თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ექვსი წევრი მოითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაუქმდეს პარტიაში თავმჯდომარის თანამდებობა. პარტიას ყველაზე დიდი ქალაქის საკრებულოში 12 დეპუტატი ჰყავს, საიდანაც ერთობლივ განცხადებას ხელს აწერს ექვსი.
დეპუტატები აღნიშნავენ, რომ "პარტიის არსებული მენეჯმენტი, დღიდან არჩევისა, გამოხატავს და ქმედებებით ამტკიცებს, რომ ის არ არის ორიენტირებული პარტიის ერთობაზე, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის არსებობასა და პარტიის შიგნით, განსხვავებული აზრისა და დისკუსიის შენარჩუნებაზე".
"ხალხის მოთხოვნა არის ერთობა და მართვის დემოკრატიული პრინციპები. ჩვენ, საკუთარი პარტიის მაგალითზე, საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ პარტიას სახელმწიფოს მართვის სადავეებთან მოსვლის შემთხვევაში შეუძლია იყოს ყველას წარმომადგენელი და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის...
იმისთვის, რომ დისკუსიისათვის გაჩნდეს სივრცე, არსებობდეს ერთობის შანსი და პარტია გამოუსწორებელ შედეგებამდე არ მივიდეს, რღვევისა და დაშლის ფონზე არ შეხვდეს 2024 წლის არჩევნებს, ვითხოვთ, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო", - წერია ექვსი დეპუტატის განცხადებაში.
თბილისის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციიდან განცხადებას ხელს აწერენ: ნინო კვიტაიშვილი, ანა გოგოლაძე, მამუკა გუგეშაშვილი, გიორგი ონიანი, ზვიად კუპრავა და თორნიკე ბიკაშვილი.
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.
ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.
„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - თქვა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თავის წინამორბედის შესახებ.
ხაბეიშვილმა კვირას „ფორმულის“ ღამის ეთერში განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა“.
ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებაზე განცხადება არ გაუკეთებია.