აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა იორდანიაში მოლაპარაკებები გამართა ლიბანის დროებით პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატისთან და ეგვიპტისა და კატარის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
მიკატისთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ „იზიარებს ღრმა შეშფოთებას“ ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვრის გასწვრივ სროლის გამო და აღნიშნა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტი არ უნდა გავრცელდეს სხვა ტერიტორიებზე.
ამანში გამართული შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ აღარ შეიძლება, იმ ვითარებას დავუბრუნდეთ, რაც არსებობდა 7 ოქტომბრამდე.
სახელმწიფო მდივნის სიტყვებით, აშშ კვლავაც მხარს უჭერს პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას, მაგრამ „ყველას გვესმის, რომ სტატუს კვოსთან დაბრუნება შეუძლებელია“.
ბლინკენმა გაიმეორა, რომ აშშ აღიარებს ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას „ჰამასისგან“, მაგრამ „მან ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში“.
პარასკევს ბლინკენმა ვერ დაარწმუნა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ ჰუმანიტარული პაუზა გამოაცხადოს საბრძოლო მოქმედებებში, რათა შესაძლებელი გახდეს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა.
მაგრამ შაბათს იორდანიაში ვიზიტისას ბლინკენმა კვლავ თქვა, რომ ეწინააღმდეგება ეგვიპტისა და იორდანიის მოწოდებებს ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ.
„მოცემულ მომენტში ცეცხლის შეწყვეტა უბრალოდ დროს მისცემს ‘ჰამასს’ გადაჯგუფებისა და იმის კვლავ გასაკეთებლად, რაც მათ 7 ოქტომბერს ჩაიდინეს. სულ რამდენიმე დღის წინ ‘ჰამასის’ მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი აპირებენ 7 ოქტომბრის მოვლენები ისევ და ისევ გაიმეორონ. ამას ვერცერთი ქვეყანა ვერ დაეთანხმება,“ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აიმან საფადიმ თქვა: „ჩვენ უკვე ვიწყებთ რეგიონში სიძულვილზე დამყარებული სხვადასხვა გამოვლინების დანახვას და, სიმართლე რომ ვთქვა, ისლამოფობიისა და ანტისემიტიზმის საზიზღარი გამოვლინებებისა. ჩვენ ყველანი ვეწინააღმდეგებით ამას.“
საფადიმ დასძინა, რომ ეს არ არის რელიგიური ომი ებრაელებსა და მუსლიმებს შორის.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ სამეჰ შუქრის თქმით, ბლინკენთან მოლაპარაკებებზე მან აღნიშნა, რომ დაუშვებელია „ორმაგი სტანდარტების გამოყენება“.
შუქრის სიტყვებით, აუცილებელია დაიგმოს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები, „თუკი ეს პალესტინის საკითხს ეხება“.
„არაბული სისხლი არ უნდა ნიშნავდეს უფრო ნაკლებს, ვიდრე სხვა ხალხების წარმომადგენელთა სისხლი,“ თქვა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ის ასევე გამოვიდა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მოწოდებით „ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“.
კვირას ენტონი ბლინკენი თურქეთში გაემგზავრება ორდღიანი ვიზიტით. შაბათს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ყოველგვარ კავშირს წყვეტს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.