ამერიკელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სირიის აღმოსავლეთში მდებარე ორ ობიექტზე. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით, 26 ოქტომბერს თავდაცვის მიზნით განხორციელებული დარტყმების სამიზნე იყო ობიექტები, რომლებსაც იყენებდნენ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები.
ოსტინის თანახმად, მაღალი სიზუსტის დარტყმები იყო პასუხი სირიასა და ერაყში მყოფ ამერიკულ კონტინგენტზე 17 ოქტომბრიდან დაწყებულ, ძირითადად, წარუმატებელ თავდასხმებზე. აშშ ამ თავდასხმებში ადანაშაულებს ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს. პენტაგონის ინფორმაციით, თავდასხმებისას გულის შეტევით გარდაიცვალა 1 ამერიკელი სამოქალაქო პირი, რომელიც სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მუშაობდა და მსუბუქად დაშავდა 21 ამერიკელი სამხედრო.
თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, პრეზიდენტის უმთავრესი პრიორიტეტი ამერიკული პერსონალის უსაფრთხოების დაცვაა, ამიტომ მისი ბრძანებით განხორციელებული დარტყმა იყო ნათელი გზავნილი, რომ აშშ არ მოითმენს თავდასხმებს და დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს და ინტერესებს.
ლოიდ ოსტინის თანახმად, აშშ-ს არ სურს კონფლიქტი და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა, მაგრამ თუ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები თავდასხმებს გააგრძელებენ, აშშ უყოყმანოდ მიიღებს საჭირო ზომებს საკუთარი ხალხის დასაცავად.
ამასთან, თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სირიაში მდებარე ობიექტებზე დარტყმები გამიჯნულია ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტისგან და არ ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა პოზიცია შეცვალა. ოსტინის განცხადებით, აშშ ისევ დაჟინებით მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს და არასახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, უარი თქვან ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, გაცილებით ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს.
ერაყსა და სირიაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმები გახშირდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაწყებული ომის შემდეგ.
ერაყში იმყოფება 2500 ამერიკელი სამხედრო და კიდევ 900 მეზობელ სირიაში. ამერიკელები ადგილობრივ ძალებს ეხმარებიან ბრძოლაში ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რომელმაც 2014 წელს დაიპყრო ამ ქვეყნების ნაწილი.