Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ტაქტიკური პაუზების შესაძლებლობა განიხილეს


ფოტო არქივიდან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თელ-ავივში 18 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე
ფოტო არქივიდან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თელ-ავივში 18 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განიხილეს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის საჭიროება. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება პრეზიდენტ ბაიდენსა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შორის 6 ნოემბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკეს ძალისხმევაზეც, რომელიც მიმართულია „ჰამასის“ მძევლების, მათ შორის ბავშვების და აშშ-ის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს და მისი მოქალაქეების დაცვას „ჰამასისა“ და სხვა საფრთხეებისგან. ამასთან, ხაზი გაუსვა პალესტინელი სამოქალაქო პირების დაცვის და სამხედრო ოპერაციისას სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის შემცირების აუცილებლობას.

ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ განიხილეს ტაქტიკური პაუზების შესაძლებლობა, რათა სამოქალაქო პირებს ჰქონდეთ საბრძოლო მოქმედებების რაიონების უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა, უზრუნველყოფილი იყოს მათთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და მძევლების პოტენციური გათავისუფლება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის საყოველთაო შეწყვეტას მძევლების გათავისუფლების გარეშე არ დათანხმდებიან. რაც შეეხება ტაქტიკურ პაუზებს, ნეთანიაჰუს თქმით, ამას ადრეც აკეთებდნენ.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 10000-ზე მეტი ადამიანი.
  • ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.

XS
SM
MD
LG