საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" გეგმავს, მოამზადოს კანონპროექტი "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის" წინააღმდეგ. პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მდინარაძემ განმარტა, რომ ახალი ინიციატივით, "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან" დაიცავენ.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები", - თქვა მდინარაძემ ბრიფინგზე.
მან არ დააზუსტა, რა ჩაიწერება კანონპროექტში, თუმცა აღნიშნა, რომ "ხელოვნებას და მსგავს საკითხებს საერთოდ არ უნდა შევეხოთ".
"უნდა აიკრძალოს აშკარა პროპაგანდა, რაც უნდა გავარჩიოთ ხელოვნებაში გარკვეული ნაწარმოებისაგან, თავისუფალი აზრისაგან, გამოხატვის თავისუფლებისაგან, თავისუფალი სიტყვისაგან, უფლებების დაცვისაგან. არანაირ ჩარევას არ ვაპირებთ".
მანამდე იგი თავის გამოსვლაში ამტკიცებდა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები "მაღალ დონეზეა" დაცული, "განურჩევლად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესისა". "ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველანი ვთანხმდებით პრინციპზე, რომ არავის და მით უმეტეს ხელისუფლების საქმე არ არის ვინმეს განსჯა. ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია ადამიანის, მათ შორის არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა", - ამბობს მდინარაძე და იქვე დასძენს, რომ "ფსევდოლიბერალური პროპაგანდის" მიმართ ქართული საზოგადოება ვერ იქნება ტოლერანტული.
მდინარაძემ ასევე გაიხსენა საკონსტიტუციო ცვლილებები და თქვა, რომ 2017 წელს მათ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შეზღუდეს". "საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით".
მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ჰომოფობიური შინაარსის განცხადებები ახალი არ არის. 2023 წლის ივნისში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენების ფარგლებში ჰომოფობიური განცხადებით გამოვიდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ თქვა, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია.
"ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ეს ლგბტ პროპაგანდა. ღიად გეუბნებით, მიუღებელია, მეგობრებო, არ შეიძლება", - პრემიერის ამ სიტყვებს დარბაზში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.
ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლა ჰომოფობიურ კონტექსტში ანტიდასავლური რიტორიკით განაგრძო: „ევროპაშიც და, სამწუხაროდ, ამერიკაშიც რა ხდება, იცით თქვენ, საჯაროდ არის ინფორმაცია ამის შესახებ, ბაღებში შევიდა უკვე ეს პროპაგანდა. არ შეიძლება, კატასტროფაა ეს...".
ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 9 დათქმიდან ერთ-ერთში ვკითხულობთ: "ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა".