Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ორ ოლქში ბრძოლები განახლდა


თავდაცვითი ძალების მოხალისე დაზიანებულ შენობასთან ბელგოროდში. 13 მარტი, 2024 წელი. ბელგოროდის და კურსკის ოლქებში ბრძოლები განახლდა.
თავდაცვითი ძალების მოხალისე დაზიანებულ შენობასთან ბელგოროდში. 13 მარტი, 2024 წელი. ბელგოროდის და კურსკის ოლქებში ბრძოლები განახლდა.

14 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დილიდან უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის რაიონებში ახალი ბრძოლები გაჩაღდა.

კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ „უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები“ არ წყვეტენ მცდელობას, შეაღწიონ რეგიონის ტერიტორიაზე სოფელ ტიოტკინოს მახლობლად.

ამავე დროს, სტაროვოიტოვი წერს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეებმა და რუსმა სამხედროებმა „არ მისცეს და არ მისცემენ მათ ამის გაკეთების საშუალებას“. რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ დეპარტამენტის ქვედანაყოფები მონაწილეობენ შეტაკებაში დივერსანტებთან, რომლებიც ცდილობენ გარღვევას კურსკის რეგიონში, სოფელ ტიოტკინოსთან, იუწყება "ინტერფაქსი".

უფრო ადრე, 14 მარტს, რუსი სამხედრო ბლოგერები და მთავრობის მომხრე საინტერნეტო საიტები იტყობინებოდნენ „დივერსანტების“ მიერ ბელგოროდის რეგიონის საზღვრის გარღვევის მცდელობებზე, აღნიშნავს BBC-ს რუსული სამსახური. კერძოდ, "სამხედრო კორესპონდენტი" ალექსანდრ კოცი და ტელეგრამის არხი Mash-ი წერდნენ ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობაზე. მათ ახსენეს ბრძოლა სოფელ სპოდარიუშინოს მახლობლად, აღნიშნა "მედუზამ".

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ სოფელ სპოდარიუშინოს მიდამოში არმიამ „შეძლო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე შეჭრის მორიგი მცდელობის აღკვეთა“.

„საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპა 195-მდე სამხედრო მოსამსახურე“, - აცხადებენ რუსეთის სამხედრო დეპარტამენტში, რომლის ინფორმაციაში ლაპარაკია სამხედრო ტექნიკის რამდენიმე განადგურებული ერთეულის შესახებაც.

"რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა", რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, 14 მარტს კვლავ მოუწოდა ბელგოროდის მცხოვრებლებს ქალაქიდან ევაკუაციის ან „თავშესაფრებში ჩასვლისკენ“. სოციალურ ქსელებში მან, სხვა პროუკრაინულ ჯგუფებთან ერთად, გამოაქვეყნა მიმართვა კურსკის და ბელგოროდის გუბერნატორებისადმი თხოვნით, რომ "დაუყოვნებლივ გამოეცხადებინათ რეგიონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია". „ახლა მასიური დარტყმები განხორციელდა პუტინის ჯარებზე ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში... მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს ომისგან“, - ნათქვამია მიმართვაში.

12 მარტს ბელგოროდისა და კურსკის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში ბრძოლები იყო, ერთი მხრივ, რუს სამხედროებსა და მეორე მხრივ, ლეგიონ „თავისუფლება რუსეთის“, "რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა" და „ციმბირის ბატალიონის“ მებრძოლებს შორის, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან და ძირითადად რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება. რუსეთს ეს ფორმირებები ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფების წევრები არიან უკრაინის მხარდამჭერი რუსები, რომლებიც მიზნად ასახელებენ პუტინის რეჟიმისგან სამშობლოს გათავისუფლებას.

ამ რაზმების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მოახერხეს საზღვრის გადაკვეთა და ბრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ცნობას უარყოფს. მისი განცხადებით, სამხედროებმა არ დაუშვეს „სახელმწიფო საზღვრის დარღვევა“ და მოსპეს 230-ზე მეტი „დივერსანტი“.13 მარტს ლეგიონის „თავისუფლება რუსეთს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე დარჩნენ.

XS
SM
MD
LG