Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის შემდეგ ამერიკიდან - კიევი გაჭიანურებულ დახმარებას ელოდება


ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრები გამართა აშშ-ის კონგრესში - უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ. 30 იანვარი, 2024 წელი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრები გამართა აშშ-ის კონგრესში - უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ. 30 იანვარი, 2024 წელი.

ყინული დაიძრა - უკრაინა მიიღებს ევროკავშირის დაპირებულ 50 მილიარდ ევროს, რომელსაც გზას უნგრეთი უკეტავდა. კიევი ახლა აშშ-ის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ვაშინგტონიდან კიევისთვის დამაიმედებელი სიგნალები ვრცელდება, რომ შეთანხმების გასაჯაროება კარს არის მომდგარი.

„რუსეთის აგრესია რჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ევროპული უსაფრთხოებისთვის. გვაქვს რესურსები, აუცილებელი - მეტის გასაკეთებლად. უმოქმედობის საფასური გაცილებით მაღალი იქნება ყველასთვის ევროპაში“, - უთხრა ჟურნალისტებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა 1 თებერვალს, როცა ბრიუსელში უკრაინის დახმარების ბედი წყდებოდა.

ევროკავშირში გადაწყვეტილება სრული კონსენსუსით მიიღეს. უკრაინისთვის 4 წლის განმავლობაში 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ევროკავშირის 27-ვე წევრმა დაუჭირა მხარი და მათ შორის - უნგრეთმაც.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის დახმარების საკითხს თვეების განმავლობაში აჭიანურებდა და ეს მდგომარეობა კმაყოფილებას იწვევდა როგორც რუსეთში, ასევე მის მოკავშირეებში - ევროპასა თუ აზიაში. ევროკავშირის ლიდერები ორბანის გადარწმუნებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

ვიდრე ევროპელი ლიდერები შეთანხმებას მიაღწევდნენ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოითხოვდა, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხისთვის ევროპელ ლიდერებს ყოველწლიურად ეყარათ კენჭი; რაც მომავალ წლებში ვეტოს უფლების შენარჩუნებას გულისხმობდა.

ორბანმა ვერ გათვალა

1 თებერვალს, ევროკავშირის საგანგებო სამიტის დაწყებამდე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრიუსელი დაღალა ორბანმა და არა უკრაინაში მიმდინარე ომმა.

ვიქტორ ორბანი სამიტზე ბრიუსელში. 1 თებერვალი, 2024 წელი.
ვიქტორ ორბანი სამიტზე ბრიუსელში. 1 თებერვალი, 2024 წელი.

რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ „ორბანმა ვერ გათვალა ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრი ქვეყნის მონდომება“ და ამჯერად მშრალზე დარჩა.

„ის ვერ მიიღებს ვერანაირი ყოველწლიური ვეტოს უფლებას უკრაინის დაფინანსებაზე, რომელიც 2024-2027 წლებში უნდა გამოუყონ; ის ვერ იხილავს ფულს - ბუდაპეშტისთვის, რომელიც ევროკომისიის მიერ არის გაყინული ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრობლემების გამო და ის ვერც შეთავაზებას მიიღებს - ფონდების ნაწილის სამომავლოდ ათვისების პერსპექტივით“, - წერს იოზვიაკი.

თავად ორბანი ამბობს, რომ გამარჯვებულია. უნგრეთის პრემიერმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი] დაწერა, რომ „მისია შესრულებულია“ და უნგრეთმა მოიპოვა უკრაინისთვის გამოყოფილი ფულის პირველ და მეორე წელს გაკონტროლების მექანიზმი.

„უკრაინაში ომთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია: გვჭირდება ომის დასრულება და სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - წერს ორბანი.

ევროპელი ლიდერების მიერ დამტკიცებული 12-გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, ორბანმა სასურველი ვეტოს უფლება ვერ მიიღო. ბრიუსელში შეთანხმებული ტექსტი არ მოიცავს უნგრეთისთვის სასურველ კონკრეტულ ჩანაწერს, რომელიც ორბანს სამომავლო ვეტოს შესაძლებლობას მისცემდა.

უკრაინის დახმარების საკითხის გადახედვის ინიციირებას 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა ესაჭიროება, რაც იმას ნიშნავს, რომ, როგორც რიკარდ იოზვიაკი განმარტავს, მარტო უკრაინის ყველაზე დიდი მეგობრები, როგორებიც არიან ბალტიის ქვეყნებიც კი შეძლებენ საკითხის გადახედვის ჩაგდებას.

სამიტზე უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო განცხადებებით გამოვიდნენ: იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას მრავალწლიანი დაფინანსების ჩარჩოს შესახებ. ეს შეთანხმება საშუალებას გვაძლევს, უკრაინას დამატებით გამოვუყოთ 50 მილიარდი ევრო. ეს არის ევროპული საბჭოს ლიდერობის დემონსტრირება. ჩვენ ერთიანები ვართ და რუსეთი ჩვენ ვერ შეგვაშინებს“, - დაწერა სამიტის შემდეგ შარლ მიშელმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი].

მანამდე, დასკვნით ბრიფინგზე, მიშელმა ასევე თქვა, რომ - შეთანხმება წარმოადგენს მესიჯს უკრაინისთვის, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის „თავისუფლებასა და მომავალს“.

წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირის დახმარების პირველ ნაკადს უკრაინა უკვე მარტში მიიღებს.

ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინაში შვებით ამოისუნთქეს - რუსეთთან ფართომასშტაბიან ომში მყოფი ქვეყანა ფინანსების მწვავე დეფიციტს განიცდის. პრეზიდენტი ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირს მალე აშშ-შიც მიბაძავენ.

„ეს არის ნათელი სიგნალი მოსკოვისთვის, რომ ევროპა გაუძლებს და მას არ გატეხავს გამანადგურებელი ტალღები, რომლებსაც მუდმივად ქმნის კრემლი. მაგრამ ეს ასევე არის ნათელი სიგნალი ატლანტიკის მიღმა; სიგნალი, რომ ევროპა ვალდებულებებს იღებს - მტკიცე უსაფრთხოების ვალდებულებებს. სულმოუთქმელად ველით ამერიკის გადაწყვეტილებას“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე გამოქვეყნებულ თავის ვიდეომიმართვაში.

ვაშინგტონიდან დამაიმედებელი სიგნალები მოდის

უკრაინაში იმედს აძლევთ აშშ-ის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ამერიკის კონგრესში - გადაწყვეტილების მიღებასთან უკვე ძალიან ახლოს არიან.

აშშ-ის სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერზე დაყრდნობით, Bloomberg-ი წერს, რომ უკრაინის დახმარებასთან და აშშ-ში მიგრაციის საკითხთან დაკავშირებული შეთანხმება, სულ გვიან - კვირას გამოქვეყნდება, ხოლო საპროცედურო კენჭისყრა სენატში, 7 თებერვალს არ გადასცდება.

დიდი ხნის პრობლემის ახლო მომავალში გადაწყვეტის დიდ ალბათობაზე წერს The Hill-იც. გამოცემის ცნობით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა ბალტიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს უთხრა, რომ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით - გაიზიარებენ.

ჯონსონი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო და დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა მოწოდებებს - უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების გამოყოფის თაობაზე.

სადავო საკითხია აშშ-ის სამხრეთი საზღვრის დაცვა მიგრანტთა ნაკადებისგან. ამ საკითხის გაჭიანურებას მიაწერენ რესპუბლიკელების ერთი ჯგუფის მხრიდან ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის დახმარების გაწევის სურვილს, მოქმედ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან პაექრობის პროცესში.

The Hill-ის ცნობით, ევროპელი მოკავშირეები დარწმუნებული არიან, რომ ჯონსონიც და სხვებიც - უმრავლესობა კონგრესში - მხარს უჭერენ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას.

„უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია მთელ ქვეყანაში“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, 31 იანვარს, როცა ის კიევს სტუმრობდა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა გამოხატა მტკიცე რწმენა, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა კონგრესში კენჭისყრის შედეგებზეც აისახება.

უკრაინის დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფრო ფართო საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, აშშ-ის კონგრესში სექტემბრიდან ჭიანურდება.

ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ფული უკრაინისთვის. ხშირია ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინელი სამხედროები ბრძოლის ველზე ტყვია-წამლის მწვავე ნაკლებობას განიცდიან.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა, დეკემბერში, აშშ-ში ყოფნის დროს თქვა, რომ ამერიკის სამხედრო დახმარების გარეშე, არსებობს „უზარმაზარი რისკი“ იმისა, რომ უკრაინა დამარცხდება რუსეთთან ომში.

აშშ-მა უკრაინის დახმარების ბოლო პაკეტის შესახებ 2023 წლის დეკემბრის მიწურულს გამოაცხადა, როცა კიევისთვის 250 მილიონი დოლარის გამოყოფა გადაწყდა.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

უკრაინის დახმარების გაგრძელების საკითხზე აშშ-ში შეხვედრები გამართა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

31 იანვარს იენს სტოლტენბერგი მაიკ ჯონსონსა და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ანალიტიკურ ცენტრ Heritage Foundation-ში გამოსვლისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ამბიციები უკრაინით არ შემოიფარგლება და პუტინი გეგმავს „აღადგინოს რუსეთის გავლენის სფერო და შექმნას ალტერნატიული მსოფლიო წესრიგი“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG