Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელშეშლა შეფასდება თავისუფლების ხელყოფად - „ბულიონი“ პარლამენტთან „პროტესტს” აწყობს


ჯგუფ "ბულიონის" პერფორმანსი 2018 წელს ფრანკფურტში
ჯგუფ "ბულიონის" პერფორმანსი 2018 წელს ფრანკფურტში

1 ნოემბერს ჯგუფი "ბულიონი" თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო პერფორმანსს გამართავს. ხელოვანთა ეს შოუ იცვლება იმის მიხედვით, თუ სად იდგმება - სხვადასხვა დროს "პროტესტი" მოეწყო ბელარუსში, გერმანიაში, რუსეთსა და საქართველოში.

„ბულიონი“ იკვლევს პროტესტის წარმოშობის, პროტესტის გამოხატვისა და მისი ჩახშობის მეთოდებს.

პერფორმანსი იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობის აქტია, „ვინც უკეთესი მომავლისთვის იყენებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, გააპროტესტოს ის, რაც არ მოსწონს მაშინ, როდესაც არ უსმენენ”. არტისტები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ „პერფომანსის მსვლელობისას ნებისმიერი ფორმის ხელისშეშლა და შეზღუდვა შეფასდება როგორც შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა”.

პერფორმანსამდე ერთი დღით ადრე რადიო თავისუფლება ჯგუფ „ბულიონის“ წევრს, ნატალია ვაწაძეს ესაუბრა. ის რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოწმის სახით გამოკითხა „სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე”, რომელიც ორგანიზაცია „კანვასის“ მიერ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარებული ტრენინგის მიზანს იძიებს. გამოძიება თვლის, რომ ამ ტრენინგზე ამზადებდნენ ჯგუფს, „რომლის წევრებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში“. ნატალიას, ისევე როგორც ამ საქმეზე გამოკითხულ ყველა სხვა ადამიანს, გაუთქმელობის პირობაზე აქვს ხელი მოწერილი და არ შეუძლია საჯაროდ იმაზე საუბარი, რა კითხვები ჰქონდა მასთან გამოძიებას.

რატომ ატარებთ ამ პერფორმანსს ახლა? ეს არის რეფლექსია სუსის გამოძიებაზე?

სუსის გამოძიება იმდენად აბსურდია, არც კი ვიცი [რა ვთქვა].

რეალურად მე და ის არტისტები, ჩემი აზრით, ძალიან უმნიშვნელოები ვართ იმ ყველაფრისთვის, რისთვისაც გვიბარებენ. მგონია, რომ ამ გამოძიოების მიზანი არა ჩვენი დაშინება, არამედ ფონდებზე ზემოქმედებაა, რომლებმაც შეიძლება ჩვენ დაგვაფინანსონ. „ინდიგოს” ამბავმა* ეს კიდევ უფრო კარგად გამოკვეთა. რა თქმა უნდა, ორ კურდღელს იჭერენ: კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანების დაშინების მცდელობაცაა, მაგრამ უფრო მგონია, ეს არის ფონდების გაფრთხილება, რომ შეიძლება არ ღირდეს ჩვენთან თანამშრომლობა.

პირადად ჩემთვის ეს პერფორმანსი უფრო არის პასუხი იმ კანონზე, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო და რომლითაც იკრძალება აქციებზე კარვების და სხვა კონსტრუქციების დადგმა. ჩვენ წინა პერფორმანსზე სკამები გვქონდა გამოყენებული - ახლა შეიძლება ამის უფლება აღარ მოგვცენ.

"ბულიონის" პერფორმანსი საქართველოს პარლამენტთან. 2022 წელი
"ბულიონის" პერფორმანსი საქართველოს პარლამენტთან. 2022 წელი

მაგრამ მე მგონია, რომ გამოსავალი ყოველთვის არის და ხელოვანებს გვაქვს იმდენი ფანტაზია, რომ როცა გვზღუდავენ, ახალი ფორმები მოვიფიქროთ. რაც უფრო მეტად გზღუდავენ, მით უფრო მრავალფეროვანია გამოხატვის ფორმები. კრიზისები ზოგადად შესაძლებლობაცაა და მე არ მგონია, რომ ეს აკრძალვები ვინმეს გააჩერებს.

პერფორმანსი პარლამენტის წინ უკვე რამდენჯერმე გაქვთ გამართული სხვადასხვა ადგილას, რა იქნება ამაში ახალი?

„პროტესტი” პირველად 2016 წელს გავაკეთეთ ბელარუსში იქაური გალერეისთვის, რომელიც იყო იმ დროს ერთადერთი დამოუკიდებელი საგამოფენო სივრცე და რომელსაც ერქვა “Ў”, ეს არის ერთადერთი ასო, რაც განასხვავებს ბელარუსულ და რუსულ ენებს ერთმანეთისგან. ეს იყო ძალიან დიდი და საინტერესო გალერეა, რომლის დამფუძნებლები ღიად გამოხატავდნენ თავიანთ კრიტიკულ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. გალერეაშიც ის არტისტები იფინებოდნენ, ვინც რეჟიმს ეწინააღმდეგებოდა - მათი ნაწილი დღეს ციხეშია, ან ემიგრაციაში. თვითონ ეს გალერეაც ბერლინშია გადასული, როგორც ონლაინპლატფორმა.

ჩვენს პერფორმანსს წინ უძღოდა კვლევა იმაზე, როგორ იწყება პროტესტი, როგორ იბადება, რა ფაზებს გადის, როგორ შეიძლება ჩაახშონ და როცა არბევენ, როგორ გარბიხარ. გაქცევასაც თავისი აერობიკა აქვს. პერფორმანსშიც ეგ მოძრაობებია, რაც შეიძლება პროტესტის დროს გამოიყენო: სირბილი, სიარული, დასტვენა, ხელის აწევა - დალაგებულია ისე, როგორც პროტესტის გამოხატვისას. თავიდან დგახარ, მერე შეიძლება პლაკატები დაიკავო, დროშა გეჭიროს, მსვლელობა მოაწყო… ბოლო ვორკშოფზე, რაც საქართველოში ჩავატარეთ, დაამატეს მხუთავი გაზის გაშვების დროს ცხვირზე ხელის აფარება, რაც ჩვენ არ გვქონდა გათვალისწინებული.

პერფორმანსი "პროტესტი" ფრანკფურტში, 2018 წელი
პერფორმანსი "პროტესტი" ფრანკფურტში, 2018 წელი

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პერფორმანსში არის ის, რომ მასში ჩართული ადამიანები სულ ამატებენ ან აკლებენ რაღაცას - თანამონაწილეები და თანაავტორები ხდებიან მონაწილეები.

ეს პერფორმანსი პირველ ჯერზე ძალიან წარმატებული იყო, ძალიან მოეწონათ ბელარუსში, მაგრამ რომ დავამთავრეთ, არავინ ტაშს არ უკრავდა. მერე გავარკვიეთ, რომ ტაში ბელარუსში პროტესტის ფორმად იყო გამოყენებული და ამის შემდეგ დასჯადი გახდა. ტაშის დაკვრა პროტესტის ფორმად იქ ზუსტად ამ გალერეის მეპატრონეებმა დაიწყეს - საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებდნენ ამ ფორმით - მანქანებს აჩერებდნენ, გადმოდიოდნენ და ტაშს უკრავდნენ.

მერე 2019 წელს გვქონდა რუსეთში წაღებული, სადაც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ „გარაჟის” მიწვევით ვიყავით. სამნაწილიანი ნამუშევარი გვქონდა - „რელიგიური აერობიკა”, „პროტესტი” და „ძალოსნობის სტრატეგიები”, რომელიც სწორედ რუსებისთვის გამზადებული პოლიტიკური ტექსტი იყო. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა - პირველი ნაწილი მოეწონათ, მეორე ნაწილზე დაიძაბნენ და დაიწყო კრიტიკა, ცოტა შეურაცხყოფილადაც იგრძნეს თავი, რომ „ესენი ჩამოდიან და ჩვენ გვასწავლიან პროტესტს”, მესამე ნამუშევარზე უკვე დარეკეს და ითხოვდნენ ჩვენი კურატორის მოხსნას. სამუზეუმი სივრცეში სასტვენები, რუპორით პოლიტიკური ტექსტის კითხვა და ეს მოძრაობები ძალიან ხმაურიანად ჟღერდა. ის კრიტიკაც ვერ აიტანეს, რაც ჩვენგან მიდიოდა.

პერფორმანსი "პროტესტი" მოსკოვში, 2019 წელი
პერფორმანსი "პროტესტი" მოსკოვში, 2019 წელი

საბოლოოდ კურატორი ჩვენზე ნაწყენი დარჩა, იმის მიუხედავად, რომ წინასწარ იცოდა, რის გაკეთებას ვაპირებდით. ომის დროს ეს მუზეუმიც დაიკეტა და ყველაფერი დაშალეს, რაც შიგნით ხდებოდა.

ნაწყვეტი „ძალოსნობის ტრადიციებიდან”:
შეიძლებოდა საუბარი დაგვეწყო მადლობებით, გვესაუბრა ქვეყნებს შორის მეგობრობაზე, კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის მრავალწლიან ისტორიაზე, დიდებულ და მნიშვნელოვან დღეებზე წარსულიდან და აწმყოდან, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოხდება აქ და დღეს. ეს შესაძლოა მოხდეს მრავალი წლის შემდეგ, თუკი ასეთი ისტორია დაიწერება.
გაგიგიათ „მცოცავი ოკუპაციის“ შესახებ? ეს არის მოვლენა, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ჯარი ყოველდღიურად ათ-ათი, ოც-ოცი მეტრით მოდის წინ, თან მავთულხლართებს ავლებს და გეუბნება - ახლა აქაა საზღვარიო. იქ მცხოვრები გლეხები იძინებენ, იღვიძებენ და ერთ დღესაც აღმოაჩენენ, რომ მავთუხლართები მათ სახლს გასცდა და ახლა ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რუსი ჯარისკაცები კი ეუბნებიან - იქით გადასვლა არ შეიძლება, ახალი საზღვარიაო. ეს გრძელდება მუდმივად. ეს ხდება ახლაც, ამ წუთებშიც, როცა ჩვენ აქ ვართ.
ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვინარჩუნებთ თავისუფლებას და მუდმივად ვაფართოებთ მას. ნებისმიერ ჩინოვნიკს, რომელიც ადამიანების ღირსებას ეხება, დაუყოვნებლივ ვუშვებთ ისტორიის სანაგვეზე. ჩვენს ქვეყანაში ჰომოფობია და ქსენოფობია სირცხვილად ითვლება, პრეზიდენტს ან ნებისმიერ პოლიტიკოსს რამდენსაც გვინდა იმდენს ვაგინებთ, როცა ის ამორალურად მოიქცევა. თუ პოლიცია მშვიდობიან აქციაზე ძალადობს, მათაც სანაგვეზე ვისტუმრებთ. მარიხუანის მოწევისთვის ციხეში აღარ ვსვამთ ადამიანებს და ქრთამს აღარ ვიხდით თავისუფლების ძიებაში. თქვენთან ეს ყველაფერი არ მოსულა. ჩვენ ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. ამიტომ არ გვინდა მონობა.
გვინდა იცოდეთ, რომ ნამდვილი საქართველო იმ ხალხის საქართველოა, ვისაც მონობაში ცხოვრება არ შეუძლია. ვისთვისაც ნებისმიერი ადამიანი ყველა სხვა ადამიანის თანასწორია. ვინც გულწრფელ და პირად მეგობრობას ვადაგასული ადამიანების გეოპოლიტკურ თამაშებზე მაღლა აყენებს. თუ თქვენც გიყვართ თავისუფლება, მაშინ გეპატიჟებით საქართველოში დაუვიწყარი თავგადასავლების საძიებლად. ხოლო მათაც, ვინც თავისუფლებას საბჭოთა ნოსტალგიას ამჯობინებს, ძველი ქალაქის იაფფასიან რესტორნებთან მდგარი ქალები დაუზარებლად მიაძახებენ: заходите к нам, у нас есть хороший хачапури, хинкали, вино..

ქართველი არტისტების რუსეთში წასვლას ყოველთვის მოსდევს კრიტიკა - ბევრი თვლის, რომ იქ გამოფენა მიუღებელია და გაუმართლებელი, თქვენ იზიარებთ ამ პოზიციას?

ძალიან არ მომწონს დამოკიდებულება, რა უნდა გავაკეთოთ ხელოვანებმა და რა არ უნდა გავაკეთოთ. თუ გაქვს სათქმელი და იცი, რისთვის მიდიხარ, ყველგან შეიძლება წახვიდე. მე იქ ქართული ცეკვით და მუსიკით არ წავსულვარ - პრინციპულად მოვითხოვეთ, რომ ქართულ ენაზე უნდა გვქონოდა პერფორმანსი და ეს იქნებოდა მკაცრად კრიტიკული.

ჩვენ სანამ წავიდოდით, ანდრო ვეკუას ჰქონდა ნამუშევარი „დელფინი შადრევანში” წაღებული მოსკოვში, რომელიც დიდი ხმაურის ფონზე გამოიფინა რუსეთში და ძალიან კრიტიკული იყო. ეს რომ ვნახე, ძალიან მომეწონა და მაშინ დავიწყე ფიქრი იმაზე, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ჩვენ იქ.

რა განასხვავებს ქართულ პროტესტს სხვა ქვეყნების პროტესტებისგან?

ჩვენ ძალიან ემოციური ხალხი ვართ და საერთოდ, ჩვენი ისტორია რომ აიღო, პროტესტის ისტორიაც გამოვა.

პროტესტი იყო 1924 წლის აჯანყება და მისთვის მზადება, 1956 წელს გავაპროტესტეთ, როცა ძალიან რთული იყო შენი უკმაყოფილება გამოგეხატა, 1978 წელსაც გავაპროტესტეთ და დავიცავით ქართული ენა, 1989 წელს უზარმაზარი პროტესტი იყო - ჩვენი ყოველდღიურობაა პროტესტი და ვიღაც რომ ცდილობს ამის ჩახშობას, არ მგონია, გამოუვიდეს.

რაღაცას რომ აკავებ, ბოლოს უფრო დიდი ძალით გამოასხამს. ისეთი საზოგადოება ვართ, რომ შეიძლება შეგაწუხოს ინფანტილურობამ, სიჩუმემ და უცბად რაღაც პატარა მარცვლის გამო შეიძლება ისეთი ქარიშხალი დატრიალდეს, როგორც მარტის აქციებზე იყო. იმ დღეებში რეგულარულად სამას კაცზე მეტი ალბათ არც ერთ დღეს არ იდგა პარლამენტთან და უცბად ვნახეთ, რაც მოხდა.

პროტესტი ჩნდება მაშინ, როცა ვიღაცეები არ გისმენენ და გჯერა, რომ რასაც შენ ამბობ, ის არის სიმართლე, სწორ მხარეს დგომა. მით უფრო დღეს, როცა, მაგალითად, ჩვენ ვსაუბრობთ კულტურის სფეროზე და ამ სექტორში პრობლემებს ვაპროტესტებთ, ვიცით, რომ ერთ მხარეს დგანან პროფესიონალები და მეორე მხარეს - ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აფუჭებენ და შენი პროტესტი, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია.

"ბულიონის" პერფორმანსი ხელოვნების მუზეუმთან, რომლის ისტორიული შენობის ბედიც ამ დრომდე გადაუწყვეტელია. კულტურის სამინისტრო ამ ავარიული შენობის აღდგენას "არარენტაბელურად" მიიჩნევს. 2021 წელი
"ბულიონის" პერფორმანსი ხელოვნების მუზეუმთან, რომლის ისტორიული შენობის ბედიც ამ დრომდე გადაუწყვეტელია. კულტურის სამინისტრო ამ ავარიული შენობის აღდგენას "არარენტაბელურად" მიიჩნევს. 2021 წელი

თუმცა, საზოგადოების ნაწილი დარდობს, რომ მოქალაქეები უფრო და უფრო იშვიათად გამოხატავენ ხმამაღალ პროტესტს და აქციაზე ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები დადიან, თქვენც გაქვთ ეს განცდა?

