Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველზე დემონსტრანტები იშლებიან


დემონსტრაცია სრულდება.
დემონსტრაცია სრულდება.

კვირას, 28 აპრილს, საღამოს 7 საათიდან დაწყებული საპროტესტო დემონსტრაცია, რომელსაც ათიათასობით ადამიანი შეუერთდა, დაახლოებით 8 საათის შემდეგ, 29 აპრილს, დილის 3 საათისთვის, სრულდება.

რამდენიმე ათეული დემონსტრანტი, რომლებიც ამ დრომდე [03:00] რჩებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის სრულად დაიშალა.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ, მათ პარლამენტისკენ მოაწყვეს მსვლელობა.

პარლამენტთან მისვლის შემდეგ მოხდა პოლიციასთან დაპირისპირება, პარლამენტის შენობის წინ, „ქართული ოცნების“ ხვალინდელი აქციისთვის გამზადებულ სცენაზე რამდენიმე დემონსტრანტის ასვლასთან დაკავშირებით.

პოლიციამ მათ სცენაზე ასვლის უფლება არ მისცა.

თბილისის მერიამ განაცხადა, რომ აქცია „არასანქცირებულია“.

პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები - სპრეი/გაზი, თუმცა არ დაუზუსტებია, რა შემადგენლობის.

დააკავეს რამდენიმე ადამიანი, - მათი რიცხვი შსს-ს არ დაუზუსტებია. დაკავებულთა შორისაა ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი.

პეტრიაშვილს ედავებიან წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, - რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს.

აქციაზე მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასობით თანამშრომელი - „რობოკოპები“, რომლებსაც აირწინაღებიც ეკეთათ.

საბოლოოდ, ვითარება განიმუხტა.

ორშაბათს, 29 აპრილს, დილის 9 საათზე პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით განიხილავენ.

საქართველოს პარლამენტში „სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის“ მიზეზით, 29 აპრილს პარლამენტში არ დაუშვებენ ონლაინმედიის წარმომადგენლებს.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით გატანის თარიღი ჯერ დაუზუსტებელია.

29 აპრილსვე „ქართული ოცნება“ „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ აქციას მართავს და რეგიონებიდან ჩამოჰყავს მოქალაქეები.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 100 000-ზე მეტ ადამიანს ელოდებიან.

„აგენტების კანონი“ პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.

კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

XS
SM
MD
LG