Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულ ოცნებას“ ლგბტ უფლებების შესაზღუდად კონსტიტუციის შეცვლა უნდა


ცვლილებებთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.
ცვლილებებთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.

მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, „ოჯახურ ღირებულებათა დაცვის“ მოტივით საქართველოს კონსტიტუციის შეცვლა და ლგბტ უფლებების შეზღუდვა უნდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ცვლილებები უნდა შეეხოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხება.

„ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან“, - თქვა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის შესწორების შემდეგ პარლამენტი მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომელსაც ერქმევა კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები ორი ეტაპისგან შედგება: კონსტიტუციის შესწორება და შემდეგ ათობით კანონში ცვლილებების შეტანა.

პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ აქვს კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო ხმების რაოდენობა. მდინარაძემ თქვა, რომ თუკი კონსტიტუციის შესწორებას ამ მოწვევის პარლამენტში ვერ შეძლებენ, „ქართულ ოცნებას“ იგივე მიზანი ექნება მომავალ პარლამენტში, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში აირჩევა.

კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა შეუძლია ერთი მოწვევის პარლამენტს, თუ პროექტს მხარს დაუჭერს 113 დეპუტატი. თუ ცვლილებების მომხრე იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 ხმა), მაშინ საჭირო იქნება მომდევნო პარლამენტის მხარდაჭერაც. ამ შემთხვევაშიც არანაკლებ 100 ხმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს წარუდგინა კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც:

  • არასრულწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
  • აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
  • აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს შესაფასებელი იქნება, რა არის „პროპაგანდა“ და რა ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. მათ შორის, მან ისაუბრა „პრაიდის“ ჩატარებაზეც.

შეფასებით კატეგორიებს იღებს სახელმწიფო თავის თავზე. არცერთი სახელმწიფო არ მისცემს იმის საშუალებას, რომ უფლებების დაცვა შეაფასოს ვიღაცამ - ამას ვინ დაუშვებს, რომ [ვიღაცა სხვამ შეაფასოს] ეს არის პროპაგანდა, პოპულარიზაცია... რა ჩაითვლება და რა შეფასდება პოპულარიზაციად, კანონში კიდევ უფრო კონკრეტულად იქნება გაწერილი... როდესაც აშკარა პოპულარიზაციის ნიშნები იქნება, ეს უნდა ავკრძალოთ...“ - თქვა მდინარაძემ და დამაზუსტებელი კითხვის დასმის შემდეგ „პრაიდის“ ჩატარებაზე განაგრძო საუბარი: „თუ შეფასდება ისე, რომ [„პრაიდი“] არის პოპულარიზაცია, მაშინ - კი; თუ შეფასდება, რომ - არა, მაშინ - არა...

ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე გაცილებით მეტი იმგვარ შეკრებას და ასეთი არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების თავისი სექსუალური შეხედულებების წარმოჩენას ქუჩაში, ასევე ეკლესიებთან, სკოლებთან ჩამოვლას და ამის დემონსტრირებას, რაღაც სექსუალური თემების კონკრეტულ დემონსტრირებას მარშის სახით, უყურებენ როგორც პროპაგანდას და, ჩემი აზრით, სავსებით სამართლიანად, რიგ შემთხვევებში...“

29 თებერვალს პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გეგმავდნენ შეემუშავებინათ კანონპროექტი, რომლის მიზანიც "საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან" დაცვა იქნებოდა. უფრო ადრე, 2023 წლის 3 მაისს კი მან თქვა, რომ „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ კანონის მიღება არ განიხილებოდა.

1 მარტს, როცა უკვე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია კანონპროექტის შექმნაზე მუშაობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი, რომლის მიზანიც „საზოგადოების დაცვაა“, კონსტიტუციას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

საქართველოს კონსტიტუციით, ყველა ადამიანი თანასწორია და დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.

„ოცნების“ ახალ ინიციატივას საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა უკვე უწოდა „რუსული კანონი 2“. მანამდე „რუსული კანონი“ ხალხმა „აგენტების შესახებ“ კანონს დაარქვა შარშან გაზაფხულზე.

არასრულწლოვანებში „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონი რუსეთში 2013 წელს მიიღეს, ხოლო 2022 წელს ის ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გავრცელდა. ხელისუფლება დღემდე უარყოფს, რომ რუსეთში ლგბტ+ თემი იდევნება. 20 თებერვალს პუტინმა თქვა, რომ მათ შეუძლიათ იცხოვრონ „როგორც სურთ“ და „არავინ არაფერში ზღუდავს“.

XS
SM
MD
LG