Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ ვიცი, რას ნიშნავს“ - პრეზიდენტი „ოცნებას“ არც ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში ეთანხმება


„არ ვიცი, რას ნიშნავს. მე ნუ მკითხავთ“, - ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩინეთთან საქართველოს „სტრატეგიულ პარტნიორობაზე“.
„არ ვიცი, რას ნიშნავს. მე ნუ მკითხავთ“, - ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩინეთთან საქართველოს „სტრატეგიულ პარტნიორობაზე“.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ხშირად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას, მმართველ გუნდს არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების „სტრატეგიულ პარტნიორობამდე“ გაღრმავებას უწონებს.

ჩინეთთან ურთიერთობაზე პრეზიდენტის პირველ, კრიტიკულ რეპლიკებს წინ უძღოდა:

  • ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-თან და ჩინეთთან პარტნიორობის ერთ სიბრტყეში განხილვა - და განცხადება, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია“ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ორივე მათგანთან;
  • „ოცნების“ მხარდამჭერ პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში საუბრები ჩინეთის, როგორც რუსეთსა და საქართველოს „შესაძლო მომლაპარაკებლის“ პოტენციალის შესახებ.

„სტრატეგიული პარტნიორობა“ - „არ ვიცი, ეს რას ნიშნავს“

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 28 თებერვალს ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის (Chatham House-ის) ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ჩინეთი უფრო აქტიურდება საქართველოში:

„ბოლო რამდენიმე წელია, ასეა, მაგრამ ახლა სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება. ამჟამად უკვე „სტრატეგიულ პარტნიორობაში“ ვართ მათთან. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს. მე ნუ მკითხავთ“, - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და გაიხსენა ისიც, რომ ცოტა ხნის წინ საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი უვიზო რეჟიმი შემოიღეს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში (Chatham House-ში). 2024 წლის 28 თებერვალი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში (Chatham House-ში). 2024 წლის 28 თებერვალი

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობას მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და გააკრიტიკა ისინი დასაქმებულთა შრომის უფლებების უპატივცემულობის გამო:

„ჩინეთი აქტიურია საქართველოში ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რადგან [ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების სერვისები] იაფია.

ისინი პატივს არ სცემენ ბევრ კანონსა და დასაქმებულებს, მაგრამ ეს იმიტომაც ხდება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად ჩანან.

ალბათ, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასავლელი პარტნიორებისგან მეტი ჩართულობა გვჭირდება“, - განაცხადა მან.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა ახსენა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, - რომელიც „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ერთხელ უკვე ჩავარდა, ამჟამად კი ელის, როდის გაირკვევა ვინაობა ინვესტორისა, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად, 50%-იანი მონაწილეობით ააშენებს პორტს.

პრეზიდენტის თქმით, ანაკლიის პორტს „არსებითი მნიშვნელობა აქვს“, ვინაიდან შავი ზღვის უსაფრთხოებას უკავშირდება, ეს კი არის „საკითხი, რომელიც, ალბათ, სამომავლოდ ყველას გვეხება“.

„შავი ზღვის საქართველოს სანაპირო არსებითი მნიშვნელობისაა, რათა რუსეთს ექსკლუზიურობა არ ჰქონდეს შავი ზღვის თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე, და ა.შ.“, - თქვა პრეზიდენტმა.

მისი შეფასებითვე, პორტს „სამომავლოდ დიდი პოტენციალი აქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებისათვის, რომელთაც ასევე ძალიან იზიდავთ ევროპა“.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საჯარო ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, გზებსა თუ რკინიგზაში, რაც საკვანძოა, განიხილებოდეს, როგორც და არა მხოლოდ კერძო, არამედ სტრატეგიული ინვესტიციები“.

წინა შემთხვევა

დიდი ხანია, „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის ურთიერთობა დაძაბულია. 2023 წლის შემოდგომაზე „ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტიც სცადა, თუმცა წარუმატებლად.

სალომე ზურაბიშვილი არაერთი საკითხის გამო აკრიტიკებს მმართველ პარტიას: საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების, სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე უარის, „ერთპიროვნული, ერთპარტიული“ მმართველობითი სისტემისა და რეფორმების შეფერხების გამო.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი აფასებს ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას.

თუმცა რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნება“ მას უკვე აკრიტიკებდა ჩინეთთან ურთიერთობების „დაზიანების მცდელობის“ გამო.

გასულ შემოდგომაზე, 13 ნოემბერს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჩინეთის ელჩი მიიღო სტუმრად, უთხრა, „კატეგორიულად მიუღებელი“ და „შემაშფოთებელია“, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ორი დღით ადრე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინზე თქვაო.

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ჩინეთის ელჩთან საქართველოში, ჭოუ ციენთან
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ჩინეთის ელჩთან საქართველოში, ჭოუ ციენთან

„აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას“, - გააკრიტიკა პრემიერმა ღარიბაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტი ჩინეთის ელჩთან, ჭოუ ციენთან. ასევე:

  • კიდევ ერთხელ გაიმეორა „ოცნების“ პოზიცია, რომ ზურაბიშვილი „კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ“ საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რის გამოც დაიწყეს კიდეც მისი იმპიჩმენტის პროცედურა;
  • დაამშვიდა ელჩი, რომ „პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას“ და „პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ“.

სინამდვილეში, LCI-ის ინტერვიუერმა პრეზიდენტს კითხვა ერთდროულად დაუსვა ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინზე:

„იმედოვნებთ, რომ პუტინი და, ასევე, სი ძინპინი როდესმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინპინი – უიგურების გენოციდისთვის; ვლადიმირ პუტინი კი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს? პუტინი, რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ“.

ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა“, თუმცა ასეთ სცენარს არარეალისტური უწოდა.

პრემიერისა და ელჩის ამ შეხვედრის მეორე დღეს, 14 ნოემბერს, ელჩი ჭოუ ციენი ახლა უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ მიიღო და განუმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილის პასუხში „არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე“.

„პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

28 თებერვალს, ლონდონში, Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას პირველად გამოჩნდა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკაში არც ეს მიმართულებაა მისაღები.

ჩინეთი - ისეთივე პარტნიორი, როგორც აშშ?

რადიო თავისუფლება დაახლოებით ერთი წელიწადია, წერს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სულ უფრო აქტიურად იკვეთება, როგორც ვექტორი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, - თუმცა ბუნდოვანია, რა ვალდებულებები შეიძლება პეკინმა აიღოს თბილისის სასიკეთოდ.

გასულ ზაფხულს (ექს)პრემიერი ირაკლი კობახიძე და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი „სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ შეთანხმდნენ, - ოღონდ ეს დეკლარაციული ხასიათის შეთანხმება იყო, - როგორიც ჩინეთს არაერთ ქვეყანასთან აქვს, - და რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ გაფორმებულა.

ამის მიუხედავად, პოლიტიკური ლიდერები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას.

ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წინა პარასკევს განაცხადა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს „ორივე ზესახელმწიფოსთან“ - „როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით“ და „ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ორივე მიმართულებით არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი“.

ახალდანიშნული პრემიერი ირაკლი კობახიძე ხვდება ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს
ახალდანიშნული პრემიერი ირაკლი კობახიძე ხვდება ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს

კობახიძე გაპრემიერებამდე, „ოცნების“ თავმჯდომარის რანგში 5-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში, სადაც საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა; პრემიერად პირველი საგარეო ვიზიტი ევროკავშირში, ბრიუსელში გამართა, შინ დაბრუნებული კი ჩინეთის ელჩს შეხვდა.

კობახიძე ოპოზიციაში მწვავედ გააკრიტიკეს აშშ-ისა და ჩინეთის ერთ სიბრტყეში განხილვის გამო:

  • აშშ ტრადიციული მოკავშირეა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას, მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
  • ჩინეთი კი, - რომელსაც სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში ცალსახად არ აუღია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გარანტია, - მტრულად აღიქვამს ნატოს, - ალიანსს, რომლისკენაც საქართველოს, კონსტიტუციით თანახმად, უნდა მიიწევდეს.

ასეთი ოფიციალური რიტორიკის პარალელურად, „ოცნების“ მხარდამჭერ პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ბევრს საუბრობენ „ჩინეთის, როგორც საქართველოსა და რუსეთის პოტენციური მედიატორის“ როლზე.

29 თებერვალს „ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, განაცხადა, რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უფრო დიდი ეროვნული ამოცანა არ გვაქვს და ვერ წარმოვიდგენთ ქვეყანას, რომელსაც ამ მხრივ შეიძლება უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეეძლოს, ვიდრე ჩინეთს“.

ანალიტიკოსების თანახმად, ასეთი პერსპექტივა აბსურდულია და სრულიად მოწყვეტილია საღ აზრს.

„ჩინეთი და რუსეთი დღეს არიან „ულიმიტო პარტნიორები“; საქართველო, ჩინეთის გადმოსახედიდან, არის პატარა სახელმწიფო, რომელსაც მოიაზრებს რუსეთის გავლენის სფეროში მყოფად. მათ გაყოფილი აქვთ გავლენის სფეროები… ჩინეთი არ წავა რუსეთის წინააღმდეგ“, - ამბობს კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP-ის) დამფუძნებელი.

„ეს მოლოდინი, რომ ჩინეთთან თუ გვექნება ახლო ურთიერთობა, ამის გამო ვიღაცა ტერიტორიულ მთლიანობას აღგვიდგენს, არის ილუზორული“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

თუკი არც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „არ ესმის“, რას ნიშნავს ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ და ეს არ მოსწონს, რა შეუძლია, ამის წინააღმდეგ გააკეთოს?

„სამწუხაროდ, ბევრი არაფერი, რადგან კონსტიტუციურად პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან შეზღუდულია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კორნელი კაკაჩია.

მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა მთავრობისგან განსხვავებული აზრი გაახმოვანოს, - ყველასთვის ცხადი იყოს, რომ საქართველოში, გარდა იმისა, რასაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება აჟღერებს, სხვა აზრი არსებობს და საზოგადოება მხარს უჭერს პროდასავლურ კურსსო, ამბობს ანალიტიკოსი.

„პრეზიდენტს ასევე შეუძლია, ქვეყნის შიგნით ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამართოს შეხვედრები საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, იმსჯელოს საგარეო პოლიტიკის ამ გამოწვევებზე; გამოაჩინოს ჩინეთის მეორე მხარე, - რომ მას ვარდისფერი სათვალით არ უნდა ვუყურებდეთ, აჩვენოს ის რისკები, რაც პეკინთან ურთიერთობებს - პოლიტიკურ ურთიერთობებს - შეიძლება, მოჰყვეს“, - ამბობს კორნელი კაკაჩია.

XS
SM
MD
LG