საქართველოს საპატრიარქომ თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც გუშინ ხატს საღებავი შეასხეს, დროებით შეზღუდა ჟურნალისტების აკრედიტაციის გარეშე შესვლა. ინფორმაციას ფეისბუკში ავრცელებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
"გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად", - წერია განცხადებაში.
გუშინ, 9 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად თვალსაჩინო ადგილზე იყო. რამდენიმე საათში ხატი გაწმინდეს. დღეს, 10 იანვარს დილით კი, თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.
ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ფეისბუკში გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუკვიდეოში, რომელიც თავის პირად გვერდზე 7 იანვარს, საღამოს გამოაქვეყნა, ადასტურებს, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იმავეს ამბობს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მისი პარტიის წევრი დავით თარხან-მოურავი.
ისინი უსაფუძვლოდ მიიჩნევენ საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას ეკლესიაში სტალინის გამოსახულებიანი ხატის არსებობაზე და იმეორებენ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ნათქვამს, რომ ხატებზე ცუდი მმართველებისა და დიქტატორების გამოსახვა უცხო რამ არ არის ქრისტიანული სამყაროსთვის და ამის მაგალითია იმპერატორი დიოკლეტიანე წმინდა გიორგის ხატზე.