Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიახ, რეალურია" - ურმას პაეტი სავიზო ლიბერალიზაციის გადახედვასა და "ოცნების" ლიდერების სანქციებზე


ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრი ურმას პაეტი
ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრი ურმას პაეტი

ურმას პაეტი, ესტონელი პოლიტიკოსი, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრი, იმ 424 ევროპარლამენტარიდან ერთ-ერთია, ვინც მხარი დაუჭირა კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

რეზოლუცია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, არ გახსნას საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები, სანამ ქვეყანაში „უცხოეთის აგენტების“ კანონი იმოქმედებს. პაეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის იმ შესწორებებსაც, რომლებიც ევროპასთან უვიზო მიმოსვლისთვის აუცილებელი კრიტერიუმების გადახედვას და ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაკისრებას ითხოვს.

რადიო თავისუფლება: მოდით პირდაპირ დღეს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით დავიწყოთ: რას გვეუბნება ის არსებულ ვითარებაზე - სად ვართ და რისკენ მიდის საქმე?

ურმას პაეტი: ჩვენი პოზიცია აშკარაა: ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ეს კანონი [„უცხოეთის აგენტების“ კანონი - რ. თ.] უხეშად არღვევს ყველა იმ პრინციპს, რომელზეც საქართველოს ევროპული მომავალი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებები უნდა იყოს აგებული. რეზოლუცია ღიად და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობს, რომ თუ საქართველოს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა გააგრძელებენ მცდელობებს, მიიღონ ეს კანონი, მაშინ საქართველოს პრობლემები შეექმნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მაგალითისთვის, ევროპარლამენტმა დღეს სთხოვა ევროკომისიას, გადახედოს და შეაფასოს, თუ რა გავლენას ახდენს ეს კანონი სავიზო ლიბერალიზაციისთვის საჭირო იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში და რომელსაც საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს.

პარლამენტის წევრთა უმეტესობამ ხმა მისცა იმას, რომ ივანიშვილი პირადად „გამოგვერჩია“.

რადიო თავისუფლება: რეზოლუციას მავალდებულებელი ძალა არ აქვს - როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები? რამდენად სავარაუდოა, რომ ევროკომისია გაიზიარებს ამ რეკომენდაციას და მართლაც გადახედავს უვიზო რეჟიმს საქართველოსთან? ან, მეორე მაგალითი რომ ავიღოთ - რამდენად მოსალოდნელია, რომ ევროპული საბჭოც გაიზიარებს თქვენს მოწოდებას „ქართული ოცნების“ წამყვანი პირებისთვის სანქციების დაკისრებაზე? რეალურია მსგავსი სცენარები?

ურმას პაეტი: მოკლედ რომ გითხრათ, დიახ, რეალურია. თუ შევხედავთ, ხმათა რამხელა უმრავლესობით გავიდა ეს რეზოლუცია ევროპარლამენტში, იმის გათვალისწინებით, რომ მას პარლამენტში ყველა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ დაუჭირა მხარი - ეს ნიშნავს, რომ იგივე პოზიცია აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებშიც - ევროპარლამენტში არსებული განწყობა პირდაპირ გავლენას [მო]ახდენს იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ევროკომისია ანაც ევროპული საბჭო გადადგამს.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება სანქციებს, გაჟღერდა კონკრეტული გვარები, და ალბათ მცდარი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული ხაზგასმით ახსენეს ყოფილი პრემიერი ივანიშვილი. ევროპარლამენტში სურთ, ივანიშვილს სანქციები დაეკისროს - მაინც რამხელა პასუხისმგებლობას აკისრებენ მას ბრიუსელში ამ კანონსა და ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე?

ურმას პაეტი: ფაქტია, რომ ის ძალიან გავლენიანი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში და ამ მოვლენებში წამყვან როლს თამაშობს. ამიტომაცაა, რომ დღეს პარლამენტის წევრთა უმეტესობამ ხმა მისცა იმას, რომ ივანიშვილი პირადად „გამოგვერჩია“ და ასე, გვარ-სახელით მოხვედრილიყო რეზოლუციაში.

რადიო თავისუფლება: და როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი, ივანიშვილზე სანქციების დაწესება? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის ფორმალურად მთავრობის წევრი [აღ]არ არის.

ურმას პაეტი: რადგანაც საუბარია პერსონალურ სანქციებზე, ე.ი. იგულისხმება მისი ფინანსური აქტივების გაყინვა და ევროკავშირში შესვლა-მოგზაურობის აკრძალვა. და ასევე გასათვალისწინებელია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობაც - სად და როგორ მოვახერხებთ ამ თანამშრომლობის გაგრძელებას, [თუ ეს მოხდება].

არსებითად იგივე კანონია, რაც რუსეთში აქვთ, ეს არის „რუსული მენტალიტეტის“ პროდუქტი.

რადიო თავისუფლება: ერთგვარი რიტორიკული შეკითხვა - რას ხედავ, თუ ამ ყველაფერს - გამოსვლებს საქართველოში, დებატებს ევროპარლამენტში - მოსკოვიდან, კრემლიდან უყურებ?

ურმას პაეტი: რუსეთი უკვე კარგა ხანია, აღარ მალავს, რომ მისი მიზანია საკუთარი გავლენის გაძლიერება-გამყარება სამეზობლოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები არ არიან. ამის ყველაზე ტრაგიკული მაგალითი უკრაინაა, სადაც ომი მძვინვარებს. ტრაგიკულია ბელარუსის მაგალითიც, რომელიც თითქმის სრულებით მოსკოვის კონტროლს ექვემდებარება. ვხედავთ რუსეთის მცდელობებს, უხეშად ჩაერიოს მოლდოვის საქმეებში და, რა თქმა უნდა, ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთი ცდილობს საქართველოზე უკვე პირდაპირი კონტროლის დამყარებას. სწორედ ამისკენ გადადგმული ნაბიჯია ეს კანონიც, რომელიც არსებითად იგივე კანონია, რაც რუსეთში აქვთ, ეს არის „რუსული მენტალიტეტის“ პროდუქტი, ეს იგივე, რუსული მენტალობაა. და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ რუსეთი საკმაოდ წარმატებით ართმევს თავს ამ ჩანაფიქრს - გაზარდოს საკუთარი გავლენა საქართველოზე.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, როგორ მოხდა, რომ ამ, როგორც თქვენ უწოდეთ, რუსული მენტალიტეტის კანონს იღებს ქვეყანა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს და ევროპისკენ სვლა სურს?

ურმას პაეტი: ვფიქრობ, მთავარი მიზეზებია რუსეთზე მიბმული ეკონომიკური ინტერესები, ასევე ისიც, რომ კრემლი დღემდე ეხმარება და ხელს უწყობს რიგ პოლიტიკოსებსა და ქართული საზოგადოების სხვა აქტორებს. დიახ, ვიცით, რომ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს ევროპისკენ წასვლა და რუსეთის წარსულში მოტოვება სურს, რომ მათ არ სურთ რუსული გავლენის ქვეშ ცხოვრება, განსაკუთრებით, საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გავიხსენებთ. ამიტომ ქართველმა ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ ამ პოლიტიკის გამო, რომელიც მიმართულია ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ - ამის ფასის გადახდა სწორედ მათ მოუწევთ, ხალხს, მთელ საზოგადოებას. ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტმა და მეტმა ქართველმა უნდა გააცნობიეროს, რა დევს აქ სასწორზე.

ახლანდელი პოლიტიკური ელიტა ხელისუფლებაში ვერ იქნებოდა ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ასე არაა?

რადიო თავისუფლება: სწორედ ქართველ ხალხზე უნდა მეკითხა ბოლოსკენ. რა ბედი ეწევა ქართველ ხალხს და მის ევროპულ მისწრაფებებს, თუ არცერთი მხარე არ დაიხევს უკან? წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი: ამ კანონს მაინც მიიღებენ, საპასუხოდ, ევროკავშირი გადადგამს იმ ნაბიჯებს, რაზეც რეზოლუციაშია საუბარი, გადაიხედება უვიზო რეჟიმი, გაიყინება ევროკავშირში გაწევრებისკენ სვლის პროცესი... რას უქადის ეს ყოველივე ქართველ ხალხს?

ურმას პაეტი: ვიტყოდი, რომ მთავრობა, ქვეყანა და ხალხი, მათი ხვედრი - ეს ყველაფერი ძალიან მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთზე. ახლანდელი პოლიტიკური ელიტა ხელისუფლებაში ვერ იქნებოდა ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ასე არაა? ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი ორჯერ დაფიქრდეს შემდეგ ჯერზე, არჩევნებში ხმის მიცემისას, კარგად გაიაზრონ, საკუთარი ქვეყნის როგორ მომავალს აძლევენ ხმას, როგორი მომავალი ემეტებათ საკუთარი ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპასთან მიმართებით. დღევანდელ სამყაროში ყველაფერი გადაჯაჭვულია. თუ ქართველებს მართლაც სურთ ევროპასთან დაახლოება, უნდა დაფიქრდნენ და გააანალიზონ, როგორ და ვის მისცემენ ხმას. იმიტომ, რომ არჩევნებზე მიღებულ გადაწყვეტილებას, როგორც წესი, მოჰყვება შედეგებიც.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG