Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქებში არმიიდან დემობილიზაციის მხარდამჭერი აქციები გაიმართა


უკრაინის დამცველთა მარში უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. კიევი, 2021 წლის 24 აგვისტო, საილუსტრაციო ფოტო
უკრაინის დამცველთა მარში უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. კიევი, 2021 წლის 24 აგვისტო, საილუსტრაციო ფოტო

27 ოქტომბერს უკრაინის ბევრ ქალაქში გაიმართა სამხედროების დემობილიზაციის მხარდამჭერი აქციები. ადგილობრივი ტელეგრამის არხების თანახმად, აქციები კერძოდ გაიმართა კიევში, ოდესაში, ვინიციაში, სუმიში, კრივოი როგში, ტერნოპოლში, ზაპოროჟიესა და რიგ სხვა ქალაქებში.

სამხედრო მოსამსახურეების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა უკრაინის ხელისუფლებას მობილიზაციისთვის ჯარში სამსახურის "კონკრეტული პირობების" შემუშავებისკენ მოუწოდეს. ისინი ჯარში როტაციას და 18-თვიანი სამსახურის შემდეგ დემობილიზაციის შესახებ კანონის მიღებას ითხოვდნენ.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სამხედრო სარდლობისადმი კოლექტიური მიმართვა მოამზადეს.


"ჩვენი ნათესავები ფრონტზე 24 თებერვლიდან არიან. ბევრი სამხედრო მოსამსახურე არასოდეს ყოფილა სახლში. მათი ოჯახები იღვიძებენ და იძინებენ მხოლოდ ერთი ფიქრით, რომლის გაგონებაც სურთ: მე ცოცხალი ვარ, სახლში მივდივარ", - განაცხადა კიევში აქციის მონაწილე ანასტასია ჩუვაკინამ.

აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათ აღელვებთ სამხედროების მორალური და ფიზიკური მდგომარეობა, რადგან ბევრი დამცველი 18 თვის განმავლობაში, დასვენების გარეშე, იმყოფება ფრონტზე.

საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეს გამოცხადდა და მას შემდეგ ორივე მათგანის მოქმედება რამდენჯერმე გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG