ვენეციის კომისია დღეს, 19 დეკემბერს, აქვეყნებს დასკვნას საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ. 15-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე.
ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება მეტწილად პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, რაც პრობლემურია.
"ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა როგორც განცალკევებული უწყება, ფინანსური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით. მიუხედავად ამისა, არსებული ინსტიტუციური ჩარჩო არ უზრუნველყოფს სამსახურის სათანადო დამოუკიდებლობას. პოლიტიკური პარტიების ზედამხედველობისა და მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციების მონიტორინგში მისი უფლებამოსილება დამატებით გარანტიებს მოითხოვს", - წერია დასკვნაში.
უწყების დამოუკიდებლობის გასაზრდელად ვენეციის კომისია რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს:
- ბიუროს ხელმძღვანელი დაინიშნოს პარლამენტში მრავალპარტიული მხარდაჭერით, საპარლამენტო კვალიფიციური უმრავლესობით ან სხვა მსგავსი მექანიზმით. ერთ-ერთ გზად შეთავაზებულია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა. ცვლილება ისე უნდა გატარდეს, რომ გაიზარდოს ბიუროს ხელმძღვანელის ანგარიშვალდებულება პარლამენტთან - მისი დროზე ადრე გათავისუფლება უნდა შეეძლოს პარლამენტს და არა პრემიერს.
გარდა ამისა, შეთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს:
- ბიუროს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეებისთვის იმუნიტეტის მინიჭებას;
- გაიზარდოს ხელმძღვანელის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით წაყენებული მოთხოვნები;
- აიხსნას თანამდებობის პირთა სავალდებულო ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერის მიზნები ან იგი ამოიღონ კანონიდან. საუბარია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზეც;
- ანტიკორუფციულ ბიუროს "რისკზე დაფუძნებული მიდგომით" შეეძლოს "აუხსნელი წარმოშობის ქონების" მქონე საჯარო მოხელეების მხილება.
მოქმედი კანონები, რომლებიც არეგულირებს საქართველოში ახალშექმნილი უწყების - ანტიკორუფციული ბიუროს - მუშაობას, შესაფასებლად ვენეციის კომისიას 22 სექტემბერს გაუგზავნა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
"ჩვენი დამოკიდებულებები დასკვნების მიმართ ხომ არის ცნობილი, გავეცნობით ამ დასკვნას, ვნახავთ, რა არგუმენტებია, რა არ არის, რა საკითხები მოიწონეს, რა არ მოიწონეს, რა სამართლებრივი არგუმენტებია და ამის მიხედვით გვექნება მსჯელობა", - თქვა შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ.
2022 წლის 30 ნოემბერს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი 78 ხმით დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც 27 კანონპროექტი შევიდა, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილებების თანახმად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო. ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ამ სააგენტოს შექმნით საქართველომ ევრორეკომენდაციების ერთ-ერთი მოთხოვნა შეასრულა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აცხადებს, რომ პრობლემურია ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესი. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციის რეალურ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელი წინაპირობაა მისი ეფექტიანი მუშაობისთვის.