Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის გაკვეთილები 2023: რა (ვერ) ისწავლა დასავლეთმა - ინტერვიუ პიტერ რობერტსთან


სამხედრო მეცნიერებათა პროფესორი პიტერ რობერტსი
სამხედრო მეცნიერებათა პროფესორი პიტერ რობერტსი

„თუ დასავლეთს გამძლეობის თამაშში აჯობებენ, თუ დასავლეთი თამაშს გამოეთიშება, მაშინ უკრაინაც მათ დარჩებათ, საქართველოც და დანარჩენი კავკასიაც. თუ პუტინი და რუსეთი უკრაინას ხელში ჩაიგდებენ, ვფიქრობ, დიდი ლოდინი არ დასჭირდება მათ მორიგ "შემოწევას" საქართველოში“, - ეუბნება სამხედრო მეცნიერებათა პროფესორი პიტერ რობერტსი რადიო თავისუფლებას. გაკვეთილები, რომლებიც დასავლეთმა ვერ ისწავლა ერაყის და ავღანეთის ომებში და უწევს, დღეს უკრაინაში ისწავლოს - ბრიტანელ პროფესორს ამ თემაზე ვაჟა თავბერიძე ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: თქვენს პოპულარულ პოდკასტს „ომის დასავლური ხელოვნება“ ერქვა და სწორედ ამით დავიწყოთ. რა შეიცვალა ომის დასავლურ ხელოვნებაში 2023 წელს? რა ვისწავლეთ?

პიტერ რობერტსი: ომის წარმოების დასავლური ხედვის ჩამოყალიბებაში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა - ეს ხედვა მოიცავს მანევრირებას, ჯარების გადასროლას საზღვარგარეთ, მაღალ ტექნოლოგიებს, სიჩქარეს, ტემპს, საჰაერო ძალასა და სიზუსტეს. ვფიქრობ, ამ იდეის ღრმად სწამდა დასავლეთს 1980 წლიდან 2003-04-მდე, როდესაც ეს ხედვა ერთდროულად ზენიტშიც აღმოჩნდა და, ამავდროულად, დაიწყო მისი დასასრულის დასაწყისიც. Სწორედ ამ პერიოდიდან იწყება დასავლეთისთვის უკიდურესად არაკომფორტული დაპირისპირებების სერიები, რომლებისგანაც მას გაკვეთილი უნდა ესწავლა - უნდა დაესკვნა, რომ დრო, მანევრი და სიჩქარე ერთი ხისტი ფორმულა არაა, რომ ამ განტოლების პასუხები ხშირად იცვლება. ამ მხრივ განსაკუთრებით მრავლისმეტყველი იყო ოცწლიანი კამპანია ერაყსა და ავღანეთში. უკრაინამ კი საბოლოოდ გვაჩვენა, რომ ტრადიციული ომი, რომლის არსებობაც კორეისა და ვიეტნამის შემდეგ მიგვავიწყდა, დაბრუნდა - ხანგრძლივი, გაჭიანურებული, გაძლებაზე გათვლილი ომები. დასავლეთმა, შესაშური გულმოდგინებით, საკუთარ თავსვე ჩააგონა სწრაფი ომის იდეა - რომ ომი უნდა დამთავრდეს დაწყებიდან მალევე, და კარგი შედეგით. ახლა კი, უკრაინის ომის ფონზე, დასავლელი სამხედროები შეფიქრიანებული სახით აქნევენ თავს და ამბობენ - ოკეი, მგონი მოგვიწევს, ინდუსტრიული მასშტაბების ომისთვის მზადყოფნას დავუბრუნდეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ უკრაინის ომამდე დასავლეთში თანდათან სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა ქადაგება, რომ ტრადიციულ თავდაცვაში დასახარჯი ფული - ე.წ. შაშხანის ფული, კიბერ და კოსმოსის სფეროში უნდა გადამისამართებულიყო, ახალ ტექნოლოგიებში, რომლებიც ომს მოგაგებინებდა, მაგრამ ჯერ მსგავსი ვერაფერი ვნახეთ. შესაბამისად, დასავლეთს გაუჩნდა დილემა - ისინი მზად არიან მოკლე, ელვისებური სისწრაფის, მაღალტექნოლოგიებზე გათვლილი ომისთვის. მაგრამ ჰოი საოცრებავ, მტერი რატომღაც არ ჩქარობს, ამავე მეთოდებით და წესებით იბრძოლოს. ვფიქრობ, დასავლეთში გადაავიწყდათ მარტივი ჭეშმარიტება - რომ სიტყვა მოწინააღმდეგესაც ეთქმის.

უკრაინამ კი საბოლოოდ გვაჩვენა, რომ ტრადიციული ომი, რომლის არსებობაც კორეისა და ვიეტნამის შემდეგ მიგვავიწყდა, დაბრუნდა - ხანგრძლივი, გაჭიანურებული, გაძლებაზე გათვლილი ომები.

რადიო თავისუფლება: იმიტომ ხომ არა, რომ უპირატესობა ყოველთვის დასავლეთის მხარეზე იყო?

პიტერ რობერტსი: დიახ, ზუსტად ასეა. და მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა ყოველთვის დასავლეთის მხარეზე იყო, გაკვეთილების გამოტანა ჯერ კიდევ ერაყისა და ავღანეთის ადრეული პერიოდიდან შეიძლებოდა. ავიღოთ ავღანეთი - ერთ მხარეს იდგა უმძლავრესი სამხედრო ალიანსი, რომელსაც ისტორიაში ანალოგი არ გააჩნდა - სამხედრო შესაძლებლობების თვალსაზრისით და რომელსაც ჰქონდა მსოფლიოში ყველაზე მეტი გამოთვლადი ძალა, განუზომლად უფრო ეფექტური დაზვერვა და ანალიტიკა, სრული უპირატესობა ჰაერში და ურთულესი ტექნოლოგიიები, რომლებიც ოპონენტისას განა წლებით ან ათწლეულებით, მთელი თაობებით უსწრებდა. და ისინი დამარცხდნენ მოწინააღმდეგესთან - 10-დან 20 ათასამდე მეომართან, რომლებიც ცხენებით, აქლემებით და სატვირთო მანქანებით გადაადგილდებოდნენ, ბომბებს მიწურებში აკოწიწებდნენ და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი შეიარაღებით იბრძოდნენ.

ასე რომ, ის მოსაზრება, რომ დასავლური ომის მეთოდიკა იყო მწვერვალი და ეჭვშეუტანელი ჭეშმარიტება ომის ხელოვნებაში - ეს წარსულს ჩაბარდა. ოღონდ იმის გამო, რომ 30 წლის განმავლობაში ლამის რელიგიის დონეზე სჯეროდათ ამ იდეის, მასთან შელევა მართლა გაუჭირდათ. უმცირესობაში აღმოჩნდა ის ხალხი, ვინც ამჯობინა სიმართლისთვის თვალის გასწორება - თავის მოტყუება ძლიერი ნარკოტიკია. მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა, რომ გერმანია კვლავ შეიარაღდებოდა, და რომ დიდი ბრიტანეთიც მეტ ინვესტიციას ჩადებდა თავდაცვის სფეროში, ძალიან ცოტა ქვეყანამ თუ შეცვალა მიდგომები. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, შეიძლება შვედეთი და სკანდინავიის ქვეყნები, მაგრამ ევროპული სამხედრო გოლიათები - ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია არ ჩქარობენ პოლიტიკური ნარატივი საქმედ აქციონ. ვფიქრობ, ამოსავალი პრობლემაა ის, რომ არ იციან, როგორ დაარწმუნონ, როგორ უთხრან მოსახლეობას და საკუთარ ამომრჩეველს, რომ „კარგი დრო“ დამთავრდა, და ახლა მოგვიწევს ფული თავდაცვაში ჩავდოთო. შიშობენ, რომ ეს სკამების დაკარგვად დაუჯდებათ.

რადიო თავისუფლება: მინდა კომბინირებული საბრძოლო მანევრის, დასავლეთის ამ საფირმო ტაქტიკის შესახებაც გკითხოთ - უკრაინის კონტრიერიშამდე მოისაზრებოდა, რომ კიევი შეძლებდა ასეთი მანევრის განხორციელებას ბრძოლის ველზე, რომ კონტრიერიშის წარმატება მეტწილად სწორედ ამ მანევრზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ფრონტზე მსგავსი ვერაფერი ვიხილეთ, ამის ნაცვლად, როგორც უკრაინის შეარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, გენერალმა ზალუჟნიმ თავადვე აღნიშნა, მოვლენები პირველი ომის დროინდელი საბრძოლო სცენარით განვითარდა. რატომ?

პიტერ რობერტსი: პრობლემა ისაა, რომ მსგავსი მანევრის წარმატება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: პირველი, მტერს კარგად უნდა იცნობდე - ამ მხრივ, უკრაინელები ნამდვილად არ მოიკოჭლებენ, მაგრამ სამწუხაროდ გამიჭირდება იმავეს თქმა დასავლეთზე. და მეორე-მესამე: გეომეტრია და გეოგრაფია იმ არეალისა, სადაც ცდილობ, ეს მანევრი გამოიყენო. უკრაინაში ძალიან გრძელი ფრონტის ხაზია, ათასობით კილომეტრს ითვლის, შესაბამისად, შეიძლება ვინმემ იკითხოს - სადღაც მაინც ხომ იყო ისეთი სივრცე, სადაც მსგავსი მანევრის გამოყენება შეიძლებოდა? რეალობა ისაა, რომ იქ არაა მყარი ნიადაგი კომბინირებული მანევრის, როგორც ერთი ძლიერი საბრძოლო მუშტის მოსაქნევად, რომელიც გარდამტეხ წარმატებას მოგიტანდა. და რაც მთავარია - რუსებმა ჩინებულად გაამაგრეს თავდაცვითი ხაზი - ამის არაღიარება თავის მოტყუება და სიბრმავეა. შესაბამისად, მივედით რეალობასთან, როდესაც გიწევს ტერიტორიისთვის ბრძოლა - მაგრამ იბრძვი არა კილომეტრებისთვის, არამედ მეტრებისთვის. როგორც ზალუჟნიმაც აღნიშნა, დავუბრუნდით პირველი მსოფლიო ომის სცენარს. ეს ყველაფერი ისეც არ გაიგოთ, თითქოს წინსვლა შეუძლებელია, თითქოს მოწინააღმდეგის დამარცხება გამორიცხულია ასეთ პირობებში. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ იცვლება დღის წესრიგი - ვუბრუნდებით იმ ომს, რომლის გახსენებაც კი დასავლეთს თავზარს სცემს, გაჭიანურებული ომი, სადაც შტურმის ნაცვლად წინ ბორძიკით მიიწევ, საშინელ პირობებში, თუ საერთოდ შესაძლებელია, ომზე ასე თქვა - სასიამოვნო პროცესი ალბათ არც არასდროს ყოფილა, არა? მაგრამ ამის გააზრება და მიღება ძალიან რთულია ბევრისთვის დასავლეთში. მათ სურთ, იხილონ ერთი ტრიუმფალური მანევრი, რკინის მუშტი, რომელიც მოწინააღმდეგის გალავანს გაანგრევს, შემდეგ უკრაინელები ტრიუმფალურადვე შეიჭრებიან ამ ნაპრალში და რუსებს წინ გაირეკავენ... არაჩვეულებრივი სცენარია, ვერაფერს იტყვი, ტრადიციული დასავლური სცენარი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვხედავ გზას, რომლის მეშვეობითაც ეს სცენარი რეალობად იქცევა...

“თუ არაფერს ვიღონებთ, შესაძლოა უკრაინაშიც იგივე სცენარი ვიხილოთ, რაც საქართველოში”

რადიო თავისუფლება: სკეპტიკოსები ხშირად ჰოლივუდის ომებს ეძახიან ამ ყველაფერს. რამდენად სამართლიანი და დამსახურებულია ასეთი შეფასება?

პიტერ რობერტსი: ჰოლივუდმა ნამდვილად შეიტანა წვლილი ამ ყველაფრის პოპულარიზებაში, რომანტიზებაში. განსხვავება მიდგომაშია: ჰოლივუდში ყველა ომი ასეთია, რეალურ ცხოვრებაში კი - არა. რეალობაშიც შეიძლება მსგავსი სცენარი გათამაშდეს, და უამრავჯერ გათამაშებულა კიდეც - გერმანელების ბლიცკრიგი, არდენის ტყე; ამერიკელებმა წარმატებით გამოიყენეს ასეთი მანევრი მეორე მსოფლიო ომში...

ვფიქრობ, არსებობდა მოლოდინი - გაუმართლებელი მოლოდინი - რომ ეს იქნებოდა „ჰოლივუდის“, სწრაფი ომი, თუ უკრაინელები კომბინირებულ საბრძოლო მანევრს გამოიყენებდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა, და უპირველესი მიზეზი, თუ რატომაც არ მოხდა ასე - ეს ქვეყნის გეოგრაფიაა. უკრაინის სამხედრო შტაბი ბევრს საუბრობს ამაზე. ისინი დიდი ზეწოლის ქვეშ არიან, არა მარტო საკუთარი საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, ასევე დასავლელი სამხედრო ისტებლიშმენტისა და მთავრობების მხრიდანაც, რომ რაიმე ტრიუმფალური გარღვევა მოახდინონ, თითქოსდა ეს შესაძლებელი იყოს. ვფიქრობ, ახლო პერიოდში არაფერი შეიცვლება. და ამ შემთხვევაში უნდა ვემზადოთ ხანგრძლივი, გაჭიანურებული ომისთვის და უარეს შემთხვევაში, გაყინული კონფლიქტისთვის, როგორიც დღეს საქართველოშია. 2008-ში რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, მიიტაცა ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი და ომი გადაიზარდა გაყინულ კონფლიქტში - რუსეთი ამ ტერიტორიების დაბრუნებას აშკარად არ აპირებს, მეტიც, სამხედრო ბაზებს აგებს იქ, პოზიციებს იმაგრებს... თუ არაფერს ვიღონებთ, შესაძლოა უკრაინაშიც იგივე სცენარი ვიხილოთ.

რუსული ომის ხელოვნება, ეს ე.წ. გრძელი თამაშია, 5-10-წლიანი გათვლით, და როგორც წესი, წარმატებით მთავრდება ხოლმე.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება რუსეთს - ომის რუსულ ხელოვნებაზეც მინდა გკითხოთ. რა არის მთავარი განსხვავება დასავლეთისა და რუსეთის მიდგომებში?

პიტერ რობერტსი: საგულისხმოა, რომ თავიდან რუსული გენერალური შტაბი დასავლურმა სამხედრო დოქტრინამ აცდუნა: ელვისებური მანევრი, მთავრობის შეცვლა, რამდენიმედღიანი ტრიუმფალური ომი - აი, რაზე დებდნენ ფსონს მოსკოვში, როდესაც ჰოსტომელში გადასხეს დესანტი და კიევზე მიიტანეს იერიში. მახვილის ერთი მოქნევით გველისთვის თავის მოკვეთა სურდათ, მაგრამ უკრაინა მაგრად დადგა. რუსეთის ეს სამხედრო ავანტიურა გადაარჩინა იმან, რომ მათ ჰქონდათ გეგმა ბ-ც, რუსული ომის საწყისებთან მიბრუნება - ანუ პოზიციების მოპოვება, იქ გამაგრება და ხანგრძლივი კონფლიქტი. რუსული ომი ეს გრძელი ომია, ნელი, მონოტონური ომი, უზარმაზარი მსხვერპლით, რომელიც არავის ადარდებს, ცუდად ორგანიზებული სტრუქტურით, ნაკლებად მორგებული კრეატიულობასა და მანევრებზე, არტილერიის ცეცხლის და განადგურების შესაძლებლობებზე გათვლილი, მათ შედეგებზე ფიქრის გარეშე. და ეს ომი, თუნდაც საბოლოოდ რუსებისთვის წარმატებით დამთავრდეს, ჭეშმარიტად რუსული ომია - უზარმაზარი გაფლანგული რესურსებით, 60 000 გასროლილი ჭურვით დღეში, რომლის შედეგიც ტაქტიკური წინსვლისა და მანევრის ნაცვლად, ნანგრევებად ქცეული ქალაქებია. იმის ხარჯზე, რომ არტილერიის მხრივ მათ ომის დასაწყისში უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდათ, რუსებმა თავდაპირველად მოახერხეს უკრაინის სამხედრო ძალების „დაბმა“ და ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში უზარმაზარი რაოდენობის ტერიტორია მიიტაცეს, სანამ უკრაინის გააფთრებული და შესანიშნავად განხორციელებულ თავდაცვა შეაფერხებდათ, პირველ კონტრშეტევამდე. ასე რომ, რუსული ომის ხელოვნება, ეს ე.წ. გრძელი თამაშია, 5-10-წლიანი გათვლით, და როგორც წესი, წარმატებით მთავრდება ხოლმე. გათვლა კეთდება მტრის დაქანცვასა და გატეხვაზე და არა ბრძოლის ველზე მანევრებისა და ტაქტიკის ხარჯზე მოპოვებულ გამარჯვებებზე. სწორედ ამაზე მუშაობს დღესაც რუსეთი. ურტყამს უკრაინის მოსახლეობას, ინფრასტრუქტურას, ცდილობს, უკრაინას არ ჰქონდეს შუქი, არ ჰქონდეს ცხელი წყალი, არ ჰქონდეს გაზი, ზამთარი ჯოჯოხეთად აქციოს. პარალელურად, ცდილობენ ფრონტის ხაზი გაყინონ და პერიოდული იერიშებით უკრაინის სამხედრო ძალები „დააბან“ და მათ ფართომასშტაბიანი მანევრების წამოწყების საშუალება არ მისცენ. აი, ასე აპირებს რუსეთი უკრაინის დაჩოქებას.

რადიო თავისუფლება: პარალელურად, დასავლეთისთვის გამძლეობის თამაშის მოგებასაც, ალბათ.

პიტერ რობერტსი: ამიტომაცაა ომის წარმოების რუსული და ალბათ ჩინური გზაც დასავლეთისაზე წარმატებული - უფრო შორეულ მომავალზეა გათვლილი. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები რეალურ პრობლემად შეიძლება იქცეს, თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნებას მოახერხებს - მისი „რუსული კავშირები“ უკრაინისთვის ამერიკის მხარდაჭერის მკვეთრად შემცირებას მოასწავებს, ევროპელებს კი საკმარისი არც რესურსები აქვთ და არც წარმოების შესაძლებლობა, რომ აშშ-ს დახმარება ჩაანაცვლონ. ასე რომ, დროის ფაქტორი რეალური პრობლემაა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთისა და ჩინეთისგან განსხვავებით, დასავლეთს მოკლე მეხსიერება აქვს. ის მხარდაჭერა, რაც 2022 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე არსებობდა, ჩაცხრა. დრო რუსეთის და ჩინეთის მხარეზეა, და ეს მოსკოვში კარგად ესმით: მზად არიან გაწირონ ხალხი, გაწირონ რესურსები, გაწირონ ძალიან ბევრი რამ, მაგრამ იციან, რომ თუ დასავლეთს გამძლეობის თამაშში აჯობებენ, თუ დასავლეთი თამაშს გამოეთიშება, მაშინ უკრაინაც მათ დარჩებათ, საქართველოც და დანარჩენი კავკასიაც. თუ პუტინი და რუსეთი უკრაინას ხელში ჩაიგდებენ, ვფიქრობ, დიდი ლოდინი არ დასჭირდება მათ მორიგ „შემოწევას“ საქართველოში. ისევ ანექსიას ეცდებიან თუ უბრალოდ კავკასიის მთავარი მსაჯულის პოსტს დასჯერდებიან, ძნელი სათქმელია, მაგრამ ორივე სცენარი რეალურია.

რუსეთისა და ჩინეთისგან განსხვავებით, დასავლეთს მოკლე მეხსიერება აქვს.

რადიო თავისუფლება:და უკრაინის მთლიანად დაპყრობის სცენარი რამდენად რეალურია?

პიტერ რობერტსი: ვფიქრობ, შეიძლება სახიფათოდ მივუახლოვდეთ ამ სცენარს. დასავლეთი რომ ასე გაბნეული და დაქსაქსული არ იყოს, ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ იმდენი ფაქტორი მუშაობს, რომ ასეთ სცენარს ვერ გამოვრიცხავთ. საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში, დასავლეთში ინტერესის კლება უკრაინის ომისადმი, რუსეთზე დაკისრებული სანქციების არაეფექტურობა და უმთავრესი - ეს არ არის კონფლიქტი, სადაც მთელი სამყარო ერთ მხარეს, უკრაინის მხარეს დგას, რუსეთი და ჩინეთი კი - მეორე მხარეს. ბევრი ცდილობს, ასე წარმოაჩინოს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, რეალურად მსოფლიოს მოსახლეობის 15 პროცენტს წარმოადგენენ. გლობალურ სამხრეთში უკრაინა სიმპათიებს არ იწვევს - იქნება ეს სამხრეთი ამერიკა თუ აზიის ქვეყნები. ანუ მხოლოდ მსოფლიოს მეხუთედი დგას უკრაინის მხარეზე. ეს მოსახლეობის რაოდენობითაა და არა მთლიანი შიდა პროდუქტით - ეს მესმის, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინის მიმართ გლობალური სამხრეთისა და უფრო ფართო საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე რუსეთი ფიქრობს, რომ გზა ხსნილი აქვს და ამ კონფლიქტს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ნატოს დამარცხების საპირწონედაც განიხილავს. მეორე მხრივ, შევხედოთ უკრაინასაც: ერთი - ისინი უკეთესი მებრძოლები არიან, ამაზე უკვე ორი აზრიც არ არსებობს. მეორე - ტექნოლოგიებს ბევრად უკეთ ითვისებენ. გეგმავენ, რომ საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქცია „დაქოქონ“ და ახალ მასშტაბებზე აიყვანონ. Მათ არათუ აღადგინეს საკუთარი წარმოება, ახლა ახალი დასავლური ტექნოლოგიების ადგილზე წარმოების დაწყებაც ძალუძთ. და უკრაინის ისტორიიდან ვიცით, რომ როდესაც მათი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ამუშავდება, მისი შეჩერება შეუძლებელია. ფრონტზეც უქმად არ სხედან - გაყინულ ფრონტის ხაზს არ ეგუებიან და ცდილობენ, წინ წაიწიონ. ამ ეტაპისთვის საუკეთესო ტაქტიკა უკრაინისთვის არის იმის კეთება, რასაც უკვე აკეთებენ - ბრძოლის გაგრძელება, ლოკალური წარმატებები. ნოემბრის ბოლოს დნეპრზე ამფიბიური იერიში დიდებული იყო და დროც კარგად შეარჩიეს ამისთვის, მსოფლიოს შეახსენეს, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა, რომ ბრძოლა გრძელდება.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG