Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი: მიზანია ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალის სრულად ათვისება


„ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ის ამბობს, რომ ამ შეხვედრის ძირითადი სლოგანი - „ხიდი მომავლისკენ“ - „საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს“.

„ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის. ამ ხედვას აძლიერებს ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდად აქცევს. ჩვენი უნიკალური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას, ერთდროულად ვიყოთ ევროპის ნაწილი და, ამავე დროს, ღირსეულად ვატარებდეთ ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მემკვიდრის სტატუსს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს „აზიური ბიზნესისა და ინვესტორებისთვის საუკეთესო ბიზნესგარემოს შეთავაზებას და რეგიონში მათი გაფართოების შესაძლებლობის უზრუნველყოფას” და გაგრძელდება ინვესტირება „საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში, რათა სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი“.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს ასევე, რომ - „მიმდინარე რეგიონული კრიზისების ფონზე, ენერგიისა და სავაჭრო სატრანსპორტო ალტერნატიული მარშრუტები გადამწყვეტია საერთაშორისო სტაბილურობის, ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოებისთვის“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტები პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებად საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის.

„ჩვენ ინტენსიურად ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთ და სამხრეთ-ჩრდილოეთის საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG