Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ეხება


აშშ-ის კონგრესის შენობა ვაშინგტონში
აშშ-ის კონგრესის შენობა ვაშინგტონში

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატამ - მხარი დაუჭირა რესპუბლიკელების კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს „ჰამასთან“ ომში მყოფი ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევას. მათ შორის 4 მილიარდი უნდა მოხმარდეს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებას. კონგრესის ზედა პალატა - სენატი - ამ კანონპროექტის უარყოფას აპირებს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, სენატში კი - დემოკრატები.

რესპუბლიკელების ინიციატივით, წარმომადგენელთა პალატის მიერ 2 ნოემბერს 226 ხმით დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გეგმას. მან კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის.

30 ოქტომბერს რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატას შესთავაზეს მხოლოდ ისრაელის დასახმარებლად მომზადებული კანონპროექტი. მას 2 ნოემბერს მხარი დაუჭირა 12-მა დემოკრატმა კონგრესმენმაც.

სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა რესპუბლიკელი კონგრესმენების კანონპროექტს არასერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ სენატში მას მხარდაჭერა არ ექნება. იგივე პოზიცია აქვს რესპუბლიკელი სენატორების ნაწილსაც.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზადაა ვეტოს უფლებით ისარგებლოს, თუ კონგრესი დათანხმდება წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს. თუმცა სენატის პოზიციის გამო საქმე ვეტომდე არ მივა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია როგორც ისრაელის, ისე უკრაინის დახმარებას შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხად განხილავს.

31 ოქტომბერს, სენატის ასიგნებების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

  • 2023 წლის აგვისტოში, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის კიდევ 24 მილიარდი დოლარის დახმარების გასაწევად, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო.
  • პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 43,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
XS
SM
MD
LG