Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საინვესტიციო გადაწყვეტილებები დაპაუზებულია". რა პოზიცია აქვს ბიზნესს "აგენტების კანონზე"?


პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან. 10 მაისი, 2024 წელი
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან. 10 მაისი, 2024 წელი

ბიზნესის ნაწილი მთავრობას მოუწოდებს, "აგენტების კანონი" გაიწვიოს, ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერს ხვდება.

9 ბიზნესგაერთიანება „აგენტების კანონის“ გაწვევას ითხოვს

10 მაისს ერთობლივ ბრიფინგზე საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლებმა ასევე თქვეს, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტს, თუ კანონად იქცა, ნეგატიური გავლენა ექნება ბიზნესზე, განსაკუთრებით კი უცხოურ ინვესტიციებზე.

„ინვესტორი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ყოველთვის სტაბილურ გარემოს ეძებს. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, სადაც არასტაბილური პოლიტიკური გარემოა და ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. ეს აუცილებლად იმოქმედებს საინვესტიციო გარემოზე, მით უფრო, როცა ჩვენი პარტნიორები მოგვიწოდებენ, გვთხოვენ, რომ სხვა გამოსავალი ვნახოთ და ეს კანონი არ მივიღოთ. [ეს კანონი] შეაფერხებს როგორც ეკონომიკურ სტაბილურობას და განვითარებას, ასევე სვლას ევროპისკენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე.

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე
ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე

ბიზნესგაერთიანებებს შორის იყო გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებაც [DWV], რომლის ხელმძღვანელი, საშა ტერნესი შექმნილ ვითარებას კრიტიკულს უწოდებს.

„ხუთი თვის წინ, როდესაც საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ყველა ვზეიმობდით. ძალიან სამწუხაროა, როცა ასე მოკლე პერიოდში ყველაფერი შეიცვალა. თუ გვსურს სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება, ევროინტეგრაციის გზა არ უნდა დაიკარგოს. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს უამრავ კითხვას ვიღებ წევრებისგან, ინვესტორებისგან და პარტნიორებისგან. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდება მას შემდეგ, რაც ამ კანონს მიიღებენ?! შემდეგ იქნება არა კითხვები, არამედ გადაწყვეტილებები აქტივობის შემცირებისა თუ შეჩერების მიმართულებით. ბევრი საინვესტიციო გადაწყვეტილებაა, რომელიც ამ დროისთვის დაპაუზებულია“, - ამბობს ტერნესი და ამატებს, რომ ბევრი კომპანია, რომელიც დღეს ფიქრობს საქართველოში წარმომადგენლობა გახსნას, ამას აღარ გააკეთებს.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საშა ტერნესი
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საშა ტერნესი

უცხოური ინვესტიციები ეკონომიკისთვის რამდენიმე მიმართულებითაა მნიშვნელოვანი: იქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ქვეყანაში ცოდნა და ტექნოლოგიები შედის და, რაც მთავარია, უცხოური ვალუტის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რაც ლარის კურსის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით შარშანაც არ იყო წარმატებული წელი, ქვეყანაში ინვესტიციები 24%-ით, 1,6 მილიად დოლარამდე შემცირდა.

7 მაისს ასევე გავრცელდა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური პარტნიორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს დააზიანებდა.

ინვესტიციების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს სვენ გიგოლდი, გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის ქმედების სამინისტროს (BMWK) სახელმწიფო მდივანი, რომელიც 7-8 მაისს ბიზნესდელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში.

„მთავრობის წინააღმდეგობრივი გზავნილები ევროკავშირში გაერთიანებაზე უკვე უქმნის საფრთხეს ინვესტიციებს ევროკავშირის კომპანიებიდან“, - ამბობს ის.

10 მაისის პრესკონფერენციას ეწრებოდა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ ველტონიც. AmCham-მა საქართველოს პრემიერს „აგენტების კანონის“ გაწვევა აქამდეც სთხოვა.

„თითოეული ჩვენგანი აპოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოვადგენთ და, როგორც წესი, მიმდინარე საკითხებზე განცხადებებს არ ვაკეთებთ. ძალიან უცნაურია, ამის გაკეთება რომ გვიწევს. თუმცა მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობა გვაიძულებს, ეს გავაკეთოთ.

ბევრი პროგრამა ქვეყანაში უკვე დიდი ხანია მოქმედებს და მას სხვადასხვა ორგანიზაცია უჭერს მხარს, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით ნაცნობია ის პროგრამები, რომლებიც USAID-ის მიერ არის მხარდაჭერილი. ისინი ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას არაერთ სექტორში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ტურიზმი თუ განათლება... მათ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. კითხვის გარეშეა, რომ ისინი კარგ მიზნებს ემსახურება, მაგრამ მათი განხორციელება ძალიან გართულდება“, - ამბობს ჯორჯ ველტონი.

ბიზნესგაერთიანებების ერთობლივი პრესკონფერენცია
ბიზნესგაერთიანებების ერთობლივი პრესკონფერენცია

პრესკონფერენციაზე დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ თქვა, რომ ბოლო დღეებში მომხდარი თავდასხმები საქართველოს მოქალაქეების დაუცველობაზე მიუთითებს.

„არაერთი განცხადება იყო, რომ თურმე კანონპროექტის შინაარსი უნდა გავიგოთ. კვლავაც ჩემს პოზიციაზე ვარ, რომ ნამდვილად არ აქვს აზრი ამ კანონპროექტის შინაარსში შესვლას, ამაზე დროის კარგვას არ ვაპირებ. ყველაზე მყარი პარტნიორები: ამერიკელები და ევროპელები, რომლებსაც ჩემზე ბევრად უკეთ ესმით ამ კანონპროექტში რა წერია, ისინი მიგვითითებენ, რომ დაგვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს და ყველაზე მჭიდრო პარტნიორს - ამერიკას. ეს, ჩემი პირადი აზრით, დანაშაულია“, - განაცხადა ჭყონიამ.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ დღეს გამართულ პრესკონფერენციაში ჯამში ცხრა ბიზნესგაერთიანებამ მიიღო მონაწილეობა:

  • ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო
  • ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
  • სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთი-საქართველო
  • ევროპული ბიზნესასოციაცია საქართველოში
  • დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია
  • საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
  • გადასახადის გადამხდელთა კავშირი
  • საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია

80 ბიზნესმენი მთავრობას ხვდება

დღესვე, პრემიერი ირაკლი კობახიძე ქართველ ბიზნესმენებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. პრემიერის აპარატის ცნობით, შეხვედრას, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. პრემიერის პრესსამსახურში არ თქვეს, რა თემაზე სასაუბროდ მიიწვია კობახიძემ ბიზნესის წარმომადგენლები.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება“, - დაწერა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარი იყო „აგენტების კანონზეც“.

„მე ისეთი დასკვნა გამომაქვს, რომ შინაარსობრივად რაღაც ცვლილებები მოხდება. პრობლემა არის სახელი, რომ რუსული კანონი ჰქვია და ეს სახელი მიუღებელია საზოგადოებისთვის. ვთვლი, რომ ეს არის პრობლემა. ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა ჩვენს წინაშე, რომ ჩვენი გზა ევროპაშია. ძირითადი დრო დაეთმო იმაზე საუბარს, რომ ბიზნესი უნდა იყოს სტაბილური…“, - თქვა ჭყონიამ.

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ, რომელმაც თქვა, რომ „გამჭვირვალობაში“ პრობლემას ვერ ხედავს.

„ბიზნესიც ღია და გამჭვირვალეა. ჩვენც ყოველწლიურად ვაბარებთ დეკლარაციებს. მეც რეგისტრირებული კომპანია ვარ, უბრალოდ ჩემს რეესტრს ჰქვია სამეწარმეო რეესტრი, სხვას ჰქვია სხვა რეესტრი...“, - თქვა მან.

პრემიერთან შეხვედრამდე მცირე კოომენტარი გააკეთა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმაც და თქვა, რომ „ბიზნესი წნეხის ქვეშ ბოლო 12 წელია არ ყოფილა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG