ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი ღაზის სექტორში მოქმედი დროებითი ზავის გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა.
ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული დაჯგუფება) შორის მიმდინარე ომის პირობებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის ვადა 28 ნოემბერს სრულდება. ოთხდღიანი ზავის პერიოდში მიმდინარეობს "ჰამასის" მძევლების და ისრაელის საპატიმროში მყოფი პალესტინელების გაცვლა, ასევე რეგიონში შედის ჰუმანიტარული დახმარება.
ბორელის თქმით, „პაუზა უნდა გაგრძელდეს, რათა ის მდგრადი და ხანგრძლივი გახდეს და ამავე დროს მოხერხდეს პოლიტიკურ მოგვარებაზე მუშაობა". ეს განცხადება მან გააკეთა ბარსელონაში, სადაც იმართება ხმელთაშუა ზღვის კავშირის შეკრება.
ხმელთაშუა ზღვის კავშირი, რომელიც 2008 წელს შეიქმნა, აერთიანებს 43 ქვეყანას, რომელთა შორის არიან ევროკავშირის ყველა წევრი და ხმელთაშუა ზღვისპირა 16 სახელმწიფო.