კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ფიქრობს, რომ რუსეთის მომდევნო პრეზიდენტი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ვლადიმირ პუტინია.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პესკოვმა ინტერვიუ მისცა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის საინფორმაციო არხ МГИМО 360-ს. შეკითხვას, როგორი უნდა იყოს რუსეთის მომდევნო პრეზიდენტი, პესკოვმა უპასუხა, რომ „ასეთივე“. დამაზუსტებელ შეკითხვას, ეს რამდენად შესაძლებელია, კრემლის პრესმდივანმა უპასუხა: „ან სხვა, მაგრამ ასეთივე“.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში უნდა ჩატარდეს. პუტინს ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ კენჭისყრას ისევ აპირებს.
- რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი, 4-წლიანი ვადით.
- პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
- 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდა.
- ვლადიმირ პუტინი პირველი 6 წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორე ვადით კი - 2018 წელს.
- 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრა შეუძლია კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში.