ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვარაუდობს, რომ პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ისრაელი აიღებს.
დღეს, 7 ნოემბერს ერთი თვე გავიდა ისრაელის არმიასა და "ჰამასს" შორის საომარი მოქმედებების დაწყებიდან.
ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში ნეთანიაჰუმ თქვა, რომ „გაურკვეველი პერიოდით“ ისრაელი აიღებს „საერთო პასუხისმგებლობას უსაფრთხოებაზე“, რადგან როცა ეს არ ხდება, შედეგად იწვევს „ჰამასის ტერორის წარმოუდგენელი მასშტაბის აფეთქებას“. შეკითხვას, ვინ უნდა მართოს ღაზის სექტორი საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მან, ვისაც არ სურს „ჰამასის“ გზის გაგრძელება.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისიც განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის საყოველთაო შეწყვეტას მძევლების გათავისუფლების გარეშე არ დათანხმდებიან. რაც შეეხება ტაქტიკურ პაუზებს, ნეთანიაჰუს თქმით, ამას ადრეც აკეთებდნენ.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 10000-ზე მეტი ადამიანი.
- ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.