მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით ბრიუსელში გამართული შეხვედრის შესახებ განმარტება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.
როგორც ის აღნიშნავს, გერტ იან კოპმანი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე მართლაც შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, ანდრი კოსტინს და მასთან ერთად დელეგაციაში მყოფ რამდენიმე ადამიანს. ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ამ „შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა". ამასთან, მიუთითებს, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა „ცხრა ნაბიჯიდან" პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რასაკვირველია, უკრაინის ჩათვლით. გასულ სამშაბათს [5 მარტი, 2024 წელი], ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა.
ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა (ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში). ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას", - ვკითხულობთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წერილობით განმარტებაში.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრებში ადეიშვილის მონაწილეობის საკითხს 7 მარტს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი განმარტებას გააკეთებდა.
„სამწუხაროა და იმედი მაქვს, ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას, ცნობილი იყო თუ არა, ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს, როგორ აპირებენ ისინი სამომავლოდ ამ მხრივ განმარტებები გააკეთონ ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბრიუსელში ზურაბ ადეიშვილი ასევე მონაწილეობდა უკრაინის გენერალურ პროკურორსა და ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვერა იუროვას შორის გამართულ შეხვედრაში.
საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ წერილი ინტერპოლისგან 2015 წლის 9 აპრილს მიიღო. მაშინ პროკურატურა წერდა, რომ „ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი“.
ექსპერტების ვარაუდით, ადეიშვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყანა შესაძლოა ყოფილიყო უნგრეთი, სადაც ზურაბ ადეიშვილი საქართველოდან წასვლის შემდეგ ცხოვრობდა, თუმცა ვარაუდები უკავშირდებოდა უკრაინასაც, სადაც ის, სხვადასხვა წყაროს ცნობით, დამოუკიდებელი მრჩევლის სტატუსით მუშაობდა.
რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს 2013 წლის 10 იანვარს მიმართა. შუამდგომლობა 2013 წლის 14 ნოემბერს დაკმაყოფილდა და ზურაბ ადეიშვილი მაშინ საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა.
მართალია, წითელი ცირკულარით ძებნის გაუქმება ამა თუ იმ პირის გამართლებას არ ნიშნავს, მაგრამ, როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, იურისტი დავით ჯანდიერი რადიო თავისუფლებასთან განმარტავდა, ინტერპოლის გადაწყვეტილება ძირითადად პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს ეფუძნება. ამ პრინციპის მტკიცედ დაცვას ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლი მოითხოვს. დავით ჯანდიერი ამბობდა, რომ პროცესი დინამიკურია და ინტერპოლი აკვირდება ყველაფერს მას შემდეგაც, რაც ამა თუ იმ პირის მიმართ ის წითელი ცირკულარით გამოაცხადებს ძებნას. მათ შორის, ყურადღება ექცევა ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას ამა თუ იმ საქმესთან ან ბრალდებულთან მიმართებით.
2020 წლის მაისში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი მუშაობს უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის პოზიციაზე.
2021 წელს ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ადეიშვილმა 2021 წლის 4 მარტს თავად მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ის დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდადებული.