავლურ პარტიას ხმა არ მივცეთ და იმ აქციაზე, პირობითად, დარიგდა აირწინაღები, ან წყალი, რაც ზოგადად აქციებზე რიგდება ხოლმე, შეიძლება ეს ადამიანები ასევე დაექვემდებარონ ფინანსურ მონიტორინგს. ძალიან დიდ აბსურდში გადავდივართ. მაშინ რაღას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება?

ეს ჩანაწერი არ უნდა შეეხოს ფიზიკურ პირებს, ადამიანებს, რომლებიც არ არიან საარჩევნო სუბიექტები“, - ამბობს კახა კოჟორიძე.

სწორედ ამ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ განცხადებაში, რომელიც მათ 16 სექტემბერს გაავრცელეს.

,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გაცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი და ეს განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.

ამავე კანონის მიხედვით, შეზღუდვები არ შეიძლება გამოიყენონ გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივობის განხორციელებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის წინააღმდეგ:

„ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, თუ კონკრეტულ პირებს არ აქვთ საჯაროდ გაკეთებული განაცხადი, რომ არჩევნების გზით სურთ ხელისუფლებაში მოსვლა და, ამავდროულად, ეს პირები საჯარო გამოსვლებისას აკეთებენ პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ, ასეთ შემთხვევაში ეს განცხადებები უკავშირდება აღნიშნული პირების გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას, რაც არ უნდა დაექვემდებაროს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედებას“, - წერია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებაში.

ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს განეკუთვნება:

  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის),
  • საარჩევნო სუბიექტისა და
  • გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებები.


ამ მიზნით, ბიურო აღჭურვილია უფლებამოსილებით, ნებისმიერისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა). ბიუროს ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით იმ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება.

ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. ბიურომ უნდა მიუთითოს ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ანტოკორუფციულ ბიუროს კონკრეტულად აქვს გაწერილი სამოქმედო მანდატი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელმაც 16 სექტემბერს საგანგებო განცხადება გაავრცელა, ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო "აირჩიე ევროპის" ფინანსური მონიტორინგის შემთხვევაში, სცილდება საკუთარ მანდატს.

გარდა ამისა, შუამდგომლობაში, რომლითაც სასამართლოს სამოქალაქო მოძრაობისა და მისი დამფუძნებლების ფინანსური მონიტორინგის უფლების მინიჭების მოთხოვნით მიმართავს, არ აქვს მითითებული, კონკრეტულად რის საფუძველზე ითხოვს ფინანსურ შემოწმებას:

„ანტიკორუფციული ბიუროს დასაბუთებით, ორგანიზაცია [“აირჩიე ევროპა“ - რ.თ.] ახორციელებს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერისგან თავის შეკავების კამპანიას. ბიურო არ განმარტავს, რომელი ნორმა ანიჭებს უფლებამოსილებას, წარადგინოს შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვნის შესახებ ისე, რომ კონკრეტული კანონით გათვალისწინებული სუბიექტის მიმართ არ ხორციელდებოდეს მონიტორინგის პროცესი, ან რომელი ნორმით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებულ რეგულაციაზე გაავრცელოს საკუთარი მანდატი“, - წერია განცხადებაში.

იურისტები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმასაც, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ფინანსური მონაცემები გამოითხოვა 2024 წლის პირველი იანვრიდან - 26 ივლისის ჩათვლით. თავად სამოქალაქო მოძრაობა 2024 წლის 11 ივლისს დაფუძნდა:

„ბიურო, ისევე, როგორც სასამართლო, არ ასაბუთებს, ფიზიკური პირების ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროებას და მიზანთან თავსებადობას. ასევე, ბუნდოვანია ზღვარი სამოქალაქო მოძრაობას, როგორც იურიდიულ პირსა და მის დამფუძნებლებს შორის. ანტიკორუფციული ბიურო ერთიანად აქცევს მონიტორინგში როგორც ორგანიზაციას, ასევე მის დამფუძნებლებს“, - წერია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

მოსამართლის „გერბიანი ბეჭედი“

კახა კოჟორიძე ამბობს, რომ მოსამართლის განცხადება, რომელიც სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლებს ჩაბარდათ, „გერბიანი ბეჭდით“ არის დადასტურებული. მისი თქმით, ასეთი ბეჭდები ენიჭება ისეთ განჩინებებს, რომლებიც მიღებისთანავე შედის ძალაში ან იმ შემთხვევაში, თუკი უკვე გაშვებულია გასაჩივრების ვადა.

„რაკი სასამართლომ ამ ბრძანებას თავიდანვე დაარტყა გერბიანი ბეჭედი, ე.ი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, ეს ბრძანება გასაჩივრდებოდა თუ არა, ის უკვე შესული იყო კანონიერ ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ეს ბრძანება ბანკებს მიუვათ, ბანკები ვალდებულები ხდებიან, გამოთხოვილი ინფორმაცია მისცენ ბიუროს, მიუხედავად იმისა, სასამართლოს ეს ბრძანება გავასაჩივრეთ თუ არა სააპელაციო სასამართლოში“, - ამბობს კახა კოჟორიძე და ამატებს:

„სააპელაციო სასამართლოს ჩვენი საჩივრის განხილვის 10-დღიანი ვადა აქვს. შესაბამისად, შეიძლება მივიღოთ ასეთი აბსურდული მოცემულობა, რომ სააპელაციო სასამართლოში ჩვენ საქმე მოვიგოთ და ამასობაში ბანკებს უკვე გადაცემული ჰქონდეთ მოთხოვნილი ინფორმაცია ანტიკორუფციული ბიუროსთვის.

ჩვენ ბანკებს უკვე მივწერეთ, რომ სასამართლოს ბრძანება გასაჩივრებულია და არ გასცენ ეს ინფორმაცია, მაგრამ შესაძლოა, ბანკებმა თქვან, რომ რაკი ბრძანება მისულია სასამართლოს გერბიანი ბეჭდით, ინფორმაციის გაცემის ვალდებულება აქვთ. არ გამოვრიცხავ, რომ ბანკებს ეს პოზიცია ჰქონდეთ“.

რა მიზანი აქვს „აირჩიე ევროპას“?

სასამართლოს ბრძანება ჩაჰბარდა გიორგი რუხაძესაც, „აირჩიე ევროპის“ კიდევ ერთ დამფუძნებელსა და ექსპერტს ევროპული პოლიტიკის საკითხებში.

ის დარწმუნებულია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს და, შესაბამისად, მმართველი გუნდის მიზანია, სამოქალაქო მოძრაობის წინააღმდეგ წამოწყებული რეპრესიული კამპანიით, აქტიური მოქალაქეების დაშინება და გაჩუმება:

გიორგი რუხაძე, "აირჩიე ევროპის" თანადამფუძნებელი
გიორგი რუხაძე, "აირჩიე ევროპის" თანადამფუძნებელი

ეს კამპანია სამ ფაქტორს ემსახურება: პირველი - შეგვაშინონ; მეორე - როგორც ორგანიზაცია - გაგვაჩერონ და მესამე - როგორც ინდივიდები, გაგვაჩუმონ. ჩვენ გავყვებით იურიდიულ ხაზს, ამას ვაქცევთ პრეცედენტულ საქმედ და პარალელურად, გაორმაგებული ენერგიით შევეცდებით ჩვენი მისიის შესრულებას, რაც არის მაქსიმალურად მეტი პროევროპულად განწყობილი ადამიანის მიყვანა საარჩევნო უბანზე არჩევნების დღეს“, - ეუბნება გიორგი რუხაძე რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ანტიკორუფციულ ბიუროს ხომ არ აქვს დაწყებული ფინანსური მონიტორინგი სხვა სამოქალაქო მოძრაობების, მათ შორის, ფიზიკური პირების მიმართაც, თუმცა, უწყებისგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

მმართველი გუნდი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი კი თვლის, რომ სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ „პირდაპირ აწარმოებს აგიტაციას იმისათვის, რომ ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ოთხ პარტიას“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 13 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე:

„აქ იკვეთება რეალურად არჩევნების არალეგალური დაფინანსების ნიშნები, თუმცა, ამას საბოლოოდ დაადგენს შესაბამისი სამსახური“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 13 სექტემბერს, იმ დღეს, როდესაც სამოქალაქო მოძრაობის თანადამფუძნებლებმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა არ არის მიღწეული, მის მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები წარმოშობს ეჭვებს ანტიკორუფციული ბიუროს მანდატის თვითნებური გამოყენების თაობაზე და მოუწოდებენ სასამართლოს შეასრულოს ბალანსისა და უფლებების დაცვის გარანტის ფუნქცია და უზრუნველყოს საქმის სამართლიანი და მიუკერძოებელი განხილვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG