Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორბანმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ევროკავშირის 50-მილიარდიან დახმარებას


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ბრიუსელი, 2023 წლის 14 დეკემბერი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ბრიუსელი, 2023 წლის 14 დეკემბერი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გაწევა. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უნდა მიეღოთ ბრიუსელში, სადაც 14 დეკემბერს დაიწყო ევროპული საბჭოს სამიტი.

განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო" და ამ საკითხს ევროპულ საბჭოში მომავალ წელს, შესაბამისად მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს ისევ განიხილავენ 2024 წლის დასაწყისში.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასაც იმ მოტივით, რომ უკრაინა ამისთვის მზად არ არის. 14 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს. ამ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია და სხდომა შეგნებულად დატოვა, რათა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო.

პრემიერ-მინისტრი ორბანი უკრაინას დიდი ხანია ადანაშაულებს უნგრელთა ეთნიკური უმცირესობის შევიწროებაში, რასაც კიევი უარყოფს. ორი ქვეყნის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ვიქტორ ორბანმა რუსეთთან კონტაქტები შეინარჩუნა და არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ ერთადერთი გზა რუსეთთან მოლაპარაკებაა. ორბანმა ადრეც დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარება.

ამასთან, უნგრეთის მიერ მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის ჯერ კიდევ 2014 წლიდან ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები. გამონაკლისი იყო რუსულ ნავთობზე ემბარგო, რომელიც დღის წესრიგში დადგა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ორბანმა მიაღწია უნგრეთისთვის ამ აკრძალვის გადავადებას.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს დაძაბული ურთიერთობა აქვს ევროკავშირთანაც. ამჯერად, ორბანი ცდილობს უკრაინის მხარდაჭერის საკითხის გამოყენებით მიაღწიოს ევროკავშირის ფონდებიდან 20 მილიარდ ევროზე მეტის მიღებას. ეს თანხა უნგრეთს გაუყინეს კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ არსებული პრობლემების გამო. 14-15 დეკემბრის სამიტის წინ, ევროკომისიამ გადაწყვიტა უნგრეთს მისცეს 10 მილიარდი ევრო.

XS
SM
MD
LG