პროცესს არ უერთდება „ქართული ოცნება“, რომელიც პრეზიდენტს „ნაცზე ნაცს“ უწოდებს, ხოლო ოპოზიციასთან შეხვედრების ინიციატივას „საარჩევნო შტაბის“ შექმნისა და „ნათელაშვილის ფანჩატურის“ განახლების იდეად განიხილავს.
პრეზიდენტის სურვილები
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, რომან გოცირიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში მივიდა და, როგორც გვეუბნება - სალომე ზურაბიშვილს პირისპირ, მარტო შეხვდა.
„პრეზიდენტს სურს, რომ ქვეყანაში საზოგადოება შეთანხმდეს ისეთ პრინციპებზე, რომლებიც ყველასთვის მისაღები და პარტიულ ინტერესებზე მეტია“, - რომან გოცირიძე კონკრეტულ თემებსაც ჩამოთვლის:
- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
- არჩევნებზე ფართო საერთაშორისო დაკვირვება - „რის შესახებაც პრეზიდენტი უკვე საუბრობს დასავლელ პარტნიორებთან“
- არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის შესაძლებლობების გაზრდა
- მომავლის ხედვის ჩამოყალიბება საბოლოო დოკუმენტში - ქარტიის ფორმატში - „რომელიც მაისისკენ გამოქვეყნდება“
რომან გოცირიძის შეფასებით, პრეზიდენტის აქტიურობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და „ოპოზიციის წისქვილზეც ასხამს წყალს“, „გააძლიერებს ოპოზიციას“ და „გააძლიერებს თავად პრეზიდენტსაც“, რადგან შეიქმნება მოცემულობა, როცა უპარტიო სალომე ზურაბიშვილი იქნება „ოპოზიციურ ფლანგზე შემუშავებული იდეების თანაავტორი“.
ახალ ინიციატივაზე სალომე ზურაბიშვილმა 6 თებერვალს, პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრეზიდენტის სასახლეში მეორე დღესვე მივიდნენ.
პირველი იყო „ლელო“.
„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროკომისიის 9 პირობის შესრულების კონკრეტულ გეგმასა და ევროინტეგრაციის გზაზე სწრაფად წინ წაწევის შანსებზე ილაპარაკეს. ბადრი ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტის ინიციატივა „უპირისპირდება „ქართული ოცნების“ მცდელობებს, რომ გახლიჩოს საზოგადოება და დააპირისპიროს ადამიანები ერთმანეთთან“.
კიდევ ვინ მივიდა ან მივა
პრეზიდენტთან უკვე იმყოფებოდა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი - ზურაბ ჯაფარიძე;
ასევე ნიკა მელია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამიჯვნის შემდეგ, ახალ პარტიას აყალიბებს;
იყვნენ ასევე - "ევროპული საქართველოს" ლიდერები - გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი;
პარტია „მოქალაქეებიდან“ - დეპუტატი ალეკო ელისაშვილი;
დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი - თამარ ჩუგოშვილი და სხვები.
პრეზიდენტის სასახლიდან გამოსულმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ - პრეზიდენტი არჩევნების პროცესში ემიგრანტების უფრო ფართო ჩართულობის თემით არის დაინტერესებული, რომელზე მუშაობაც ჯაფარიძის გუნდმა კარგა ხნის წინ დაიწყო.
ნიკა მელიამ თქვა, რომ პრეზიდენტის მსგავსი ხედვები აქვს, მაგალითად - მართლმსაჯულების პრობლემებსა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და ევროპულ მომავალზე სასაუბროდ მუდამ მზად არის.
თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ საუბარი შეეხებოდა პარტიის ხედვებს იმ საკითხებზე, რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად არის საჭირო.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, უკლებლივ ყველა ამბობს - რომ არ არსებობს პარტიული გაერთიანებისა და ერთ პოლიტკურ პლატფორმად ჩამოყალიბების მიზანი.
13 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის - შეხვდეს პრეზიდენტს და ისაუბროს საქართველოს ევროპულ მომავალზე. ხოლო პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი საჭიროდ თვლის, რომ პრეზიდენტმა მკაფიოდ უპასუხოს არაერთ შეკითხვას და მათ შორის - „აპირებს თუ არა გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას იმისთვის, რომ კამპანიაში ჩართვა მესამე პრეზიდენტმაც შეძლოს?“
მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოწოდებებზე სალომე ზურაბიშვილის პასუხი მუდმივად იყო უარი, ზოგჯერ - ხისტი და ზოგჯერ - შედარებით უფრო რბილი.
პარლამენტში ბოლო გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილის დაუფარავი მოწონება დაიმსახურა. მის ფეისბუკპოსტში ბევრმა ამოიკითხა მკაფიო მინიშნება, რომ მომავალ პრეზიდენტად (რომელსაც ახალი პარლამენტი აირჩევს) - სალომე ზურაბიშვილი წარმოუდგენია.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო სექტორს თავის სასახლეში პირველად არ იწვევს.
ვინ არ მივა პრეზიდენტთან
პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივის შეფასებისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად ახსენებდნენ „ნათელაშვილის ფანჩატურს“, მათ მიერვე დამკვიდრებულ ტერმინს, რომელშიც 2020-2021 წლებში, პოლიტიკური ბოიკოტის დროს, ოპოზიციის დიდი ნაწილის ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრებს გულისხმობენ.
„არ გვიკვირს, რომ ხელისუფლება მუდმივად იხსენებს „ნათელაშვილის ფანჩატურს“ - მწარედ ახსოვთ და იმიტომ... ოპოზიციის დიდ ნაწილს მაშინ სულმოკლეობა რომ არ გამოეჩინა და პარლამენტში არ შესულიყო, მივიღებდით ახალ არჩევნებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს პრეზიდენტის სასახლეში მისვლას.
ლეიბორისტული პარტია სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის მოკავშირედ თვლის.
პრეზიდენტთან მისვლას არც გიორგი გახარია აპირებს.
„ამ ფორმატში მონაწილეობას იღებენ ის პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ევროპულ მომავალს და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას უკავშირებდნენ და უკავშირებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას“, - გადაწყვეტილებას ასე ხსნის დეპუტატი ანა ბუჩუკური, მაგრამ იმასაც დასძენს, რომ ამით არ იცვლება მისი პარტიის კეთილგანწყობა პრეზიდენტის მიმართ.
არავის უკვირს, რომ პროცესს არ უერთდება „ქართული ოცნება“.
მმართველი პარტია პრეზიდენტს ე.წ. პრეზიდენტს, „რადიკალ ოპოზიციონერსა“ და „ნაცზე უფრო ნაცს“ უწოდებს.
6 თებერვალს, როცა პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში შევიდა, „ოცნების“ დეპუტატები არც ფეხზე წამოდგნენ და არც მიესალმნენ. პრეზიდენტს ხელი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ ჩამოართვა.
მმართველ პარტიაში სჯერათ, რომ პრეზიდენტმა თავის სასახლეში ოპოზიციის წინასაარჩევნო შტაბი გახსნა და ახლა მათ პოლიტიკურ გაერთიანებას გეგმავს.
6 თებერვალს, როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთობის პლატფორმის“ ინიციატივა გაახმაურა, სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს, რომ შეხვედრებზე მხოლოდ ოპოზიციას იწვევდა; თუმცა ძნელი წარმოსადგენი არავისთვის იყო, რომ მის ინიციატივას არ აჰყვებოდა „ქართული ოცნება“.
ყოველწლიური მოხსენებისას პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობა, ილაპარაკა საბჭოთა მემკვიდრეობაზე, ელიტური კორუფციის დიდ მასშტაბებსა და არჩევნების გზით ცვლილებების აუცილებლობაზეც.
პრეზიდენტის პოლიტიკური გეგმები
რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს, „როცა გამარჯვებაში შეტანილი წვლილი შეფასდება“.
ყოველ შემთხვევაში, გოცირიძე დარწმუნებულია ერთში, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი „მემუარების წერას არ დაიწყებს“.
თავად ზურაბიშვილს პრეზიდენტობის გაგრძელების სურვილი არასოდეს გაუმჟღავნებია; თუმცა არაერთხელ მიანიშნა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც აპირებს პოლიტიკაში დარჩენას.
„პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 6 თებერვალს, პარლამენტში, როცა საპრეზიდენტო ვადაში თავისი ბოლო ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.
2023 წლის დეკემბერში, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ მიიღოს მონაწილეობა 2024 წლის არჩევნებში, თუკი ეს საქართველოს ევროპულ მომავალს დასჭირდება.
პრაღის სათავო ოფისში, ინტერვიუ ჩაწერილია რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა.
ორი მოწვევის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, დავით დარჩიაშვილი გვეუბნება, რომ „სალომე ზურაბიშვილს არასოდეს ჰქონია ისეთი პოლიტიკური წონა, როგორც ახლა აქვს“ და ეს წონა „იზრდება, როგორც ოპოზიციის ამომრჩეველში, ასევე გადაუწყვეტელ ამომრჩეველში“.
დარჩიაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის აქტიურობა ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილი იყოს. „თეორიულად ყველაფერი შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ ამჟამად ფაქტები სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს“, - გვეუბნება ის.
რაც შეეხება „ერთობის პლატფორმის“ იდეას, დავით დარჩიაშვილს შედეგის პროგნოზირება უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მცდელობა - მოხდეს აზრთა შეჯერება ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის.