Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბრაზებული და მიტოვებული? - რას წერს Time ზელენსკისა და რუსეთ-უკრაინის ომზე


"ის [ზელენსკი] საკუთარ თავს ატყუებს. ჩვენ ვერ ვიმარჯვებთ. მაგრამ სცადე, უთხრა ეს მას", უთქვამს ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდის ერთ-ერთ წევრს "ტაიმის" კორესპონდენტისთვის
"ის [ზელენსკი] საკუთარ თავს ატყუებს. ჩვენ ვერ ვიმარჯვებთ. მაგრამ სცადე, უთხრა ეს მას", უთქვამს ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდის ერთ-ერთ წევრს "ტაიმის" კორესპონდენტისთვის

მეორე დღეა უკრაინის მედიაში ციტატების სახით ქვეყნდება ამერიკულ გამოცემა Time-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის თანახმად უკრაინის პრეზიდენტი თურმე მოკავშირეებზე გაბრაზებულია, თავად კი თავს იტყუებს გამარჯვებაზე საუბრით, მაშინ როდესაც ფრონტის ხაზზე მყოფი ზოგიერთი მეთაური უარს ამბობს იერიშზე გადასვლაზე.

სტატიის ავტორი ცნობილი ჟურნალისტი საიმონ შუსტერია. დასაწყისში აღწერს ზელენსკის ბოლო ვიზიტს აშშ-ში, სადაც, სტატიის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტი თავს „მიტოვებულად და მოტყუებულად“ გრძნობდა. ასეთ მდგომარეობას ჟურნალისტთან საუბარში თავად ზელენსკი იმით ხსნიდა, რომ დაიღალა მოკავშირეების დარწმუნებით, რომ მათი დახმარებით უკრაინას შეუძლია რუსეთის დამარცხება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჟურნალ Time-ის სტატია მომხდარი მოვლენების შესახებ „კონკრეტული ჟურნალისტის სუბიექტურ მოსაზრებას წარმოადგენს“.

„ომით დაღლა ტალღასავით მოდის“

Time-ში გამოქვეყნებული სტატიის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი შეეხება უკრაინის ომისგან დასავლეთის დაღლას, რასაც აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო, სექტემბრის ვიზიტიც ცხადყოფს. უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლები თითქოსდა არ ყოფილა უწინდებურად შთამბეჭდავი. უფრო ადრე ამერიკული გამოცემებიც წერდნენ, რომ ომის პირველ წელთან შედარებით ამჯერად ზელენსკი აშშ-ში უფრო ცივად მიიღეს.

როგორც ვიზიტის შემდეგ უთქვამს ზელენსკის Time-ისთვის, იგი გრძნობს, რომ მოკავშირეებში ომის მიმართ ინტერესი შემცირდა. ზოგიერთ ამერიკელ პოლიტიკოსს პირდაპირ უკითხავს, რა ბედი ელის უკრაინას, თუ ის დაკარგავს აშშ-ის დახმარებას.

„ჩვენ წავაგებთ“, - მიუგია ზელენსკის, რომლის თქმით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ მსოფლიოს ნაწილი უკრაინის ომს მიეჩვია.

„ომის დაღლილობა ტალღასავით მოდის. თქვენ ხედავთ მას აშშ-ში, ევროპაში. და ჩვენ ვხედავთ, რომ საკმარისია ისინი [დასავლეთის ქვეყნების მცხოვრებლები] ცოტათი დაიღალონ, რომ მათთვის ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს ეს სერიალში ხდებოდეს: "მეათედ ამის ყურება აღარ შემიძლია", - უთქვამს უკრაინის პრეზიდენტს Time-თან საუბარში.

უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვის ერთ-ერთ წარმომადგენელს Time-თან საუბარში ანონიმურობის დაცვით უთქვამს, რომ უკრაინის პრეზიდენტი "მიიჩნევს, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა მას უღალატეს". ზელენსკი ფიქრობსო, რომ პარტნიორებმა უკრაინა ომის მოგების საშუალების გარეშე დატოვეს. მხოლოდ იმდენ დახმარებას უწევენ, რომ შემოტევას გაუძლოს.

სტატიაში შუსტერი ახსენებს მოსაზრებასაც, რომ უკრაინა "ვერ შეძლებს ომის მოგებას". ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვის ინკოგნიტო წევრს ასეთი რამ უთქვამს ჟურნალისტისთვის - "ის თავს იტყუებს. ჩვენ ვარიანტი არ გვაქვს. ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. მაგრამ სცადეთ და უთხარით მას ეს".

Time წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დროებითი ზავის დადებასაც კი ეწინააღმდეგება. მას ომის მოგება უკრაინული პირობებით სურს. ზელენსკის Time-თან საუბარში უთქვამს, რომ თუ უკრაინაში ვერ მოხერხდება რუსეთის შეჩერება, საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა უკრაინას გასცდეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ზელენსკის ვიზიტმა ვერ შემოაბრუნა შეერთებულ შტატებში უკრაინის მხარდაჭერის კლება. Reuters-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 41% მხარს უჭერს უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის მიწოდებას, ივნისში ეს რიცხვი 65% იყო.

უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვიდან საიმონ შუსტერს მიუღია ასევე ანონიმური ცნობა იმის თაობაზე, რომ უკრაინის ჯარები "წინ ვერ მიიწევენ", ხოლო ფრონტის ხაზზე მყოფი ზოგიერთი მეთაური უარს ამბობს იერიშზე გადასვლაზე, მაშინაც კი, თუ ეს ბრძანებები პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან მოდის.

"მათ უბრალოდ სურთ სანგრებში ჯდომა და თავდაცვითი ხაზის შენარჩუნება. მაგრამ ამ გზით ომს ვერ მოვიგებთ", - განუცხადა წყარომ Time-ს.

გამოცემის პუბლიკაციაში ნახსენებია ასევე უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. Time წერს, რომ კორუფციის პრობლემამ ბოლო თვეებში კიდევ უფრო გაართულა ზელენსკის ურთიერთობა მოკავშირეებთან. შესაბამისად, უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვისა და კორუფციაში ეჭვმიტანილი მისი თანაგუნდელების თანამდებობიდან გათავისუფლება ამერიკელების დასამშვიდებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. საუბარი სავარაუდოდ შეეხება სამხედრო უწყების მიერ გაზრდილი ფასით განხორციელებულ სხვადასხვა სახის პროდუქციის შესყიდვას, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა უკრაინაშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

საომონ შუსტერის სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ასევე მობილიზაციის მხრივ არსებულ პრობლემებზე და ხაზგასმულია ფრონტის ხაზზე უკრაინის არმიის სუსტი პროგრესი. Time-ი წერს, რომ ამის გამო მოსალოდნელია ერთი მინისტრისა და კონტრშეტევაზე პასუხისმგებელი ერთი გენერლის თანამდებობიდან გათავისუფლება. მაგრამ სტატიაში არ არის ნახსენები კონკრეტული გვარები და გათავისუფლების შესაძლო კანდიდატთა საქმიანობის სფეროები.

"არავის არ სჯერა ჩვენი გამარჯვებისა ისე, როგორც მე"

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ჟურნალ Time-ის სტატიაში წამოჭრილი პრობლემების უმრავლესობა, მომხდარი მოვლენების შესახებ კონკრეტული ჟურნალისტისა და მისი ანონიმური წყაროების სუბიექტური მოსაზრებაა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, არ გამორიცხა ფსიქოლოგიური დაღლილობის არსებობა იმ ფონზე, როდესაც უკრაინა უკვე 600 დღეზე მეტია იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

"თქვენ თვითონ გესმით, რომ თითქმის 2 წლის განმავლობაში ომის მდგომარეობაში ყოფნა საკმაოდ რთულია. თანაც უკრაინისადმი დიდი ინტერესის შენარჩუნება.

გავიხსენოთ, დასაწყისში, პირველი 3 თვის განმავლობაში, რა გიჟური ყურადღება ექცეოდა იმას, რაც უკრაინაში ხდებოდა. მაგრამ დღეს, 600 დღის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს მრავალი სხვა წერტილი მსოფლიოში, რომელსაც პოლიტიკოსები აქცევენ ყურადღებას. და ამან არ შეიძლება არ გამოიწვიოს ნეგატიური ხასიათის გარკვეული რეაქციები.

მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არის ობიექტური პროცესი და ის მუშაობას მოითხოვს. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტი აღშფოთებულია. დიახ, პრეზიდენტს სურს უფრო ეფექტური კომუნიკაციები, ფუნქციური მოვალეობების უფრო ეფექტური შესრულება, უფრო მკაფიო გაგება იმისა, თუ რა სტრატეგია გვაქვს და როგორ ხორციელდება იგი...

არის ობიექტური რაღაცები, რაზეც საჭიროა საუბარი. სხვათა შორის, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საჭიროა უკრაინისათვის ამა თუ იმ ტექნიკის მოწოდება, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინაში არის ყველა რესურსი ამ ომის სამართლიანად დასრულებისთვის. ამ მხრივ არსებობს ცოტა გაურკვევლობა, თუ რატომ ხდება ეს ასე ნელა", - უთხრა მიხაილო პოდოლიაკმა რადიო თავისუფლებას.

რა საფრთხეს შეიცავს უკრაინისათვის იარაღის მიწოდების ტემპის შენელება?

აი, რა განაცხადა ამ შეკითხვის თაობაზე რადიო თავისუფლების პროგრამა „სვობოდა LIVE”-ის ეთერში საუბრის დროს, რომან კოსტენკომ, „ვერხოვნა რადის“ ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივანმა, რომელიც დონბასში მიმდინარე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ვეტერანია: „სტრატეგია შეიძლება მოვლენათა კვალობაზე შეიცვალოს. მაგალითად, შეტევითი იარაღისათვის საკმარისი რესურსების არქონის გამო, აქტიური კონტრშეტევიდან სტრატეგიულ თავდაცვაზე გადავიდეთ. ამ საფრთხეს ვხედავ“

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სამხედროებს შორის დაპირისპირებას და მათი მხრიდან გარკვეული პირობების არარსებობის გამო, ბრძანებების შეუსრულებლობას, რომან კოსტენკო ფიქრობს, რომ ამ კითხვებს ამომწურავი პასუხი გენერალურმა შტაბმა უნდა გასცეს.

"ძნელი სათქმელია, რადგან ჩვენ ყველა ნიუანსი არ ვიცით. გენერლებს შორის ყოველთვის არსებობს დაპირისპირება მათ მიმართულებებზე საჭირო მოქმედებებთან დაკავშირებით. ერთი მხარს უჭერს შეტევის განვითარებას ერთი მიმართულებით, სხვა ფიქრობს, რომ მეტი რეზერვია საჭირო... მე უბრალოდ არ მესმის, ვისზეა საუბარი, როდესაც ამბობენ, რომ კონტრშეტევა ჩაიფუშა ან შენელდა. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი სტრატეგია. ახლა ჩვენ გვაქვს ერთი სტრატეგია - ვათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს და ვატარებთ სტრატეგიულ შეტევით ოპერაციას. დიახ, იგი ნელია, მაგრამ ყველა ის ქმედება, რომელსაც ვახორციელებთ, არის შეტევითი ოპერაცია, იმ რესურსით, რომელიც, სამწუხაროდ, გაგვაჩნია, წინ მივიწევთ და ვათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს", - ამბობს კოსტენკო.

უკრაინელი სამხედროებიც ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის ტემპი სამხრეთ მიმართულებაზე, შესაძლოა, შეიცვალოს, მაგრამ კონტრშეტევა არ შეჩერდება.

Time-ი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ძველებურად მოტივირებულია: „არავის არ სჯერა ჩვენი გამარჯვებისა ისე, როგორც მე“, - უთქვამს ზელენსკის ჟურნალისტისთვის.

საიმონ შუსტერის შესახებ:

საიმონ შუსტერისთვის ეს არ არის პირველი სტატია უკრაინის შესახებ. ცნობილია, რომ 2022 წლის აპრილში შუსტერმა ორი კვირა გაატარა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მის გარემოცვასთან. ამის შემდეგ მისი ავტორობით Time-ში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, რომელსაც ჟურნალის გარეკანზე ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო ახლდა.
2022 წლის ივლისში მან განაცხადა, რომ აპირებს გამოსცეს წიგნი სათაურით: „როცა მსოფლიო თვალს ადევნებს: ვოლოდიმირ ზელენსკი და ომი უკრაინაში“.
როგორც უკრაინული მედიის შემსწავლელი პროფილური გამოცემა „დეტექტორ მედია“ წერს, საიმონ შუსტერი მოსკოვში დაიბადა და შემდეგ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. იგი 15 წელიწადზე მეტი მუშაობდა რუსეთსა და უკრაინაში, წერდა რეპორტაჟებს ორივე ქვეყნის შესახებ.
2014 წელს დონეცკის ოლქში მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი „ბოინგის“ თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ დაწერილი სტატიის ("В России – преступление без наказания") შემდეგ, საიმონ შუსტერს აუკრძალეს რუსეთში შესვლა. იგი ცხოვრობს ნიუ-იორკში, მაგრამ ამჟამად დიდ დროს კიევში ატარებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG