Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ ბელგოროდის და კურსკის მცხოვრებთ ევაკუაციისკენ მოუწოდა


12 მარტს ბელგოროდზე დრონებით შეტევისას ქალაქის მერიის შენობაც დაზიანდა.
12 მარტს ბელგოროდზე დრონებით შეტევისას ქალაქის მერიის შენობაც დაზიანდა.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან დღესაც გრძელდება შეტევა ბელგოროდის და კურსკის ოლქებზე. რუსეთი თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის ამ რეგიონებში დამოუკიდებლად მოქმედებენ რუსი მოხალისეების ჯგუფები. ერთ-ერთმა ასეთმა ჯგუფმა, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“, ბელგოროდის და კურსკის მცხოვრებთ ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ბელგოროდის მერმა, ვალენტინ დემიდოვმა დღეს განაცხადა, რომ ქალაქის დაცხრილვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაიცხრილა ქალაქი გრაივორონიც, სადაც 1 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია რამდენიმე სახლი და სხვა შენობები. გლადკოვის თანახმად, ჭურვი აფეთქდა სოფელ შეტინოვკაში მდებარე საწარმოს ტერიტორიაზეც და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა დაბა პოკროვკაში, სადაც 2 სახლი დაზიანდა.

კურსკის ოლქის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის ინფორმაციით, დღეს დილიდან დაიცხრილა დაბა ტეტკინო და სოფელი სლობოდკა. სტაროვოიტი ტელეგრამზე წერს, რომ „უკრაინელი ტერორისტები" ისევ ცდილობენ თავისი „დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებით" ტეტკინოს რაიონში შეღწევას, რის საშუალებასაც არ აძლევენ რუსეთის შეიარაღებული ძალების და უშიშროების ფედერალური სამსახურის მებრძოლები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გასული ღამის განმავლობაში და დილით, ბელგოროდის და კურსკის ოლქებში „გაანადგურეს“ 14 დრონი. ასევე - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 8 ჭურვი ბელგოროდის ოლქში.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ დღეს, 11:14 საათზე, სოციალური ქსელებით გამოაქვეყნა მიმართვა ბელგოროდის და კურსკის მოსახლეობისადმი, რომ მათი ევაკუაციისთვის ხელისუფლება არანაირ ზომებს არ მიმართავს. ჯგუფის განცხადებით, რადგან უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების და სოფლების დაცხრილვა გრძელდება, იძულებული არიან სასაზღვრო რეგიონებში საპასუხო ცეცხლი გაუხსნან რუსეთის სამხედრო ობიექტებს. ამიტომ, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ბეგლგოროდის და კურსკის ოლქების მცხოვრებთ დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

ამ კვირაში პირველი ცნობები, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებთან საზღვარი გაარღვიეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ბატალიონმა“, 12 მარტს გავრცელდა. რუსეთს ეს ფორმირებები ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფების წევრები არიან უკრაინის მხარდამჭერი რუსები, რომლებიც მიზნად ასახელებენ პუტინის რეჟიმისგან სამშობლოს გათავისუფლებას.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად ბელგოროდის ოლქში, ჩატარებული ოპერაციების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს რუსეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა.

XS
SM
MD
LG