Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დეკემბერი თბილად დაიწყო" - როგორი ამინდი იქნება წლის ბოლომდე


ლისის ტბა, თბილისი, 4 დეკემბერი, 2023 წ.
ლისის ტბა, თბილისი, 4 დეკემბერი, 2023 წ.

დეკემბერი მაღალი ტემპერატურით დაიწყო როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ზოგგან ჰაერის ტემპერატურამ 20 გრადუსსაც კი გადააჭარბა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დეკემბერშიც, ისევე როგორც ნოემბერში, წინა წლებთან შედარებით თბილი დღეები იქნება.

"ვფიქრობდით, რომ წინა წლებთან შედარებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდებოდა ნოემბერში ოკეანეებში [ატლანტის, წყნარ და ინდოეთის] მიმდინარე მოვლენების გამო. წყლის ზედაპირის ტემპერატურა ახდენს ხოლმე ატმოსფეროსა და ციკლონებზე გავლენას. დეკემბერშიც, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მაღალი იქნება. წყლის ზედაპირის ტემპერატურა განაპირობებს ხოლმე გრძელვადიან პერიოდში როგორი იქნება თვე", - ამბობს სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი.

როგორი იყო ნოემბერი?

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე აღნიშნავს, რომ ნოემბერში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთ საქართველოში კი - 2-3 გრადუსით. მისივე თქმით, გასულ თვეში დასავლეთი უფრო ნალექიანი იყო, აღმოსავლეთი კი - ნორმის ფარგლებში.

ნოემბრის დასაწყისში ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყო:

  • 5 ნოემბერს ფოთში - 29 გრადუსი;
  • 5 ნოემბერს ზუგდიდში - 28 გრადუსი;
  • 1,2,4 ნოემბერს თბილისში - 24 გრადუსი.

"26 ნოემბერი იყო გასული თვის ბოლო რიცხვებიდან ისეთი დღე, რომელიც მაღალი ტემპერატურით გამოირჩეოდა. წინა დღეებში დაიწყო ჰაერის ტემპერატურამ მატება და ამ დღეს პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი.

26 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა იყო:

  • ბათუმში - 27 გრადუსი;
  • ქუთაისში - 23 გრადუსი;
  • გორში - 20 გრადუსი;
  • თბილისში - 21 გრადუსი;
  • ბოლნისში - 22 გრადუსი.

როგორია ხოლმე დეკემბერი?

როგორც ყველა სხვა სეზონზე, ზამთარშიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ერთმანეთისგან განსხვავებულია ხოლმე.

დეკემბერში საშუალო ტემპერატურა ასეთია ხოლმე:

დასავლეთი საქართველო:

  • 7-8 გრადუსი - დაბლობში;
  • 2-3 გრადუსი - მთაში;
  • -2-0 გრადუსი - მაღალ მთაში.

აღმოსავლეთი საქართველო:

  • -2-0 გრადუსი - მთაში;
  • -4-2 გრადუსი - მაღალ მთაში;
  • 1-2 გრადუსი - შიდა ქართლში;
  • 3-4 გრადუსი - ქვემო ქართლში;
  • 2-3 გრადუსი - კახეთში

ეკონომიკურად აქტიური ქალაქები:

  • 4 გრადუსი - თბილისში;
  • 8 გრადუსი -ბათუმში.

როგორი იქნება დეკემბერი?

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ დეკემბრის პირველი რიცხვები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში თბილი ამინდებით დაიწყო. განსაკუთრებით - ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობზე.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა 3 დეკემბერს იყო:

  • ზუგდიდში - 25 გრადუსი;
  • ბოლნისში - 19-21 გრადუსი;
  • თბილისში - 19 გრადუსი;

სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ფიქრობს, რომ დეკემბერში, ნოემბრის მსგავსად, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 1-2 გრადუსით მაღალი იქნება, ნალექის რაოდენობა კი - ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე მაღალი.

"დეკემბერი თბილად დაიწყო... მაღალმთიან რეგიონებში ველოდებით ამინდის გაუარესებას და თოვლჭყაპს. 11-დან 14 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექი იქნება და შესაძლებელია ბარშიც მოვიდეს თოვლი. არ არის გამორიცხული, რომ თბილისშიც თოვლჭყაპი იყოს", - ამბობენ სააგენტოში.

XS
SM
MD
LG