ოთარ ცინდელიანს გამოძიება ედავება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას. მას 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ვერსიით, 21 წლის კაცმა თანატოლი ქალი 28 თებერვალს მოკლა თბილისში, სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებიდან რამდენიმე კილომეტრში - სოფელ წინუბანში.
"[ქალს] სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ ოთარ ცინდელიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ის ქალის მოკვლის შემდეგ დასავლეთ საქართველოში ცდილობდა მიმალვას.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სახლიდან გვიან ღამით გავიდა, ოჯახმა კი მისი ძებნა 28 თებერვალს დილით დაიწყო, როცა აღმოაჩინეს, რომ ის სახლში არ იყო. ცხედარი ოჯახის წევრმა იპოვა.
ახალგაზრდა ქალის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას შინაგან საქმეთა სამინისტრო "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით იძიებს.