Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან გაფორმებულ მემორანდუმს აჩერებს


პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ 2023 წლის 20 ოქტომბერს გააფორმეს მემორანდუმი.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ 2023 წლის 20 ოქტომბერს გააფორმეს მემორანდუმი.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია ე.წ. აგენტების კანონის საკითხზე მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ისინი აცხადებენ, რომ შეურაცხყოფილნი არიან მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხით - აღარ დაჰბრუნებოდა ე.წ. აგენტების შესახებ კანონს.

„მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება სახელმწიფო ინტერესებთან, კულტურასთან და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია.

პირობის გატეხა, სიტყვის უკან წაღება არის რუსეთის პოლიტიკის მახასიათებელი, რომელსაც რუსეთი, ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ არაერთგზის იყენებდა. ამით საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს ადგება რეპუტაციული ზიანი.

კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი", - წერია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლას ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები დღემდე საქართველოს პარლამენტთან დიალოგითაც ცდილობდნენ და სწორედ ამ მიზნით გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის მაგალითი.

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიციირება, როგორც თანამშრომლობისკენ, ისე ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ჭრის. განცხადების თანახმად, საქართველოს ეროვნული პლატფორმა აჩერებს მემორანდუმის მოქმედებას.

საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს - საქართველოს ეროვნულ პლატფორმას - შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2023 წლის 20 ოქტომბერს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ 3 აპრილს პარლამენტში ოფიციალურად დაარეგისტრირა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე "ქართულმა ოცნებამ" იმთავითვე განმარტა, რომ მასში ზუსტად იგივე ტექსტია, როგორც შარშან ინიციირებულ კანონპროექტში, მხოლოდ ერთი განსხვავებით - ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციები, რომელთა უმეტესობის დეკლარირებული მიზანი ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვისა და რეფორმების ხელშეწყობაა, იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოინიშნებიან სახელმწიფოს მიერ.

არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელმწიფო მოსთხოვს, თავად თქვან, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები“ არიან, - და ამ სახელდებით დარეგისტრირებას აიძულებს საჯარო რეესტრში.

ამის შემდეგ ორგანიზაცია ვალდებული იქნება, წარადგინოს საფინანსო დეკლარაცია/განაცხადი.

რუსეთის ფედერაციაში ასეთივე კანონმა, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო გამკაცრდა, გამოიწვია ავტორიტარიზმის გამყარება, დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟი და ალტერნატიული ხმების ჩახშობა.

XS
SM
MD
LG