საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერობას არ გეგმავს, არამედ სურს ოპოზიციური პარტიები გააერთიანოს ევროპული პლატფორმის ირგვლივ.
"მე არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი ვიყო. ზოგიერთს სურს, ეს გზა ავირჩიო, მაგრამ არ მგონია, ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს", - თქვა პრეზიდენტმა ლონდონში, Chatham House-ის, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს, მოდერატორის კითხვის პასუხად.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს აღარ უჭერს მმართველ ძალას და ასევე არც "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება სურს.
"დაახლოებით მოსახლეობის 50%-ს არცერთი ძალა არ უნდა და ელოდება, რამდენად შეძლებენ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ მოქმედებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაერთიანდნენ ერთი სიის ან ერთი პარტიის ქვეშ, ეს არარეალურია და არც იქნება კარგი მომავალში მრავალპარტიულობისთვის. მათ უნდა შეძლონ ერთად მოქმედება იმგვარად, რომ საზოგადოებას გამარჯვების ფორმულა წარუდგინონ. ესაა მათი საქმე. ჩემი საქმეა, ვუთხრა მათ, რომ გაერთიანდნენ არა ერთმანეთთან, არამედ ევროპული პლატფორმის ირგვლივ", - განაცხადა მან.
6 თებერვალს, პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, რომ ქმნის „ერთობის პლატფორმას ევროპისთვის“ - „მომავლის ქარტიას“. მან ამ საკითხზე საუბარი დაიწყო 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობის ხაზგასმით. კერძოდ, თქვა, რომ „ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს“, არამედ ეს იქნება „ისტორიის გადამწყვეტი ეტაპი, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი ახალ, ევროპულ სახელმწიფოს“.
პრეზიდენტმა თქვა, რომ მზადაა იყოს „ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი“.
პრეზიდენტის ინიციატივას იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, გარდა პარტიისა "საქართველოსთვის".