Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარაპლანით ფრენის დროებითი წესი მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა წესი, რომელიც არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, მოცემული სფერო, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, დროებითი წესის საფუძველზე აუცილებელია პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირება.

ახლად მიღებული სამართლებრივი აქტი - „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“ - განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა ახალი წესის დეტალების შესახებ.

„ფედერაცია [პარაგლაიდინგის ფედერაცია], რომელიც არ არის ჩვენი სამინისტროს მიერ აღიარებული, დღეს დამტკიცებული წესის თანახმად, სწორედ ეს ფედერაცია, რომელიც ჩვენთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ამ წესის შემუშავებაში, უკვე გარკვეულ რეგულაციებს იღებს, რომელიც არის საკმაოდ მკაფიო. იმედი მაქვს, რომ მთავრობის ეს აქტი საკანონმდებლო ცვლილების სახეს მიიღებს, - თქვა მინისტრმა და განმარტა ახალი რეგულაციის დეტალები, - ფედერაცია ხდება სწორედ გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია. ვინაიდან ამ წესის მიღების შემდეგ, ვერცერთი ინდ. მეწარმე, იურიდიული პირი ვერ განახორციელებს ფრენას, თუ თვითონ მფრინავი არ არის პროფესიონალი - არ აქვს ჩაბარებული გამოცდა; ასევე, ამ წესის თანახმად, თავად აპარატურა უნდა იყოს გამართული. ეს თითქოს ელემენტარული რაღაცებია, მაგრამ აქამდე გაწერილი არ იყო ანუ ვალდებულება არ არსებობდა, რომ გამართული აპარატურით ეფრინათ სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს. მეორე, ის, ვინც არის ფრენაზე პასუხისმგებელი, სავალდებულოდ ყოფილიყო ამ საქმის მცოდნე. შემოდის ასევე მონიტორინგი, რომელსაც ფედერაცია განახორციელებს. ფედერაციაზე კი სახელმწიფო ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს საჰაერო ნავიგაციის დეპარტამენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ფუნქციად, რომ როდესაც ფედერაცია განსაზღვრავს ფრენისათვის ვარგის არეალებს, რომლის მიღმა ფრენა იქნება აკრძალული, სწორედ ამ არეალის ფარგლებში წესების დაცვაზე პასუხისმგებელი იყოს ფედერაცია და საჭიროების შემთხვევაში ამ წესების აღსრულების საკითხში ფედერაციას დახმარება აღმოუჩინოს შსს-მ; ასევე, ამავე სამინისტრომ უზრუნველყოს ის, რომ აღკვეთოს მოცემული არეალების მიღმა ნებისმიერი ფრენა, რომელიც უკანონო ფრენა იქნება".

როგორც წულუკიანი ამბობს, მთლიანად ეს წესები მორგებულია და ერთი მიზნის უზრუნველსაყოფად იქნა შემოღებული, რომ „ჩვენ აღარ მივიღოთ ისეთი ტრაგედიები, რომელიც სიცოცხლის დაკარგვას უკავშირდება. იმედი მაქვს, რომ ამ წესს ყველა გაითავისებს და ერთი თვის ვადა ეძლევა ფედერაციას კომისიის შესაქმნელად და სხვადასხვა მონიტორინგის პროცედურების დასანერგად".

2022 წლის 29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა და მათგან ერთი დაიღუპა.

სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდნილ ვერტმფრენში 8 ადამიანი იჯდა. ვერტმფრენის ბორტზე იყო ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

სამაშველო ოპერაციის დროს ყველა მათგანი დაიღუპა: ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია; მფრინავები ანდრო ქუჯოშვილი, დიმიტრი ქააძე და ლევან ჩოხელი; მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა; ექიმები ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი.

პრეზიდენტმა გუდაურში დაღუპულები სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა.

ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, პარაპლანით ფრენა აიკრძალა. პარაპლანისტები კი აკრძალვის მოხსნას მოითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG