Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულება: ჩვენ Taurus-ი მოსკოვზე შეტევისთვის არ გვჭირდება


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას იმედი აქვს, რომ შეძლებენ გერმანიის დარწმუნებას უკრაინის არმიისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, Taurus-ის გადაცემის აუცილებლობაში. კულებამ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკება გრძელდება.

კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ უკრაინელებმა ამ რაკეტებით შესაძლოა, სამიზნეებს შეუტიონ რუსეთის ტერიტორიაზე.

Taurus-ი 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტაა. 17 იანვარს გერმანიის პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო უკრაინისთვის ამ რაკეტების გადაცემის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა.

„ჩვენ Taurus-ი მოსკოვზე შეტევისთვის არ გვჭირდება“, - უთხრა Bild-ს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დმიტრო კულებას თანახმად, უკრაინას დასავლელი პარტნიორებისგან შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები სჭირდება არა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის, არამედ რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად ფრონტის ხაზზე, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინამ გერმანიისგან მიიღო დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, მათ შორის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T. 2024 წელს გერმანია უკრაინას გაუწევს 7 მილიარდ ევროზე მეტის სამხედრო დახმარებას.

23 იანვარს გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინას პირველად გადასცეს 6 სამხედრო ვერტმფრენი Sea King-ი. გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, ეს საიმედო ვერტმფრენი უკრაინელებს დაეხმარება ბევრ სფეროში - დაწყებული შავი ზღვის თავზე დაზვერვიდან და დასრულებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებით.

გერმანიამ გადაწყვეტილება გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის მე-18 სხდომის შემდეგ, რომელიც 23 იანვარს ონლაინ ჩატარდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის დახმარებას, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედების იარაღით.

XS
SM
MD
LG