არა. მგონია, რომ ხელოვნურად ცდილობენ ამ შთაბეჭდილების შექმნას იმისთვის, რომ დავიჯეროთ, არაფერი გამოგვივა, უმეტესობას მოსწონს, რაც ქვეყანაში ხდება. ზოგადად პროტესტს მუხტი სჭირდება, რაც ასე მარტივად არ ჩნდება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანების გულებში არ არსებობს პროტესტი.

პროტესტი სულ არსებობს და მე მჯერა, რომ ერთი ადამიანის პროტესტსაც შეუძლია რევოლუციების მოწყობა. ისიც მჯერა, რომ პროტესტის განადგურება და მოკვლა შეუძლებელია. ირანშიც კი ვერ ჩაახშეს პროტესტის მუხტი, სადაც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ებრძვიან ყველანაირ კრიტიკულ აზრს და საპროტესტო ქმედებას.

არც ის განცდა გაქვთ, რომ პროტესტის ფორმები დაბლაგვებული და გაცვეთილია?

ფორმების ძიება მუდმივი პროცესია. როცა იცი, რომ ხელისუფლება მუდმივად თავებს ითვლის და შენ შეიძლება ბევრი ხალხის მობილიზება და დიდი მუხტის აგორება ვერ მოახერხო, ამ დროს შეიძლება ასეთი პერფორმანსი იყოს კარგი გამოსავალი. თუ გახსოვთ კოტე ჯინჭარაძის პერფორმანსი - წყლის ნაყვა, ეგ იყო მაგის საუკეთესო მაგალითი.

თბილისში კანცელარიის შენობასთან მუშათა უფლებების დასაცავად მოწყობილი პერფორმანსი "წყლის ნაყვა". 2014 წელი
თბილისში კანცელარიის შენობასთან მუშათა უფლებების დასაცავად მოწყობილი პერფორმანსი "წყლის ნაყვა". 2014 წელი

ზოგადად, იმ რეალობაში, რაშიც ჩვენ ვართ, ერთი ადამიანი რომ დგას და პროტესტს გამოხატავს, ხელისუფლებისთვის უკვე დისკომფორტია. თუ ჩვენი პროტესტი იქნება ყოველდღიურობა, ეს უფრო გახსნის თემებს, რაც გვაბრაზებს და რაც ჩვენს უკმაყოფილებას იწვევს. იმდენად არის სხვადასხვა უმნიშვნელო თემებით გადაფარული საინფორმაციო ველში ის, რაც ქვეყანაში ხდება და რაც გვაწუხებს, მგონია, რომ ამაზე მუდმივი ლაპარაკი და მოქმედებაა საჭირო.

შეიძლება თქვენს პერფორმანსს შემოუერთდეს ნებისმიერი, ვინც წარმოდგენის დროს შეიძლება პარლამენტთან აღმოჩნდეს?

კი, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება უფრო მეტი პოლიციელი, ვიდრე მოქალაქე, როგორც ზოგადად არის ხოლმე აქციებზე ამ ბოლო დროს. ჩვენ სრულიად მშვიდობიან პროტესტს ვაკეთებთ, მაგრამ მათთვის ესეც მიუღებელია. ნებისმიერი კრიტიკა მიუღებელია. ერთადერთი, რისი უფლებაც გვაქვს, ტაშის დაკვრაა, მაგრამ რაღაც დროის მერე შეიძლება ტაშის დაკვრაც პროტესტად იქცეს, როგორც ეს ბელარუსში მოხდა.

*ჟურნალ „ინდიგოს“ ბოლო ნომრის პრეზენტაციის თაობაზე, რომელიც საქართველოში პროტესტის ისტორიას შეეხებოდა, არაერთი კომენტარი გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელევიზიების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვების პასუხად ისინი ამბობდნენ, რომ „შემაშფოთებელი იყო“ დისკუსიის სათაური, სადაც სიტყვა „პროტესტი” ფიგურირებდა და ამაზე „ყველას უნდა ჰქონოდა რეაგირება“ იმიტომ, რომ „ქვეყანაში საზოგადოებას სიმშვიდე და მშვიდობა სურს".

XS
SM
MD
LG