Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ღაზის სექტორში მილიონ-ნახევარი ადამიანი იქცა ადგილნაცვალ პირად


უცხო ქვეყნების პასპორტების მფლობელი პალესტინელები რაფაჰის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში იცდიან ღაზის სექტორის დასატოვებელი ნებართვის მისაღებად. 3 ნოემბერი, 2023.
უცხო ქვეყნების პასპორტების მფლობელი პალესტინელები რაფაჰის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში იცდიან ღაზის სექტორის დასატოვებელი ნებართვის მისაღებად. 3 ნოემბერი, 2023.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი იუწყება, რომ ღაზის სექტორის მილიონ-ნახევარმა მცხოვრებმა დატოვა სახლები და გახდა „ადგილნაცვალი პირი“. მათგან 710 000-ზე მეტი თავს აფარებს დაწესებულებებს, რომლებსაც აკონტროლებს გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა უწყება. ეს არის სკოლები და საავადმყოფოები, ასევე დროებითი ბანაკები. ისინი ყველას ვერ იტევს, ბევრი ადამიანი იძულებულია ღამე ქუჩაში გაათიოს.

ეგვიპტე კვლავაც უარს ამბობს ღაზის სექტორიდან ლტოლვილების მიღებაზე. მას შემდეგ, რაც 3 ნოემბერს რამდენიმე ასეული უცხოელი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პალესტინელი, ისევე როგორც მძიმედ დაჭრილები, შეუშვეს ეგვიპტეში რაფაჰის გადასასვლელის გავლით, საგუშაგოს დამატებით გახსნის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციებს განაგრძობენ. ჯარები ემზადებიან ქალაქ ღაზის მთლიანად ალყაში მოქცევისა და სექტორის სამხრეთ ნაწილისგან მისი მოკვეთისთვის.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ 2500 სამხედრო სამიზნე გაანადგურეს. გაზეთ Haaretz-ის თანახმად, წუხელ ისრაელის ჯარისკაცებმა გაანადგურეს „ჰამასის“ სამხედრო კომპლექსი, რომელიც მოიცავდა სამეთაურო პუნქტს და სამეთვალყურეო პუნქტებს.

ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელის ჯარისკაცების რაოდენობამ 28-ს მიაღწია.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 9448 პალესტინელი დაიღუპა სექტორში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. კერძოდ, დაახლოებით 30 ადამიანი დაიღუპა შაბათს ღამით ისრაელის მიერ სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული დარტყმის შედეგად. ამ რიცხვების დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება არ ხერხდება.

„ჰამასი“ აგრძელებს ისრაელზე თავდასხმას. საჰაერო განგაშის ხმა ისმის ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში.

შაბათს საღამოს თელ-ავივში, იერუსალიმსა და ისრაელის სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრს და მის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ იმაში, რომ ვერ აღკვეთეს 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა და საკმარისი არ გააკეთეს იმისათვის, რომ მძევლები სწრაფად გაეთავისუფლებინათ ექსტრემისტების ტყვეობიდან.

ისრაელის მემკვიდრეობის საკითხთა მინისტრმა ამიხაი ელიაჰუმ რადიო „კოლ ბე-რამასთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ღაზის სექტორი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა, საჭიროების შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენებით. ელიაჰუ ეკუთვნის მმართველი კოალიციის ულტრამემარჯვენე რელიგიურ ნაწილს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მის სიტყვებს უწოდა „რეალობისგან მოწყვეტილი“ და ის მთავრობის შეხვედრებიდან გაათავისუფლა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კვირას რამალაში შეხვდება პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, რათა განიხილოს პალესტინის ავტონომიის შესაძლო მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარებაში. აბასის ადმინისტრაცია აკონტროლებს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს და ეკუთვნის მოძრაობა „ფათჰს“, რომელიც „პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის“ ნაწილია. „ჰამასისგან“ განსხვავებით, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, „პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია“ ლეგიტიმურია და აბასის ადმინისტრაცია გაეროში წარმოადგენს პალესტინას.

7 ოქტომბერს, რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ ძალები თავს დაესხნენ სამხრეთ ისრაელს. შედეგად დაიღუპა 1400-ზე მეტი ისრაელელი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. 200-ზე მეტი მძევლად აიყვანეს და ისინი ღაზის სექტორში იმყოფებიან. ისრაელმა ომი გამოაცხადა „ჰამასის“ სრული განადგურების მიზნით.

XS
SM
MD
LG