Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილიას უნივერსიტეტზე სააპელაციო საბჭომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ გაიზიარა


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭომ არ გაიზიარა ამავე ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ილიას უნივერსიტეტს 6-წლიანი ავტორიზაცია მიეცა დათქმით, ერთი წლის შემდეგ კვლავ შემოწმების პირობით. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი - ინფორმაციას უნივერსიტეტის კანცლერი ქეთი დარახველიძე ავრცელებს. თავად საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ოქმი 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს.

ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა სადავოდ მიიჩნია იმის ფონზე, რომ ექსპერტთა საბჭო შვიდი კრიტერიუმიდან შვიდივეს სტანდარტთან შესაბამისად მიიჩნევდა, რაც იმის წინაპირობა უნდა ყოფილიყო, რომ რამდენიმეთვიანი შემოწმების შემდეგ უნივერსიტეტი 6-წლიან ავტორიზაციას უპირობოდ მიიღებდა.

ილიას უნივერსიტეტს და აკადემიურ სფეროს უსამართლობის შეგრძნება იმან გაუჩინა, რომ ავტორიზაციის საბჭომ ექსპერტთა საბჭოსგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და, სავარაუდოდ, მინიმუმ ორი სტანდარტი მოთხოვნებთან ნაწილობრივად შეუსაბამოდ მიიჩნია. საბჭომ ისე გადაწყვიტა უნივერსიტეტის ხელახლა შემოწმება, რომ არ განუმარტავს, კონკრეტულად რის შემოწმება ჩათვალა აუცილებლად.

ილიას უნივერსიტეტის შესახებ სადავო გადაწყვეტილებას განათლების ექსპერტები საშიშ პრეცედენტად მიიჩნევდნენ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ქართული სისტემის რეპუტაციისთვისაც.

2024 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავდა ხარისხის მართვის ორი ევროპული ორგანიზაციის, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG