Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„100 000-ზე მეტი“ - მდინარაძე ამბობს, რომ „ოცნების“ აქციაზე მონაწილეთა რაოდენობა „მოლოდინებს გადააჭარბებს“


უმრავლესობის ლიდერის თქმით, აქციაზე 100 000-ზე მეტ ადამიანს ელოდებიან
უმრავლესობის ლიდერის თქმით, აქციაზე 100 000-ზე მეტ ადამიანს ელოდებიან

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ორშაბათს, 29 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მმართველი პარტიის დაგეგმილი აქციის მონაწილეთა რაოდენობა „ჩვენს [„ქართული ოცნების“] მოლოდინსაც კი გადააჭარბებს“.

თავდაპირველად მდინარაძეს რიცხვი არ დაუსახელებია, თუმცა მოგვიანებით, როდესაც აღწერდა, როგორ წარიმართება აქცია, ჟურნალისტებს განუცხადა:

„სიტყვით გამოსვლები, დაახლოებით, საღამოს 8 საათიდან დაიწყება. შეკრებას ვიწყებთ 6-დან. იმიტომ, რომ წარმოგიდგენიათ, 100 000 ადამიანზე მეტი რომ შეიკრიბება, ნახევარ საათში მათი ერთად შეკრება რთულია“.

მდინარაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, „ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და საწრმუნოება“, შეუერთდნენ „ქართული ოცნების“ დემონსტრაციას.

ეს კომენტარები მან კვირას, 28 აპრილს, უმრავლესობის გაფართოებული სხდომის შემდეგ გააკეთა.

მდინარაძემ თქვა, რომ უმრავლესობის სხდომაზე სხვა „საკითხებზე, დეტალებსა და კანონებზე“ არ უსაუბრიათ და მხოლოდ ორშაბათის აქციის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

ორშაბათს 29 აპრილს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს.

იმავე დღეს, დილის 9 საათზე, პარლამენტში დაგეგმილია „აგენტების კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენა.

მანამდე, 28 აპრილს, კვირა საღამოს, 7 საათზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაა დაგეგმილი, ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG