ისრაელის არმიამ სარაკეტო და საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორის სამხრეთში, ქალაქ რაფაჰზე, წერს Reuters-ი.
არსებული ცნობით, თავდასხმა მოხდა სამ შენობაზე, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ 19 დეკემბერს ღაზის სექტორის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები იტყობინებიან.
ათეულათასობით პალესტინელი, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილები ღაზის ჩრდილოეთში იმ იმედით მიატოვეს, რომ თავდასხმებისგან თავს დაიცავდნენ, რაფაჰში, ეგვიპტის საზღვართან მივიდა, თუმცა არის საშიშროება, რომ ისინი ამ არეალშიც ვერ იქნებიან უსაფრთხოდ, წერს Reuters-ი. სააგენტო ხან-იუნისის მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქში მძაფრი ბრძოლაა ისრაელის არმიასა და აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად მიჩნეულ დაჯგუფებას, „ჰამასს“ შორის.
ისრაელის თანახმად, 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ „ჰამასმა“ 1200 ადამიანი მოკლა და 240 მძევლად აიყვანა. საპასუხოდ ისრაელმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია და იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე.
„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან საპასუხო ომს ემსხვერპლა 18 800-ზე მეტი ადამიანი. ინტენსიური ბრძოლის შედეგად ღაზის სექტორის მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩა, ხალხს არ აქვს საკვები, საწვავი, წყალი და მედიკამენტები.