Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალუჟნი ასახელებს 5 ამოცანას რუსეთთან ხანგრძლივი პოზიციური ომის თავიდან ასაცილებლად


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ დაასახელა 5 ამოცანა, რომელთა შესრულება აუცილებელია, რათა რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწიოს.

გენერალი ზალუჟნი ბრიტანულ გამოცემა The Economist-ში 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ რუსეთთან ომი გადადის ახალ ეტაპზე - პოზიციურ ომზე სტატიკური და გამომფიტავი ბრძოლებით. უკრაინელი გენერალი წერს, რომ ასეთი ომი ხელს აძლევს რუსეთს და მისთვის ძალების აღდგენის საშუალებაა.

ვალერი ზალუჟნის თანახმად, ასეთ სიტუაციაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება გადამწყვეტი საბრძოლო საშუალებები და ტექნოლოგიები.

გენერალი უპირველეს ამოცანად და პრიორიტეტად ასახელებს ავიაციას, რადგან ზალუჟნის განცხადებით, რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრცეში მნიშვნელოვან უპირატესობას ინარჩუნებს და ეს ართულებს უკრაინის ძალების წინსვლას. კიდევ 4 პრიორიტეტია უკრაინის არმიის უზრუნველყოფა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, კონტრბატარეის ბრძოლა და მოწინააღმდეგის არტილერიის განადგურების პოტენციალის გაძლიერება, ნაღმების დაძლევისთვის საჭირო ტექნოლოგიები და რეზერვის გაზრდა.

გენერალი ზალუჟნი აცხადებს, რომ არ შეიძლება რუსეთის სათანადოდ ვერშეფასება, რადგან დიდი დანაკარგის მიუხედავად, კიდევ დიდხანს ექნება უპირატესობა იარაღის, ტექნიკის, რაკეტების და საბრძოლო მასალების მხრივ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი წერს, რომ უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად, რუსეთი ზრდის სამხედრო წარმოებას. წარმოება გააძლიერეს ნატოელმა პარტნიორებმაც, თუმცა, ზალუჟნის შეფასებით, მათ შედეგისთვის სჭირდებათ მინიმუმ ერთი წელი, ზოგიერთ, მაგალითად, თვითმფრინავების შემთხვევაში კი - ორი.

გენერალი ზალუჟნი აცხადებს, რომ პოზიციური ომი ხანგრძლივი ომია, რომელიც უზარმაზარი რისკის წინაშე აყენებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და სახელმწიფოს და ამ ხაფანგის დაძლევას სჭირდება უკრაინის უპირატესობა საჰაერო სივრცეში, რადიოელექტრონული და კონტრბატარეის ბრძოლის საშუალებების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, ნაღმების ახალი ტექნოლოგიები, მეტი რეზერვისტის გაწვრთნა და არმიის თანამედროვე მართვა.

XS
SM
MD
LG