Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნების“ ლიდერები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცეკას დელეგაციას შეხვდნენ


პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცეკას დელეგაციას შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცეკას დელეგაციას შეხვდა

15 აპრილს, - იმ დღეს, როდესაც პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“, - „ქართული ოცნების“ ლიდერები და თანამდებობის პირები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ:

  • „აგენტების კანონის“ მიღება, ბოლო პერიოდში განვითარებულ სხვა მოვლენებთან ერთად, აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გზას ადგას;
  • ასეთ ვითარებაში მისი ადგილი არ არის ევროატლანტიკურ სირცეში;
  • სწორედ ამიტომაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სჭირდება ახალი, მტკიცე მეგობრები, რომლებიც უპირობოდ მიიღებენ მის ავტორიტარულ ბუნებას.

ვინ ვის შეხვდა

ორშაბათს, 15 აპრილს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუ და მისი თანმხლები დელეგაციაა მიიღეს:

  • პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ;
  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა;
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ჩინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი ვოლსკიმ.
  • 16 აპრილს დელეგაციამ მიიღო საგაერო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე ახლდა ილია შამუგია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

შალვა პაპუაშვილთან ერთად ჩინეთის დელეგაციას შეხვდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

გია ვოლსკის კი თან ახლდა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი.

ჩინეთის დელეგაციას ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი ახლდა თან.

რაზე ისაუბრეს

მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრის ცნობით, პრემიერისა და დელეგაციის შეხვედრისას ხაზი გაესვა „საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას“.

პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ „გასულ წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს“.

სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების კვალდაკვალ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩინეთთან არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კავშირების გაღრმავებაზე საუბრობს.

მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე კვირის წინ ჟურნალისტებთან საუბარში ერთ სიბრტყეში განიხილა ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა.

შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მხარეები „მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს“ და აღნიშნეს, რომ „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებით … ურთიერთობებში ახალი ეპოქა იწყება“.

ვოლსკისთან კი „საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობის, მათ შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს“.

შალვა პაპუაშვილმა „დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის კავშირები“.

„ერთი სარტყელი, ერთი გზა“

პარლამენტის თავმჯდომარეს საუბრისას ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილემ, ჩენ ჭოუმ აღნიშნა, რომ „საქართველოს კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური განვითარების, ბიზნეს გარემოს ხელშეწყობის კუთხით“.

მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო და რეგიონულ საქმეებში, ასევე, ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ წარმატებულ განხორციელებაში.

პარლამენტის პრესცენტრის ცნობითვე, „მან ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“-ის ინიციატივისადმი საქართველოს ინტერესისთვის და გამოხატა სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა“.

სამივე შეხვედრაზე გაუსვეს ხაზი ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას.

„ტერიტორიული მთლიანობა“

სამივე შეხვედრის შემაჯამებელ განცხადებებში ქართული მხარე იუწყება, რომ მადლობა გადაუხადეს ჩინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

მთავრობა: „ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ“.

პარლამენტი პაპუაშვილის შეხვედრის შემდეგ: „მხარეებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა“

პარლამენტი გიორგი ვოლსკის შეხვედრის შემდეგ: „​მხარეებმა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დაადასტურეს“.

ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი კითხვის ნიშნები არსებობს:

  • გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს ინიციირებულ რეზოლუციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მხარს არ უჭერს.
  • 2023 წლის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში საქართველო მტკიცედ აღიარებს ერთიანი ჩინეთის პრინციპს, მაგრამ ჩინეთისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ არის ხაზგასმული - საუბარია „ყველა ქვეყნის“ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე.

პრეზიდენტი ზურაბიშვილისთვის „გაუგებარია“ პარტნიორობის შეთანხმებაში ეს ჩანაწერი და ამბობს, რომ, ეს შეთანხმება „ალბათ, ჩინეთში“ შემუშავდა.

„მუქარა“ და „ავტორიტარიზმი“

ანალიტიკური ცენტრის, „საქართვეოლს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP-ის) დამფუძნებელი, კორნელი კაკაჩია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ არსებულ კონტექსტში ჩინეთიდან დელეგაციის ვიზიტი არათუ სიმბოლური, არამედ პირდაპირი ჟესტია:

„საქართველოს ხელისუფლების გზავნილი დასავლეთისადმი ასეთია: თუ არ შეცვლით კრიტიკას, თუ „მოგვაწვებით“ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენ, - თუ აქამდე მულტივექტორულ საგაერო პოლიტიკაზე ვსაუბრობდით, - ცხადად [დეკლარირებულად] ვიტყვით უარს დასავლეთზე“.

15 აპრილს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ საბჭოთა დიქტატურას შეადარა ევროკავშირის რეკომენდაციები. „იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - მითითებები… ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი, „ცეკასთან“ რომ არ შეგეთანხმებინა. იგივე ხდება დღეს“, - განაცხადა კალაძემ.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს მისი თანაგუნდელები იმავე დღეს შეხვდნენ.

პოლიტიკის ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ არაერთი ინდიკატორი ჩანდა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკურ ვექტორს იცვლიდა, - და ამ ცვლილებაში მთავრობამ ჩინეთის როლი გამოკვეთა.

კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი
კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი

„ამის ინდიკატორი იყო ისიც, როდესაც პრემიერად ახლადდანიშნულმა ირაკლი კობახიძემ პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში გამართა, მაგრამ მეორე დღეს, ფაქტობრივად, რაპორტი ჩააბარა ჩინეთის ელჩს“, - ამბობს იგი.

კობახიძე გაპრემიერებამდე, „ოცნების“ თავმჯდომარის რანგში 5-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში, სადაც საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა; პრემიერად პირველი საგარეო ვიზიტი ევროკავშირში, ბრიუსელში გამართა, შინ დაბრუნებული კი ჩინეთის ელჩს შეხვდა.

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „ქართული ოცნების“ ნაბიჯებში დასავლეთის შანტაჟის ნიშნებსაც ხედავს დასავლეთიდან წამოსული კრიტიკის შესუსტების მიზნით, მათ შორის წინასაარჩევნოდ, - თუმცა ამბობს იმასაც, რომ ამ გზაზე საქართველო ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა.

„რეჟიმი თანდათან აშკარად იხრება ავტორიტარიზმისკენ. თუკი აქამდე მზარდი ავტორიტარიზმი იყო, ახლა ამ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მცდელობას ვხედავთ. და ამ ვითარებაში [საქართველოს] ადგილი არ არის არც ევროკავშირში და არც ევროატლანტიკურ სივრცეში. ამიტომ [„ქართული ოცნების“ ლიდერების] სხვა მეგობრები სჭირდებათ. და მათი მეგობრები ეს ხალხია“, - ამბობს ანალიტიკოსი.

XS
SM
MD
LG