რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის „რადიო ფარდისთვის“ გამოგზავნილ ხმოვან და წერილობით შეტყობინებებში ირანელების უმეტესობა ამბობს, რომ არ მონაწილეობენ, მათი აზრით, „უაზრო“ არჩევნებში, რომელიც, ქვეყანაში მკაცრი ხაზის მომხრეთა ძალაუფლებას კიდევ უფრო განამტკიცებს.
ეს მაგალითები, თუმცა არცთუ დიდი რაოდენობის, მაინც ხაზს უსვამს ირანის მმართველი სასულიერო ისტებლიშმენტის გამოწვევას, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა 2022 წელს დაწყებული უპრეცედენტო ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს.
ერთ-ერთ შეტყობინებაში ერთი ირანელი წერდა: „თქვენ არ ხართ ხალხის წარმომადგენლები, თქვენ ხალხი მხოლოდ ხმებისთვის გჭირდებათ და სხვა არაფრისთვის...“
მეორე კაცი ხალხს მოუწოდებს, არ მისცენ ხმა „კორუმპირებულ რეჟიმს, რომელსაც არ აქვს ადგილი ძველ და ცივილიზებულ ირანში“.
„არ დადგა დრო იმისა, რომ „არა“ ვუთხრათ ჩემს სამშობლო ირანში სიკვდილით დასჯას, დიქტატურასა და ოკუპაციას?“ - წერდა „რადიო ფარდისთვის“ გამოგზავნილ წერილში ირანის მოქალაქე.
ირანის ხელისუფლება სხვაგვარად მოაზროვნეობის არავითარ ფორმას არ ეგუება და ბოლო წლებში ციხეებში ჩასვა უამრავი რეპორტიორი, აქტივისტი და ადვოკატი.
უფლებადამცავი ჯგუფების თანახმად, მხოლოდ 2023 წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს 700 ადამიანი, მათ შორის, ცხრა დემონსტრანტი. Human Rights Watch-ის ინფორმაციით, 11 ადამიანი სიკვდილით დასჯის „გარდაუვალი რისკის“ ქვეშაა.
2022 წლის სექტემბერში დაწყებული მასობრივი გამოსვლები, რომლებიც მთელ ირანში რამდენიმე თვეს გაგრძელდა, სასტიკად ჩაახშო ხელისუფლებამ - მოკლეს 500 დემონსტრანტი, ხოლო ათასობით დააპატიმრეს.
გამოსვლები დაიწყო როგორც პროტესტი ჰიჯაბის იძულებითი ტარების წინააღმდეგ. შემდეგ დემონსტრაციები გადაიზარდა ირანული თეოკრატიის საწინააღმდეგო გამოსვლებში. ზოგიერთ აქციაზე სასულიერო მმართველობის დასრულების მოწოდებებიც ისმოდა.
„დღეს ვხედავთ, რომ ისინი, ვინც აკრიტიკებდა სასულიერო პირების დიქტატურას, ... მოკლეს, დაჭრეს, აწამეს და საპატიმროში მოათავსეს“, - ამბობს „რადიო ფარდისთვის“ გამოგზავნილ ერთ-ერთ ხმოვან შეტყობინებაში ერთი ირანელი კაცი. ისინი, ვინც „რადიო ფარდას“ ხმოვანი თუ წერილობითი შეტყობინებები გამოუგზავნეს, ვინაობას არ ამხელენ, რადგან რეპრესიის ეშინიათ.
მოწოდებები ბოიკოტისკენ
გამოჩენილმა ირანელებმა ქვეყნის გარეთ, ასევე პოლიტიკურმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ირანში, ხალხს 1 მარტის არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდეს.
თითქმის 300-მა პოლიტიკურმა, საზოგადოებრივმა და კულტურის მოღვაწემ 25 თებერვალს საჯაროდ დაგმო ეს არჩევნები და ხალხს მოუწოდა მიბაძონ მათ მაგალითს და არ ჩაერთონ „გაყალბებულ“ და „დადგმულ“ კენჭისყრაში.
ერთი დღით ადრე, საპატიმროში მყოფმა უფლებადამცავმა, ადვოკატმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ნარგეს მოჰამადიმ ხალხს ბოიკოტისკენ და, ასევე, „ამ არჩევნების მიმართ ეროვნული სანქციებისა და გლობალური დაგმობისკენ“ მოუწოდა, რაც, მისი სიტყვებით, „პოლიტიკური აუცილებლობა და მორალური ვალია“.
ირანში პატიმრობაში მყოფი ნობელის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი ითხოვს ბოიკოტს, სანქციებს და დაგმობს ირანის არჩევნებს.
ირანის ოფიციალური პირებმა და სახელმწიფო მედიამ, მათ, ვინც ბოიკოტის მოწოდებით გამოვიდა, ბრალად დასდეს, რომ „მტრის“ ნებას ასრულებენ.
ოფიციალური პირები ხმის უფლების მქონეთ მოუწოდებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მათი რელიგიური მოვალეობაა.
ეს მოწოდებები გაისმოდა წინა, 2020 და 2021 წლების არჩევნებში მონაწილეთა სარეკორდოდ დაბალი მაჩვენებლის გამო შეშფოთების ფონზე.
ექსპერტების მოსაზრებით, ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს მმართველ სასულიერო პირებსა და ახალგაზრდობას შორის მზარდი უფსკრულის არსებობას, ასევე სახელმწიფო რეპრესიებს და ეკონომიკურ პრობლემებს, 1 მარტის არჩევნებში ასევე დაბალ აქტიურობას მოელოდა.
„რადიო ფარდისთვის“ გამოგზავნილ ერთ შეტყობინებაში ისმის სიტყვები: „არჩევნები უაზრობაა“. მისი ავტორი გულისხმობს უკიდურესად არასამართლიან პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ ირანში კანდიდატების წამოყენებისას. მათ ამოწმებს მკაცრი ხაზის მიმდევარი ორგანო, რომლის წევრებს პირდაპირ თუ ირიბად არჩევს უზენაესი ლიდერი. „არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც რომ დავივიწყოთ ბოლო წლებში მთავრობის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული, საკუთარი თავის დაცინვა იქნება“.
ერთ-ერთი გზავნილის ავტორი იმედოვნებს, რომ „ხალხის მოთმინება ამოიწურა“ და ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მისი თქმით, ეს ერთადერთი გზაა, „ბოლო მოეღოს ამ უბედურ, სევდიან და ღატაკ ცხოვრებას“.