Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FT: ბრიუსელი უნგრეთის ეკონომიკას ემუქრება, თუ ორბანი უკრაინას დახმარებას ისევ დაუბლოკავს


ფოტო არქივიდან. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი(მარცხნივ) და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირის სამიტზე. ბრიუსელი. 2023 წლის 23 მარტი
ფოტო არქივიდან. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი(მარცხნივ) და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირის სამიტზე. ბრიუსელი. 2023 წლის 23 მარტი

ევროკავშირი მზად არის, უნგრეთის ეკონომიკას დაარტყას, თუ ამ ქვეყნის ხელისუფლება ისევ დაბლოკავს უკრაინისთვის მრავალმილიარდიან დახმარებას. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს, ევროკავშირში შემუშავებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, ბრიუსელის სტრატეგია ითვალისწინებს უნგრეთის ეკონომიკის სუსტ წერტილებზე შეტევას და ეროვნული ვალუტის და ინვესტორთა ნდობის შერყევით სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდისთვის ზიანის მიყენებას, თუ ბუდაპეშტი ძალაში დატოვებს ვეტოს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების სამწლიან პროგრამაზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინის დახმარებას ეწინააღმდეგება, ვეტოს უფლებით ისარგებლა ევროკავშირის ლიდერთა წინა სამიტზე. ეს შეხვედრა 2023 წლის 14-15 დეკემბერს ბრიუსელში ჩატარდა. წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამის განხილვას 1 თებერვალს დაუბრუნდებიან.

გამოცემა Financial Times-ი ევროკავშირში შემუშავებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ თუ ორბანი უკან არ დაიხევს, სხვა ლიდერებმა, ბაზრის დასაშინებლად შესაძლოა, საჯაროდ გამოაცხადონ, რომ ევროკავშირი სრულად წყვეტს უნგრეთის დაფინანსებას. მსგავსი დოკუმენტის არსებობაზე ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურში კომენტარი არ გააკეთეს.

ორბანის მთავრობაში ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა იანოშ ბოკამ განაცხადა, რომ შესაძლო საფრთხის შესახებ ბუდაპეშტში არაფერი იციან და დასძინა, რომ უნგრეთი პოზიციას ზეწოლით არ დათმობს. ბოკას ინფორმაციით, 27 იანვარს ევროკავშირს გაუგზავნეს ახალი წინადადება, რომლის თანახმად, უნგრეთი მზად არის დასთანხმდეს უკრაინის დასაფინანსებლად ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებას, თუ ბუდაპეშტს ექნება მოგვიანებით აზრის შეცვლის შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG