Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია იაშინი ციხის საჯარიმო იზოლატორში მოათავსეს


"არ ავაშენებ ციხეებსა და ყაზარმებს იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრების რაოდენობა ყოველდღე იზრდება", - აცხადებს იაშინი.
"არ ავაშენებ ციხეებსა და ყაზარმებს იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრების რაოდენობა ყოველდღე იზრდება", - აცხადებს იაშინი.

პოლიტიკოსი ილია იაშინი, რომელიც 8,5 წელს იხდის სასჯელაღსრულების კოლონიაში, სმოლენსკის IK-3-ის საჯარიმო იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ცნობა მისი ტელეგრამის არხშია გამოქვეყნებული.

ამის მიზეზად ილია იაშინი ასახელებს სასამართლოს წინაშე გამოსვლას გასულ ხუთშაბათს, რის შემდეგაც მასთან საკანში მივიდა სპეციალური კომისია და ახალი ბანაკის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება მოსთხოვა. მოთხოვნაზე იაშინმა უარი თქვა, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო.

"კომისიას ავუხსენი ჩემი პოზიცია: მე მაქვს პოზიტიური დამოკიდებულება მუშაობის მიმართ, მზად ვარ ვიმუშაო, მაგრამ არ ავაშენებ ციხეებსა და ყაზარმებს იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრების რაოდენობა ყოველდღე იზრდება - ეს ეწინააღმდეგება ჩემს რწმენას", - იუწყება პოლიტიკოსი.

საპასუხოდ, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა იაშინს მიუგო, რომ იგი შეიძლება დასაქმდეს სამკერვალო სახელოსნოში, რათა შეკეროს ტომრები და ქურთუკები უკრაინაში მყოფი რუსი სამხედროებისთვის. პოლიტიკოსმა ამაზეც უარი თქვა, რის გამოც იმავე საღამოს იგი ხუთი დღით, პირველად გადაიყვანეს კოლონიის საჯარიმო იზოლატორში.

  • 2022 წლის დეკემბერში ოპოზიციონერ ილია იაშინს რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ მუხლით 8,5 წლით მიუსაჯეს კოლონიაში პატიმრობა ბუჩაში მკვლელობების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისთვის. 2023 წლის აპრილში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის გამოტანილი განაჩენი.
  • რუსეთის სასამართლოები „ფეიკებად“ მიიჩნევენ უკრაინაში ომის შესახებ ცნობებს, რომლებიც არ შეესაბამება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიას. იაშინი ირწმუნება, რომ უდანაშაულოა და მიაჩნია, რომ მისი სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული.
  • იაშინის წინააღმდეგ საქმე აღიძრა YouTube-ზე სტრიმის გამო, რომელშიც საუბარი იყო უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებზე. ოპოზიციონერმა მოიყვანა მტკიცებულებები, რომ ბუჩელებს რუსეთის სამხედროები ხოცავდნენ და არჩევდა რუსეთის მხარის არგუმენტებს, რომ ბუჩის მოვლენები „ფეიკია“.
XS
SM
MD
LG