Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა უკრაინას ადეიშვილისა და ლორთქიფანიძის გადაცემას სთხოვს


ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ბერლინში შეხვედრაზე
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ბერლინში შეხვედრაზე

საქართველოს მთავრობა უკრაინის ხელისუფლებას ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის გადაცემას სთხოვს.

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ადეიშვილი ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობას იკავებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს, ამჟამად უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი უკავია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს, 11 მარტს, გამოაქვეყნა ორი განცხადება, რომლებიც ბრიუსელსა და ბერლინში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებს შეეხება - ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა.

საქართველოს მთავრობა „შემაშფოთებლად“ მიიჩნევს „უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილისა და უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლორთქიფანიძის ყოფნას“ და აღნიშნავს, რომ „აღნიშნული პირები ხელმძღვანელობდნენ საქართველოს წინა ხელისუფლების ავტორიტარულ რეჟიმს, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იმსხვერპლა“.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ „გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული“ და მიიჩნევს, რომ „ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ".

საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა "ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია".

„შესაბამისად, აღნიშნული მოვლენა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტის სულისკვეთებას, რომელიც საქართველოში ანტიევროპული განწყობის გაძლიერების პრევენციას ითვალისწინებს. ანალოგიურად, ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვა დამნაშავეებისა და ძებნილების თავისუფალი მიმოსვლა, რომელთა ნაწილზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი დღესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართული. საქართველო არის ერთგული პარტნიორი და აქვს მოლოდინი, რომ მომავალში ევროპული სტრუქტურები და ბიუროკრატია გამოავლენენ მეტ გულისხმიერებას და ერთგულებას იმ ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეფუძნა", - წერია განცხადებაში.

დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა.

მარცხნიდან: პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში; ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მარცხნიდან: პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში; ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეხვედრაზე "ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო".

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დამნაშავედ ცნობილი ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობა "სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას".

მარცხნიდან: გერმანიის ელჩი საქართველოში პეტრე ფიშერი და ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მარცხნიდან: გერმანიის ელჩი საქართველოში პეტრე ფიშერი და ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, "შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან მომავალში სათანადო რეაგირება მიეცემა მსგავს ფაქტებს".

5 მარტს უკრაინის გენერალური პროკურორი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს შეხვდა, შეხვედრას ესწრებოდა ზურაბ ადეიშვილი.

ბრიუსელში ზურაბ ადეიშვილი ასევე მონაწილეობდა უკრაინის გენერალურ პროკურორსა და ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვერა იუროვას შორის გამართულ შეხვედრაში.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდადებული. ის ინტერპოლმა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილთა სიიდან ამოიღო. ადეიშვილს 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ადეიშვილმა 2021 წლის 4 მარტს თავად მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

XS
SM
MD
LG