ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ევროკავშირის რეკომენდაციებისათვის „სერიოზულად შეხედვისკენ“ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ქვეყნები, რომლებიც რეფორმებს სერიოზულად უდგებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ“.
ეს სიტყვა ელჩმა ჰერჩინსკიმ 5 თებერვალს წარმოთქვა ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაზე. მისი თქმით, საქართველომ ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს ბალკანეთის ქვეყნებისგან - კარგიც და ცუდიც.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან.
ჰერჩინსკის თქმით, დასავლეთი ბალკანეთი ევროკავშირის გაფართოების პროცესშია ჩაბმული მას შემდეგ, რაც მონტენეგრომ 2008 წელს შეიტანა წევრობაზე განაცხადი. „კარგი ამბავი ისაა, რომ ახლა სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური კონტექსტია და ევროკავშირის კარი ასე ფართოდ გაღებული არასოდეს ყოფილა. ახლა თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას“, - თქვა მან.
ელჩ ჰერჩინსკის თქმითვე, საქართველოს აქვს გარკვეული უპირატესობა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან შედარებით:
- როდესაც საქართველომ განაცხადი შეიტანა, უკვე ჰქონდა დაწყებული საკანონმდებლო ბაზის დაახლოება ევროკავშირთან, გამომდინარე ასოცირების ხელშეკრულებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან;
- ელჩის თქმითვე, საქართველოს ახასიათებს „ძლიერი საჯარო ადმინისტრირება, - რაზეც ჯერაც მუშაობენ ბალკანეთის ქვეყნები“;
- „საქართველოს უდიდესი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირთან გაერთიანებისკენ“.
საქართველოსთან დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ „გასული წლის 12 პრიორიტეტისა და ამჟამინდელი 9 ნაბიჯის შესრულებაში პარლამენტის როლი გადამწყვეტია“; ამასთან, ნოემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში ადგენს მკაფიო ნაბიჯებს ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზასთან (acquis) შესაბამისობაში მოსაყვანად.
„ევროკავშირის ამ რეკომენდაციებზე საჭიროა მუშაობა, - ხაზს გავუსვამ, ერთობლივი მუშაობა - პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. თუ საქართველოს უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს მომავალ თვეებსა და წლებში, პასუხების უმეტესობა ამ ანგარიშშია“, - განაცხადა ელჩმა.
ელჩის თქმითვე, ეს პროცესი „დროსა და ხარჯებს მოითხოვს“, ასე რომ, „რაც უფრო მალე დაიწყებთ, უფრო იოლი იქნება“.
„როდესაც წინ წაიწევთ და დაიწყებთ ევროკავშირის სტანდარტების გამოყენებას, შეძლებთ ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის კერძო სექტორიდან, რათა შეიქმნას სიმდიდრე და გაძლიერდეს სტანდარტები ქვეყანაში. ინვესტორები აფასებენ სტაბილურობას, რომელიც მოაქვს ევროკავშირის წესების გამოყენებას და ერთიან ბაზარზე ინტეგრირებას“, - განაცხადა მან.
„ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადადოს გვერდზე პოლიტიკური უთანხმოებები იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად და განახორციელონ ეს რეფორმები. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს“, - თქვა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
2023 წლის 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.