Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე „გლობალური ომის პარტიის“ სახით


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პრემიერმა კვლავ ახსენა „გლობალური ომის პარტია“, თუმცა აღნიშნა, რომ დახურულ შეხვედრაზეც კი სახიფათოა ამ თემის განხილვა. კობახიძის თქმით, ო' ბრაიენს მხოლოდ ინფორმაციის 30% გაუზიარა.

„ჩვენ ამ თემაზე [„გლობალური ომის პარტიაზე“] იცით, რომ გახსნილად ვერ ვსაუბრობთ. თქვენ თუ გიზიარებთ ინფორმაციის დაახლოებით 20%-ს, ბატონ ო' ბრაიენს გავუზიარე ინფორმაციის დაახლოებით 30%. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემებზე საუბარი, მაგრამ მინიშნებები, რა თქმა უნდა, გვქონდა. თქვენთანაც გვაქვს ხოლმე გარკვეული მინიშნებები. ბატონ ო' ბრაიენთან გვქონდა კიდევ უფრო ფართოდ გაშლილი მინიშნებები, თუმცა დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან, ძალიან უხერხულ საკითხს და საკმაოდ სახიფათო საკითხს. სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე „გლობალური ომის პარტიის“ სახით“, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ჯიმ ო'ბრაიენი მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებას "გლობალური ომის პარტიაზე" შეთქმულების თეორიას უკავშირებს.

„რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის კონსპირაციის თეორიებს და იმას, თითქოს გლობალური ომის პარტიას სურს "ქართული ოცნება" აღარ იყოს ხელისუფლებაში მათი 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ჩემი აზრით, ესაა ძალიან არარეალისტური, არასწორი გაგება საერთაშორისო საზოგადოების ერთგულებისა საქართველოს მიმართ“, - უთხრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ო' ბრაიენთან ისაუბრა დე ფაქტო სანქციებზეც, რომლებიც, მისი აზრით, დაწესებულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მისი თქმით, „აგენტების კანონის“ გამო ოფიციალური სანქციების დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა.

„კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ სანქციები არავითარი ფორმით არ იყო ნახსენები ორსაათ-ნახევრიან შეხვედრაზე, რომელიც შედგა ჩვენ შორის. რაც შეეხება [ო' ბრაიენის] ბრიფინგს, ეს ბრიფინგი მე მოვისმინე, თუმცა სანქციები ნახსენები არ იყო ორმხრივ შეხვედრაზე არავითარი ფორმით. ჩვენ გვქონდა განხილვა დე ფაქტო სანქციებზე, რომელიც არის დაწესებული უკვე ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუმცა ამ შეხვედრაზე ფორმალურ სანქციებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. პრინციპში, ჯობია ხოლმე, თუ რაიმე განცხადება უნდა გაკეთდეს მოგვიანებით, ჯობია, ორსაათ-ნახევრიან შეხვედრაზე რაიმე მინიშნება მაინც მოგვცენ ამასთან დაკავშირებით, ეს ეტიკეტის საქმეა, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე, მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით და ზოგადად, თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ პირობებში ასეთი არასერიოზული თემების წამოწევა არის მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული, შემიძლია ცალსახად გითხრათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჯიმ ო'ბრაიენმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ე.წ. აგენტების კანონის მიღებას, თუკი ის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ-ის ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება მოჰყვება პასუხისმგებელი პირებისთვის.

ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველოში ვიზიტისას პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა. იგი მთავრობის ადმინისტრაციაში 14 მაისს, დღის 12:00 საათისთვის მივიდა და შენობა 15:00-ის წუთებზე დატოვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ამ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანიც ესწრებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ჯიმ ო'ბრაიენი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“, მწვავე პროტესტის ფონზე, მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. კანონპროექტს თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქებში ერთ თვეზე მეტია აპროტესტებენ მოქალაქეები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG