Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჰმუდ აბასმა ბლინკენთან შეხვედრაზე ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა მოითხოვა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი. რამალა, 5 ნოემბერი, 2023.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი. რამალა, 5 ნოემბერი, 2023.

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა 5 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე მოითხოვა ისრაელის მიერ ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა.

ბლინკენი, რომელმაც არაერთხელ უკუაგდო ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებები, ვინაიდან, მისი თქმით, ეს „ჰამასს“ გაუწევდა დახმარებას, წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის ტურნეს მიზანია, ხელი შეუშალოს რეგიონში კონფლიქტის გავრცელებას.

ბლინკენთან შეხვედრაზე აბასმა ასევე თქვა, რომ ღაზა პალესტინის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირთან და აღმოსავლეთ იერუსალიმთან ერთად. ამის შესახებ პალესტინური სააგენტო WAFA იტყობინება.

აბასმა აღნიშნა, რომ „პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია“, რომელსაც ის ხელმძღვანელობს 2004 წლიდან, პალესტინელი ხალხის ინტერესების ერთადერთი კანონიერი წარმომადგენელია.

რამალაში ბლინკენის ვიზიტის დროს ღაზის სექტორში, ალ მაღაზის ლტოლვილთა ბანაკში, განაგრძობდნენ წუხელ ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა და გადარჩენილთა ძებნას ნანგრევებში. „ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების თანახმად, დაღუპულია, სულ ცოტა, 38 ადამიანი. ამავე უწყების თქმით, მთლიანობაში 7 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა რადიკალური დაჯგუფების ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ღაზის სექტორში დაღუპულია 9000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3700-ზე მეტი ბავშვი.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.

კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს აყვანილი.

დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.

ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.

XS
SM
MD
LG