17-თვიანი აკრძალვის შემდეგ საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგა. პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელი ირაკლი კაპანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ეტაპზე კომერციული ფრენის ნებართვა უკვე გაცემულია სამ საჰაერო სივრცეზე გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში. ფრენები, 19 იანვრის მდგომარეობით, ჯერ მხოლოდ გუდაურში ხორციელდება.
"ფედერაციის საქმე იყო დაგვესაბუთებინა რაღაც ადგილებში საჰაერო სივრცეების გამოყოფის საჭიროება. ამ სამ ადგილში ყველაზე მაღალი იყო დაინტერესებული პირების მოტივაცია და ინტერესი, თუმცა ვმუშაობთ სხვა ადგილებშიც - მესტიაში, კახეთში და თბილისის ზღვასთან - ნებართვების მიღებაზე. გუდაურში ოპერატორი კომპანია უკვე გვყავს, ყველაფერი თავმოყრილი და გაკეთებული აქვთ და მუშაობენ. ბაკურიანში ოპერატორი გვყავს, მზად არის ოპერირებისთვის, თუმცა გარკვეული დეტალების გავლა სჭირდებათ. ანანურში ოპერატორი კომპანია ჯერჯერობით თავს იკავებს მუშაობის დაწყებისგან. ზამთრის პირობებში ცოტა რთულად მისადგომია ის ადგილი და, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყებს კომერციულ ფრენებს. ოპერატორი კომპანიების ვალდებულებაა წესრიგის უზრუნველყოფა იმ სივრცეში, სადაც დაფრინავენ, ასევე ასაფრენ და დასაჯდომ მოედნებზე. გარდაა ამისა, გააკონტროლოს, რომ ყველა პილოტი იყოს სერტიფიცირებული და ჰქონდეს გამართული საფრენი აპარატურა და დაზღვევა", - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი კაპანაძემ.
ფედერაციამ პარაპლანით ფრენების ნებართვების მიღებამდე უზრუნველყო პილოტების კვალიფიკაციის შემოწმების და სერტიფიცირების პროცესი და ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიასთან ერთად შეიმუშავა დაზღვევის პაკეტი, რომლის ქონაც პილოტებისთვის ფრენების განსახორციელებლად აუცილებელია. ეს დაზღვევა გულისხმობს მესამე პირის ანუ მგზავრის ჯანმრთელობის ზიანის დაზღვევასაც.
ირაკლი კაპანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პარაპლანით ფრენების განახლების ეტაპზე მკვეთრად არის შემცირებული იმ პილოტების რაოდენობა, ვინც ფრენების აკრძალვამდე დაფრინავდა საქართველოში. თუკი 2022 წლის ივლისში, როცა მთავრობამ პარაპლანით ფრენები აკრძალა, 250-მდე პილოტი დაფრინავდა, დღეს სერტიფიცირებული პილოტების რიცხვი ასზე ნაკლებია.
"ამ 250 პილოტიდან დაახლოებით 100 ძალიან იშვიათად დაფრინავდა, 150 მფრინავი საშუალო ინტენსივობით დაფრინავდა და მათგან მხოლოდ 87 ადამიანზეა გაცემული საკვალიფიკაციო ბარათი. ქართველების გარდა, უცხოელებსაც აქვთ ეს ბარათები, მათ შორის სოლო პილოტებსაც", - ამბობს ირაკლი კაპანაძე და ხსნის, რომ მათთვის, ვინც არაკომერციულად და იშვიათად დაფრინავდა, სერფიტიკატის აღება ნაკლებ საინტერესოა იმ დრომდე, სანამ შეზღუდულია ფრენების სივრცე.
პარაპლანით ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ივლისში მიიღო, გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის კატასტროფის შემდეგ, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2022 წლის 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის საჭიროება პარაპლანით მფრინავი ეკიპაჟის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა. ამ ეკიპაჟიდან დაიღუპა ერთი ადამიანი. საქართველოში პარაპლანით ფრენისას სულ დაღუპულია 7 ადამიანი.
პარაპლანით ფრენების აკრძალვიდან 10 თვის შემდეგ, 2023 წლის 8 მაისს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა წესები, რომლებითაც უნდა დარეგულირებულიყო კომერციული, არაკომერციული და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენები პარაპლანით. ახალი წესებით, საქართველოში პარაპლანით ფრენების პროცესს აკონტროლებს პარაგლაიდინგის ფედერაცია, ფედერაციის ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობა კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქვს.
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რამდენად კარგი შედეგის მომტანი აღმოჩნდა მთავრობის მხრიდან პარაპლანით ფრენების აკრძალვა თითქმის ორი წლის განმავლობაში, ირაკლი კაპანაძე ამბობს, რომ ეს დრო ამ სფეროში მომუშავე ადამიანების ნაწილმა ნაყოფიერად გამოიყენა სისტემური ცვლილებებისთვის, თუმცა ცხადია, არის ეკონომიკური ზიანიც.
"არ მგონია, რომ უკონტროლო ფრენების გაგრძელება სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო. მათთვის, ვისთვისაც ეს შემოსავლის წყარო იყო ან პროფესიული ზრდის საშუალება, რასაკვირველია, კარგი არ იყო ეს პაუზა, მაგრამ ახლა ამ კომერციული ფრენებისთვის უკვე გვაქვს მეტ-ნაკლებად გასაგები და ჩამოყალიბებული რეგულაცია, რომელიც რაღაც საკითხებს აწესრიგებს. რაც მთავარია, ნებისმიერი ინციდენტი ამ ცვლილებების შემდეგ შეიძლება განიმარტოს და დადგინდეს, რატომ მოხდა", - უთხრა რადიო თავისუფლებას პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელმა.