Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი კიდევ ერთი დღით გაგრძელდა


„წითელი ჯვრის" ავტომანქანით ღაზის სექტორიდან გაჰყავთ გათავისუფლებული მძევლები. 2023 წლის 29 ნოემბერი
„წითელი ჯვრის" ავტომანქანით ღაზის სექტორიდან გაჰყავთ გათავისუფლებული მძევლები. 2023 წლის 29 ნოემბერი

კიდევ ერთი დღით გაგრძელდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის დროებითი ჰუმანიტარული ზავი, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ამ დროით სარგებლობას ღაზის სექტორში მყოფი, ისრაელიდან გატაცებული ქალების და ბავშვების გასათავისუფლებლად. ასევე - ისრაელის საპატიმროებიდან პალესტინელი ქალების და მოზარდების გათავისუფლებას.

ჰუმანიტარული ზავის კიდევ ერთი დღით გაგრძელება დღეს, 30 ნოემბერს, დილით დაადასტურა კატარმა, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალია. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებები გრძელდება იმ იმედით, რომ ცეცხლის საერთოდ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე.

6 დღის განმავლობაში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 97 მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 210-მა პალესტინელმა. დროებითი ზავის ამოქმედებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზის სექტორში 240-მდე მძევალია.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.

  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 14 000-ზე მეტი ადამიანი.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.
XS
SM
MD
LG